"გოგა, ძვირფასო, შენ ჩააფლავე ეს სფერო!" - კვირის პალიტრა

"გოგა, ძვირფასო, შენ ჩააფლავე ეს სფერო!"

"მომღერალს სატყეო სფეროს აღორძინება მოსთხოვო, ცოტა უხერხული ხომ არ არის?"

ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამო 17 დეკემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამ სტრუქტურაში ორგანიზებული კორუფციისა და ფულის გათეთრების სქემა გაშიფრეს.

ოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში მინისტრის ბიძაშვილი პაპუნა ხაჩიძე და მისი თანამშრომელი გიორგი ბაღათურია ბოროტად იყენებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზარალმა 2.700.000 ლარი შეადგინა. გიორგი ბაღათურიას ორი კომპანია დეიდის სახელზე ჰქონდა გაფორმებული, სწორედ ეს ორი კომპანია ატარებდა ტყეების ინვენტარიზაციას და ამზადებდა გეგმას ლიცენზიით ტყის სარგებლობისათვის. ბაღათურია დანაშაულს აღიარებს, პაპუნა ხაჩიძე კი დუმილის უფლებას იყენებს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გოგა ხაჩიძეს პაპუნა ხაჩიძის დაკავების თაობაზე კომენტარის გაკეთება, როგორც ამბობს, არ შეუძლია. სავსებით გასაგებია მინისტრის პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა "მიშა მაგარიას" ავტორს "ძვირფასო" უწოდა და სატყეო საქმის ჩაფლავებაში დაადანაშაულა.

ბიძინა გიორგობიანი, სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: - პაპუნა ხაჩიძეს, სატყეო სააგენტოს უფროსს, შეფარულად ჰქონდა დაფუძნებული ფირმები, რომლებსაც ტენდერებში ამარჯვებინებდა.

ის ახალციხიდან გოგა ხაჩიძემ წამოიყვანა ჯერ კიდევ გუბერნატორად მუშაობის დროს, მერე კი დეპარტამენტში მიიყვანა. პაპუნა ხაჩიძე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში ვანო მერაბიშვილთან 90-იანი წლების ბოლოს მუშაობდა. ერთი სიტყვით, ხელისუფლების კაცია. პრეზიდენტი რომ მინისტრ ხაჩიძეს აბრალებს სატყეო სფეროს ჩაფლავებას, სატყეო სააგენტოში მეტყევე არ დატოვეს, ყველა პროფესიონალი გამოყარეს და მომღერალს სატყეო სფეროს აღორძინება მოსთხოვო, ცოტა უხერხული ხომ არ არის?

სატყეო დეპარტამენტი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით გაავსეს, მერე კი ბენდუქიძის ფილიალად გადააქციეს. ლოტებად გაყიდეს ტყის უძვირფასესი მასივები სამეგრელოში, ახმეტის რაიონში, თიანეთში... ასე იმუშავეს მთელი 6 წელი და ახლა აღმოაჩინეს, რომ ეს საქმე ჩაფლავებულია? სატყეო საქმეში ისეა კანონმდებლობა აბურდული, რომ თუკი მოინდომებ, ნებისმიერ კაცს დაიჭერ.

ფულის გათეთრება სატყეო სფეროში არ ხდება. რა ფული უნდა გაეთეთრებინა პაპუნა ხაჩიძეს სატყეო დეპარტამენტში? ტენდერების და ფირმების ამბავი გასაგებია, ფირმებს იმიტომ აფუძნებენ, რომ ბიუჯეტის ფულით იხეირონ, მერე ეს ფული "ატკატებით" მიდის ჩინოვნიკების ჯიბესა და "ნაცმოძრაობის" პარტიულ სალაროში. ალბათ, ამას აკეთებდა პაპუნა ხაჩიძე, მაგრამ ფულს სად ათეთრებდა, ნამდვილად ვერ გეტყვით.

სინამდვილეში მისი დაპატიმრება შიდა გარჩევებს უკავშირდება. ის, რომ პაპუნა ხაჩიძე ტენდერებში თავის ფირმებს ამარჯვებინებდა, გასაკვირი არ არის, "ნაცმოძრაობის" ყველა ჩინოვნიკს ასე შეფარულად აქვს რამდენიმე ფირმა, სწორედ ისინი იმარჯვებენ ტენდერებში. იგივე ხდება მერიაში, მშენებლობაში. ხაჩიძის ამბავი მაკვირვებს. ერთი კაცი იყო, სახელად ნაპოლეონი, მთელი ოჯახი დაუჭირეს და მაინც აგრძელებდა ლექსების წერას კომპარტიაზე. მერე ლადო ასათიანმა სახუმარო ლექსი დაუწერა:

ყველა დაუჭირეს ნაპოს მის მეტი,

მაინც არ დათმო აპლოდისმენტი.

გოგა ხაჩიძეს სანამ დედ-მამასა და ცოლ-შვილს არ დაუჭერენ, ვერ დათმობს "ნაცმოძრაობის" აპლოდისმენტებს.

ტყეებს საგანგებოდ წვავენ, რომ ფული აკეთონ. ნახანძრალი ტყის მასივი ხომ ჯანსაღი ტყის მასივთან შედარებით 15-ჯერ ნაკლები ღირს? ტყე კი არ ნახშირდება, ფოთლები და წიწვები იწვის. დამწვარი ტყიდან ნახევარზე მეტი ხე მასალად გამოსადეგია. ხედ აღარ ვარგა, თორემ მასალად საუცხოოა. დაწვის შემდეგ ატარებენ ტენდერს ნახანძრალი ტყის სანიტარიულ მოჭრა-გასუფთავებასა და ახალი ტყის აღდგენაზე. ტენდერს მათივე ფირმა იგებს და ასე იგდებენ ხელთ ტყეს, თორემ ვის აინტერესებს ნახანძრალი ტყის აღდგენა? ეს არის გახშირებული ხანძრების მიზეზი, აბა, შემოდგომა-ზამთარში ტყის ხანძარი სად გაგონილა?

P.S. გასულ წელს "კვირის პალიტრა" ტყის მავნებლებზე სტატიას ამზადებდა. გვაინტერესებდა, როგორ აპირებდა სატყეო დეპარტამენტი მერქნისმჭამელებთან გამკლავებას. სატყეო დეპარტამენტის ჩინოვნიკებისაგან, რომელთა შორის პაპუნა ხაჩიძეც იყო, მეტად "პროფესიონალური" პასუხი მივიღეთ: თქვენ რა, არ იცით, ტყის შემოღობვას რომ ვაპირებთ, ამის შემდეგ ხომ ტყეში ვეღარაფერი  გადავაო!

P.P.S. კალიგულამ სენატში ცხენი მიიყვანა და სენატორებს მიუსვა გვერდით, თქვენზე ნაკლები ხომ არ გგონიათო! მე თუ მკითხავთ, ცხენი სულ არ იყო ამაში დამნაშავე!