"შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილს" - სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. მატროსოვის ციხეში ნინო ლომჯარიას ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილს" - სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. მატროსოვის ციხეში ნინო ლომჯარიას ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

"N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა

დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "მაინც გავიდა".

"რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე“,-განაცხადა ლომჯარიამ დაწესებულების დატოვების შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"