"ანრი ოხანაშვილს ჩემი მაგიდიდან დავუძახე, შენ ხარ სამშობლოს მოღალატე-მეთქი... გასვლისას მომაძახა, გაჩვენებ ვინ ვარ და რას დაგმართებო" - კვირის პალიტრა

"ანრი ოხანაშვილს ჩემი მაგიდიდან დავუძახე, შენ ხარ სამშობლოს მოღალატე-მეთქი... გასვლისას მომაძახა, გაჩვენებ ვინ ვარ და რას დაგმართებო"

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მას შეაგინა და დაემუქრა. აღნიშნულის შესახებ ვახტანგ რობაქიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ მან შესაძლოა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას მიმართოს.

რობაქიძემ, რომელსაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პენიტენციური დაწესებულება წუხელ დატოვა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, იმ მომენტში, როცა ინციდენტი მოხდა, მას ოხანაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი არასრულწლოვანი შვილები არ დაუნახავს.

"ანრი ოხანაშვილი შვილებთან ერთად რომ იყო, არ დამინახავს. ის რამდენიმე მაგიდით იყო ჩემგან დაშორებული, დაჯდომისთანავე პირდაპირ ანრი დავინახე, მის მაგიდასთან არ მივსულვარ და არ მიმიმართავს, ჩემი მაგიდიდან დავუძახე, შენ ხარ სამშობლოს მოღალატე-მეთქი. კაფეში ბევრი ადამიანი იყო და პირადად ანრი ოხანაშვილს მივმართე. ის ჩვენებაში იმასაც მიუთითებს, ჩემს შვილებსაც და მეუღლესაც ემუქრებოდაო. სულ არ ვიცი ანრის შვილები, მეუღლე ჰყავს თუ არა. გინებაზე გადავიდა ჩემი მისამართით. მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ან მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. გასვლისას მომაძახა, მე გაჩვენებ შენ ვინ ვარ და რას დაგმართებო. ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ძალადობრივი მეთოდებით დამაკავეს", - განაცხადა რობაქიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა, თავადაც მიმართოს გამოძიებას ოხანაშვილის წინააღმდეგ, რობაქიძე აცხადებს, რომ ამას იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, თუმცა, აღნიშნულს არ გამორიცხავს.

"შეიძლება ასეც მოხდეს, არ გამოვრიცხავ, იურისტებთან ერთად გავივლი ყველაფერს. დღეს გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, დეტალურად შეისწავლიან ინციდენტს, დაწყების მომენტიდან. ასევე ვასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც, ასევე ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დღეს უნდა ჩამიტარონ სამედიცინო ექსპერტიზაც დაზიანებასთან დაკავშირებით. დაზიანება პოლიციაში ერთ-ერთმა პირმა მომაყენა, ჩემ მიმართ განყოფილების უფროსი ძალიან აგრესიული იყო.

გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ვინ აყენებდა პოლიციას ამ მდგომარეობაში", - განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"