ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი: "ვითხოვთ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას"
22-01-2020
ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი: "ვითხოვთ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას"
ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს. ორმა ინსტანციის სასამართლომ პროკურატურას არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გასცა ორ განაჩენში. უმარავი არგუმენტი მაქვს ჩემ საკასაციო
საჩვარში იგივე დანისა და ჭრილობის პარამეტრებთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ფარულ აუდიო ჩანაწერს. ძალიან ბევრი ფაქტის, არგუმენტისა და მტკიცებულების ერთობლიობა მაქვს იმისათვის, რომ ჩემი პოზიციის სიმართლე ვამტკიცო", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

მისივე განმარტებით, გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.

"მე ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას, რაც სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ გ.ბ.-ს დადუნაშვილისთვის მიყენებული აქვს კონკრეტული ჭრილობა წელის არეში. ამას არც თავიდან უარვყოფდით. ამის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ეს ჭრილობა არის მიყენებული და არა სასიკვდილო ჭრილობა, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის, ფარული ჩანაწერი, რაც სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარეს და მეც დავეთანხმები, სადაც გ.ბ. ამბობს, რომ დანის პირზე დავადე ხელი, რომ ჩემ მიერ მოქნეული დანა ღრმად არავის მოხვედროდაო. ეს არ არის მხოლოდ ფრაზები, ეს დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით, სადაც გ.ბ.-ს ნამდვილად მარჯვენა ხელის მეორე თითზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც ხელი დანაზე ჰქონდა მოკიდებული.
არსებობს კონკრეტული მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მან დაინახა დანა, რომელიც ვერცხლისფრად პრიალებდა, საქმეში კი ნივთმტკიცება შავი ფერისაა", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები