"მან, ფაქტობრივად, ორივე მოგვკლა..." - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი მის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"მან, ფაქტობრივად, ორივე მოგვკლა..." - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი მის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და მისი ვაჟის, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ზაზა მურჯიკნელია. იგი 24 იანვარს დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც 2009 წელს, ე.წ. მუხროვანის ამბოხის შემდეგ დააკავეს, გაასამართლეს, შედეგ კი ამნისტიით გამოუშევს. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ დაკავებულის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება. მას არ იცნობს და არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს პირი დანაშაულის შემსრულებელია. შეგახსენებთ, გუგეშაშვილებს 2018 წლის 7 თებერვალს, ნაქირავებ ბინაში დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა დოდო გუგეშაშვილი, სასიკვდილოდ დაჭრა მისი შვილი - ნოდარ (გრიგოლ ) გუგეშაშვილი, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. იხილეთ შსს-ს განცხადება

დოდო გუგეშაშვილი:

- არაფერს მეუბნება დაკავებულის სახელი და გვარი. არ ვიცი, ვინ არის, ახლა გავიგე, რომ თურმე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე - სპეცრაზმელი ყოფილა. ჯერ ვერაფერს ვიტყვი, როცა ჩავიხედავ საქმეში, მერე მეცოდინება უფრო მეტი დეტალი. ვფიქრობ, რომ ის შემსრულებელია, დამკვეთი კი სხვაა.

- 2 წელი გავიდა მომხდარიდან, ელოდით თუ დანაშაულის გახსნას?

- არასოდეს შემიტანია ეჭვი ამაში. ვხედავდი სამართალდამცავების თავგადაკლულ მუშაობას. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იპოვიდნენ თავდამსხმელს. ვენდობოდი და ვენდობი გამოძიებას.

- ბრალდებულის სახელი და გვარის გაგების შემდეგ რა კითხვები გაქვთ?

- ეს არის ის პირი, რომელმაც ესროლა ჩემს ვაჟს და მესროლა მე, მინისტრის მოადგილეს არ უსაუბრია ბრიფინგზე იმაზე, რომ დამკვეთი ნაპოვნია. როდესაც მყარი მტკიცებულებები მოაგროვეს, მოჰკიდეს ხელი შემსრულებელს, დანარჩენი გასარკვევი აქვთ და გაარკვევენ.

- ანუ ელოდებით რომ დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა?

- იმ გუნდის თვალთახედვას, რომელიც აწარმოებდა გამოძიების პროცესს, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოეპარება. . - უკვე დაგიკავშირდნენ ძალოვნები?

- დამიკავშირდნენ, მაგრამ ჯერ გადასხმაზე ვარ და ვერ ვახერხებ მისვლას. ჩემს ადვოკატს შეუთანხმდებიან და ერთად მივალთ. ჩემი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია, ეს ადამიანი გამორჩეულია ადვოკატთა სამყაროში პროფესიონალიზმითა და ერთგულებით.

- 2 წელი გავიდა ამ უმძიმესი დანაშაულიდან, რა ემოცია იყო როცა ეს ამბავი გაიგეთ, ალბათ სულ დანაშაულის გახსნის მოლოდინში იყავით...

- არ გამკვირვებია, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიხსნებოდა. სრული სიმშვიდით და მოთმინებით ველოდი ამ დღეს. ბოლო ხანს გაცილებით შევიწროვებული ჰქონდათ დამნაშავეთა არეალი. ერთი ზედმეტი შეკითხვაც კი არ დამისვამს გამოძიებისთვის, რადგან ვენდობი. არ შეიძლება ადამიანი დაუნახავი იყოს - პროფესიონალიზმი და შრომა დაუკარგო სხვას.

- ალბათ უკვე გაქვთ თქვენი ვერსია, ეს ტრაგედია რატომ მოხდა ?

- ვერსიები არ მაქვს, რადგან არსაიდან ველოდებოდი ასეთ სიმხეცეს.

- თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე, - ეს თქვენს შვილზე განხორციელებული თავდასხმა იყო ,თუ თქვენზე შურისძიება? - მან, ფაქტობრივად, ორივე მოგვკლა, ოჯახი ამოწყვიტა.

- ხომ არ გისაუბრიათ ყოფილ სამხედროებთან და უფრო მეტი ხომ არ გაგიგიათ ბრალდებულ პირზე? - არც ვიცი, ვის რა ვკითხო. რატომ და საიდან აღმოჩნდა ჩემი უბედურების ამბავში ეს კაცი, ამაზე პასუხს ველოდები გამოძიებისგან. მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის.

იხილეთ ასევე: "ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

იხილეთ ზაზა მურჯიკნელის დაკავების კადრები