"ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და..." - კვირის პალიტრა

"ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და..."

ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ამ პრობლემებს იუსტიციის სამინისტრო ვერ უარყოფს, რადგან არსებობს ოფიციალური კორესპონდენცია, სადაც ამ პრობლემებს ადასტურებს. ნინო ლომჯარია ელოდება, რომ დღეს იუსტიციის მინისტრი ამის მოგვარების გზებზე ისაუბრებს.

"ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში 4 ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია, თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას. ჩვენ გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში, როცა სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ე.წ. მაყურებლების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და 3 პატიმრის გარდაცვალება სწორედ ასეთი გარჩევების დროს, ამიტომ ის ე.წ. წესრიგი ძალიან მყიფეა დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში, ძირითადად, ასეთი ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს და ნებისმიერ დროს ადმინისტრაციამ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სიტუაციაზე", - განაცხადა ლომჯარიამ.

"ინტერპრესნიუსი"