"იმ "პაკაზუხა" ჯაჭვის შესავსებად იძულებული გახდნენ "ქათმებში" ციხის თანამშრომლები ჩაეყენებინათ" - კვირის პალიტრა

"იმ "პაკაზუხა" ჯაჭვის შესავსებად იძულებული გახდნენ "ქათმებში" ციხის თანამშრომლები ჩაეყენებინათ"

"პატიმარი სასჯელის მოხდამდე სამი დღით ადრე შეიწყალეს(?!)"

"20 წელიც რომ მომისაჯონ, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ"

ციხეებში არსებულ ძალადობაზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობს, არადა, პატიმრების ყოფა იმდენად გაუსაძლისია, რომ  მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ამის დაფარვა შეუძლებელია. მოგეხსენებათ, ცეცხლი თივაში არასოდეს იმალება.

ნელი გიგაური: - ჩემი ვაჟი, მამუკა გიგაური, 19 ნოემბერს პრეზიდენტის შეწყალების აქტით გამოუშვეს ქსნის საპყრობილიდან. 4 წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი. სასჯელის ვადა სამ დღეში, 22 ნოემბერს ეწურებოდა. მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლება, არავის არაფერი შეუტყობინებია, რის გამოც ციხის კართან ვერ დავხვდი. მამუკას ჩემი დის ქმართან დაურეკავს, გზის ფული არა მაქვს და ვერ მივდივარ სახლშიო. ჩემს სიძეს უთქვამს, საჩხერეში ჩამოდი, მე გადაგიხდი გზის ფულსო. ასეც მოიქცა, მერე საჩხერიდან შინ, ზესტაფონში ჩამოვიდა.

მოულოდნელად იარაღი მომთხოვა, რომ მოგაბარე, სასწრაფოდ მომეციო. არადა, არასოდეს ჰქონია. უცნაურად იქცეოდა, ხელში გათავისუფლების საბუთები  ეჭირა და ყვიროდა, რისთვის დამიჭირეს,  ტყუილად რატომ ვიჯექი ციხეში ამდენ ხანსო? გააფთრებულმა აირბინა კიბე და სანამ აზრზე მოვიდოდი, სახლი უკვე იწვოდა. სულ დაიფერფლა ყველაფერი.(?!)

KvirisPalitra.Geხანძარი რომ გაჩნდა, პატრულსა და სახანძროს გამოუძახეს მეზობლებმა. ჩემი შვილი რაიონის ფსიქიატრმა გასინჯა და მითხრა, ხონის  ფსიქიატრიულში წაიყვანეთ, მძიმე მდგომარეობაშიაო. იქ მართლაც მწვავე შიზოფრენია დაუდგინეს.

მეუღლე 14 წელია დაღუპული მყავს. თავად ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, უფროსი შვილი ცერებრალური დამბლით მყავს დაავადებული, ამიტომ ხშირად ვერ ჩავდიოდი ქსანში შვილის სანახავად. ბოლოს ივნისში ვნახე და შევამჩნიე, ძალზე აგრესიული იყო. ზედამხედველს ვკითხე, არ მომწონს მამუკა, ასე იქცევა საერთოდ-მეთქი? როგორ გეკადრებათ, ასე რომ იქცეოდეს, აქ ვინ გააჩერებდა, ახალ ციხეში გადაიყვანდნენო.

ადმინისტრაციისთვის მინდოდა მიმემართა, მაგრამ 102-ე ვიყავი რიგში და სამუშაო საათების შემდეგ ვერავინ ვნახე. მე კი რაიონში ვიყავი დასაბრუნებელი. საწყალი ადამიანის ამბავი ხომ იცით, რასაც ეტყვიან, ყველაფრის სჯერა.

მე ვინ შემახედებდა, ციხეში რა ხდებოდა? ასეთ ავადმყოფს როგორ აჩერებდნენ? ის მაინც შეეტყობინებინათ, რომ მძიმედ იყო ავად, პირდაპირ წავიყვანდი სამკურნალოდ და უსახლკაროდ აღარ დავრჩებოდი. ვინ აგებს ჩემი ოჯახის ტრაგედიაზე პასუხს? სად ვეძებო სამართალი? ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი განუკითხაობა იყო ციხეებში, ან ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე შეწყალება რაღა იყო? თანაც, სასტიკად არის ნაცემი.

თვითონაც ამბობს, მცემდნენო. როგორც ექიმმა მითხრა, დაავადება შეიძლება ტრავმითაც იყოს გამოწვეული, ამის დადგენა აუცილებელია, რომ სწორად უმკურნალონ. ის არ შემატყობინეს, შიზოფრენიით რომ იყო ავად და იმას მეტყვიან, სცემდნენ თუ არა?

ილია წურწუმია, ყოფილი პატიმარი: - ციხეებში ფსიქიკურად დაავადებული ბევრი პატიმარია, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია ყურს არ იბარტყუნებს. პატიმრების უმიზეზოდ და უმოწყალოდ ცემა ხომ ჩვეულებრივი ამბავია. თავადაც იმდენჯერ მცემეს, სათვალავი ამერია. ყველა გადაყვანა-გადმოყვანაზე მცემდნენ.

- ურჩობდით?

- არა, წესია ასეთი. აშავებ თუ არა, მაინც გცემენ! მოგეხსენებათ, პატიმრები ერთი დაწესებულებიდან მეორეში ეტაპით გადაჰყავთ.

ბადრაგის მანქანიდან ჩამოხვალ თუ არა, ეგრეთ წოდებული კორიდორი უნდა გაიარო. კორიდორში სიგრძეზე ერთმანეთის პირისპირ დგება ასე 20-30 რკინისა და პლასტმასის ხელჯოხებით შეიარაღებული სპეცრაზმელი და გავლისას გამეტებით გირტყამენ. უფრო ხშირად ოფიცრები აკეთებენ ამ საქმეს.

ზუგდიდის ციხეში მასწავლეს, სქლად ჩაიცვი და სწრაფად ირბინე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოგხვდესო, მაგრამ ვერ მოვასწარი გაქცევა, რადგან კორიდორის თავში ქუთაისის ციხის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია დამხვდა და ისე ჩამაფარა სახეში, რომ გავითიშე, მერე კი ოცი კაცი წიხლებით შემდგა. კორიდორს ვინ გაკმარებს, ბოქსებში სათითაოდ გაჰყავთ პატიმრები და სცემენ. გცემენ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუნდებათ.

- უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ბოლოს და ბოლოს, სახალხო დამცველი ხომ არსებობს?

- იშვიათი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური პარტიები იქნება თუ არასამთავრობო სექტორი, პატიმრების თემა მხოლოდ პიარისთვის სჭირდებათ. სახალხო დამცველი კი  არსებობს ამ ქვეყანაში?

იმ პოლიტპატიმრებმა, გიორგაძის მომხრეებს რომ ეძახიან,  ერთადერთი შეკითხვა დაუსვეს, არიან თუ არა ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრებიო და სად წასულიყო კაცი, არ იცოდა. საქმეში ჩახედული არა ვარ, ოფიციალურად პასუხს მოგწერთო, იყო მისი პასუხი. ამისთანა სახალხო დამცველის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს პატიმარს? ბევრი ვერც ბედავს თქმას, მცემენო.

ნამყოფი ვარ იმ ჯოჯოხეთში და კარგად ვიცი, რაც ხდება. როცა პატიმრის გასაჩუმებლად უამრავი მექანიზმია, როცა პატიმარს არავის და არაფრის იმედი არა აქვს, იტყვის სიმართლეს?

- მაინც რა მექანიზმები აქვთ?

- ზეწოლა, პროვოკაცია. არავის უნდა სასჯელზე კიდევ 10-10-წლიანი პატიმრობის დამატება ურჩობისთვის.

- ამბობენ, რომ ციხეში მაყურებლები ისევ არიან, თანაც საკმაოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

- მაყურებლობას იბრალებენ, თორემ მაგათივე ნომრიანი თანამშრომლები არიან. ის დაუწერელი კანონი, რაც ციხეებში ძველად მოქმედებდა და კაცურ და ადამიანურ პრინციპებსაც გულისხმობდა, მოაშთეს და ეგრეთ წოდებულ მაყურებელს მხოლოდ სიბინძურის საკეთებლად იყენებენ. ნამდვილ მაყურებელს ათ დღეზე მეტხანს არავინ აჩერებს ციხეში, მალევე გადაჰყავთ კრიტში.

შიმშილობა დავიწყე იმისთვის, რომ მეზობელ საკანში ერთი პატიმარი სიკვდილის პირას იყო და საავადმყოფოში არ გადაჰყავდა ადმინისტრაციას. ჯერ ციხის უფროსთან შემიყვანეს, რას ბედავ, ჭკუით იყავი, თორემ ძალით გაგაჩერებთო. იქიდან გამოსულს მაყურებელმა გამირჩია საქმე. ვუთხარი, რა მაყურებელი ხარ, შენ რა უფლებით მეუბნები, რომ გავჩუმდე, კაცი კვდება მეზობელ საკანში-მეთქი. მე აქ, ძმაო, "პალაჟენია" მიფუჭდებაო.

გეგუთის კოლონიაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამთავრობო ტელეკომპანიის წარმომადგენლები და დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მოვიდნენ. პატიმრებს ხელისუფლების მხარდასაჭერი ჯაჭვი უნდა გაეკეთებინათ და ეს ტელევიზიებს უნდა გაეშუქებინათ. სწორედ მაყურებელი ყვიროდა ეზოში, გამოდით, ჯაჭვი გააკეთეთ, ქურდებმა დაგვირეკესო.

იციან, ვერავინ ვერაფერს გადაამოწმებს და ყველაფერზე გაიძახიან, ქურდებთან შეთანხმებული ვართო. კაციშვილი არ გასულა "ქათმების" გარდა. სიცილით კვდებოდნენ პატიმრები, ჯაჭვის შესავსებად იძულებული გახდნენ "ქათმებში" ციხის თანამშრომლები ჩაეყენებინათ. ასე რომ, იმ გაპიარებულ ჯაჭვში ერთად იდგნენ "ქათმები" და ციხის თანამშრომლები.

გეგუთის კოლონიაში ერთი პატიმარი იჯდა. ადმინისტრაციას შეუთვალა, ჩვენ ჩვენს ორი დღის ულუფა პურზე ვიტყვით უარს და ლტოლვილ ქალებსა და ბავშვებს გაუგზავნეთო. კოლონიაში 1500 კაცი იჯდა, 3000 პურზე იყო ლაპარაკი. ამის უფლება არ მისცეს პატიმრებს, შოუ კი მოაწყვეს, თითქოს პატიმრები ხელისუფლების მხარდამჭერ ჯაჭვში ჩადგნენ.

20 წელიც რომ მომისაჯონ, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ. მე თუ მკითხავთ, პურის აქციის შემთავაზებელი პატიმარი უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მგონია, ვიდრე ხელისუფლება, რომელიც იმ მძიმე დღეებში "პაკაზუხას" აწყობდა ტელეკამერების წინ...

ქუთაისის ციხის რეჟიმის უფროსი დათო ნარსია სულ მთვრალია. კაცი ყოველდღე ჩადის კარცერში, რომ რომელიმე პატიმარი კარგად დაჟეჟოს. ამის მერე მშვიდდება მხოლოდ.  გადახედეთ სტატისტიკას, რამდენმა პატიმარმა მოიკლა თავი ციხეში, - 99% ცემაში შემოაკვდათ. მერე ჩამოჰკიდებენ, ვითომ თავი ჩამოიხრჩო.

გელა ნიკოლეიშვილი, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი მდივანი: - შიზოფრენიის მძიმე ფორმით კი არა, მსუბუქი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ციხეში გაჩერებაა დანაშაული. ეს მიუთითებს, რომ პატიმრებს არც გამოკვლევები უტარდებათ და არც მკურნალობა. შეუძლებელია ქსნიდან ზესტაფონამდე დამართოდა შიზოფრენია. შეიძლება  ტრავმა მიიღო, რადგან ციხეში ცემა და არაადამიანური მოპყრობა ჩვეულებრივი ამბავია. უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს, რადგან ციხეში რჩებიან და იციან, სასტიკად დაისჯებიან.

კაპრალი ნადიმ ცეცხლაძე საღ-სალამათი შევიდა ციხეში და იქიდან მისი ცხედარი წამოასვენა ოჯახმა.

უმოწყალოდ ნაცემი კარგა ხნის შემდეგ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. როცა ამქვეყნიური პირი აღარ უჩანდა, სასწრაფო წესით გადაუვადეს სასჯელი და გამოაცხადეს, აღარ არის პატიმარიო. ბადრაგი მოუხსნეს და ოჯახის წევრებს უთხრეს, წაიყვანეთო, მაგრამ ვერც მოასწრეს წამოყვანა, მეორე დღესვე გარდაიცვალა. სამაგიეროდ, ცეცხლაძის სიკვდილი არ დაეწერა სასჯელაღსრულების სამინისტროს და დაიწერა, თითქოს ცოცხალი გაუშვეს ციხიდან. მეტიც, ცინიკური კომენტარი გააკეთეს, ნადიმ ცეცხლაძე გარდაცვალების დროს პატიმარი აღარ იყოო.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს ციხეში პატიმრების ცემის ფაქტებს(?). რაც შეეხება მამუკა გიგაურის შემთხვევას, სიტუაციაში გაურკვევლობის გამო, კომენტარისგან თავი შეიკავა.

სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტისა და სიმხდალისა.

ჰელვეციუსი