დოდო გუგეშაშვილი: "დამკვეთის ვინაობა მალე გაირკვევა" - კვირის პალიტრა

დოდო გუგეშაშვილი: "დამკვეთის ვინაობა მალე გაირკვევა"

45 წლის ზაზა მურჯიკნელს ძალოვანებმა უმძიმესი ბრალდება წაუყენეს. მას დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი ვაჟის, 33 წლის გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. როგორც ბრალდებულის ადვოკატი სულხან კომახიძე ამბობს, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გაიხსნა გახმაურებული საქმე და მურჯიკნელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულისთვის განსაზღვრული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმისას დოდო გუგეშაშვილმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო და სადარბაზოში დახმარება ითხოვა. მეზობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და სწორედ ამ დროს ჩაირბინა კიბეზე დამნაშავემ. ფილტვში დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ექიმებმა გადაარჩინეს. მაშინ ის ამბობდა, რომ მკვლელი რამდენიმე თვით ადრე ზურად გაეცნო და მას რამდენჯერმე შეხვდა. ირწმუნებოდა, რომ ის იყო კილერი და ვიღაცის დაკვეთა შეასრულა. მომხდარის უამრავი ვერსია გავრცელდა, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერ ცნობილი არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის მოტივზე არაფერი უთქვამს.

ბრალდებული მურჯიკნელი ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეში ფიგურირებდა და 2009 წელს გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით პოლიტპატიმრების სიაში აღმოჩნდა და 2013 წლის 13 იანვარს გლდანის მერვე დაწესებულება დატოვა.

ზაზა მურჯიკნელი ხაშურის რაიონის სოფელ წყომიდანაა. იქ ცხოვრობენ მისი მშობლები და დედმამიშვილები.

ჩვენ დავუკავშირდით მუხროვანის ამბოხში დადანაშაულებულ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, შოთა (მამუკა) გორგიაშვილს. ის ამბობს, რომ ზაზა მურჯიკნელს მის ნაწილში არასოდეს უმსახურია და მას პირველად სასამართლო პროცესზე შეხვდა:

- რატომ დაიჭირეს და როგორ აღმოჩნდა ამ საქმეში, არ ვიცი. პირველად შევხვდი სასამართლოზე. ვინც მუხროვანის საქმეზე იყო დაკავებული, პოლიტპატიმრების სიაში ყველა მოხვდა. როგორც მახსოვს, მაშინ თავდაცვის სამინისტროში ან რომელიმე ბატალიონში არ ირიცხებოდა. ამას ყველა ოფიცერი და ჯარისკაცი დაგიდასტურებთ.

ზაზა მურჯიკნელის დაკავების შემდეგ ინტერნეტით გავრცელდა მისი აღიარებითი ჩვენება, თუმცა მოგვიანებით როგორც სხვა ბრალდებულებმა, მანაც განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. რა აკავშირებდა მას გუგეშაშვილებთან და რატომ უნდა მოეკლა დედა-შვილი? ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

"დარწმუნებული ვარ, ის დააკავეს, ვინც უნდა დაეკავებინათ. ახლა გამოძიების საქმეა, დამკვეთის ვინაობაც გაარკვიოს"

დოდო გუგეშაშვილი ენდობა გამოძიებას და ელოდება საქმის მასალებს.

- არ ვიცი, ვინ არის. გავიგე, რომ ყოფილი სპეცრაზმელია.

- ელოდით ამ დანაშაულის გახსნას? - არასოდეს ეჭვი არ შემპარვია, რომ დანაშაული გაიხსნებოდა. ვხედავდი სამართალდამცავების თავგადაკლულ მუშაობას, ვენდობოდი მათ პროფესიონალიზმს.

- ბრალდებულის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ რა კითხვები გაქვთ? ამბობთ, რომ მას არ იცნობთ. მაშ, ის შემსრულებელია? - ეს არის ის, ვინც გვესროლა მე და ჩემს ვაჟს. მინისტრის მოადგილეს ბრიფინგზე არ უთქვამს, რომ დამკვეთი ნაპოვნია. როდესაც მყარი მტკიცებულებები მოაგროვეს, მოჰკიდეს ხელი შემსრულებელს. დანარჩენი გასარკვევია და მალე დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა.

- ანუ ელოდებით, რომ დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა? - იმ გუნდის თვალთახედვას, რომელიც ჩართული იყო გამოძიებაში, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოეპარება. ჩემი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაეცნობა მასალებს და გვეცოდინება ყველა დეტალი.

- ალბათ, გაქვთ თქვენი ვერსია, რატომ მოხდა ეს დანაშაული...

- ვერსიები არ მქონდა, რადგან არავისგან ველოდი ასეთ სიმხეცეს.

- ეს თქვენს შვილზე თავდასხმა იყო, თუ თქვენზე შურისძიება? - ფაქტია, მან ოჯახი ამოწყვიტა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, რატომ და საიდან აღმოჩნდა ჩემს უბედურებაში... პასუხს ველოდები გამოძიებისგან. მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ის დააკავეს, ვინც უნდა დაეკავებინათ. ახლა გამოძიების საქმეა, დამკვეთის ვინაობაც გაარკვიოს.

"ბრალდების ვერსიით, ბრალდებულს დოდო გუგეშაშვილის მოკვლა სურდა"

სულხან კომახიძე, დაკავებული ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი:

- ზაზა მურჯიკნელი არ იცნობს დოდო გუგეშაშვილს და უკვირს, რატომ არის დაკავებული. გამოძიებას შეეძლო, აქამდე დაებარებინა, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში გამოკითხვაზეც კი არ მიუყვანიათ.

- იქნებ იმიტომ დააკავეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისი თითის ანაბეჭდი ან სხვა მტკიცებულება აღმოჩნდა?

- ასეთი მტკიცებულება მათ ვერ ექნებათ, რადგან ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. რა სამხილები აქვს გამოძიებას, ჯერ არ ვიცი.

- გამოძიებას ბრალის დადგენილებაში მოტივზე არაფერია უწერია? - გამოძიება ვერ ასახელებს მოტივს, რაც შეეხება საქმის მასალებს, 10 ტომია და ახლა ვეცნობით, ამიტომ ჯერჯერობით სამხილზე რაიმეს თქმა არ შეგვიძლია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილთან კავშირს და ნაცნობობას უარყოფს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ბრალდების ვერსიით, ბრალდებულს სურდა დოდო გუგეშაშვილის მოკვლა და მას შემდეგ, რაც დაჭრა, დანაშაული რომ დაეფარა, ამიტომ მოკლა მისი ვაჟი.

"არც უფიქრია, რომ მე გადავრჩებოდი, რადგან ტყვია გულში მესროლა"

გთავაზობთ ფრაგმენტს დოდო გუგეშაშვილის "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან, რომელიც ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ჩავწერეYთ. ის სხვადასხვა ვერსიას განიხილავდა და ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნდა, რომ დანაშაულის უკან რუსეთის სპეცსამსახური იდგა.

"ყველა ვერსიას იხილავს მკვლელობის განყოფილება და ინტენსიურად მუშაობენ, მაგრამ ვერსია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება, ყველაზე სარწმუნოდ მიმაჩნია", - ამბობდა ის და მკვლელობის დღესაც დეტალურად იხსენებდა: "ჩემი დროებით საცხოვრებელი, სადაც ქირით ვიყავი, ყოველთვის ღია იყო. სახლის კარს არ ვკეტავდი, რადგან ბევრი ვეტერანი მოდიოდა ჩემთან დახმარებისთვის, თანადგომისთვის. ეს რომ მცოდნოდა, უფრო ყურადღებით ვიქნებოდი იმ ვიღაც ზურას მიმართ, რომელიც ისედაც უცნაურად იქცეოდა. არ მსიამოვნებდა მისი სტუმრობა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან საქართველოში საფრთხეს არ ველოდებოდი. დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამე იყო საეჭვო. 3-4 თვეში ერთხელ ჩნდებოდა, იყო უცნაურად შეფუთული, ხელთათმანებით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, განსაკუთრებით ნაომარი, რომელიც ვერ გამოიყურება სათანადოდ - ზოგს აქვს დეპრესია, ზოგი ჩაკეტილია თავის თავში. სამშობლოსათვის თავდადებული ბიჭები ეს წლები სრულიად უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებული და იმდენი გაუბედურებული ადამიანი მყავს ნანახი, არ მივაქციე ამას ყურადღება. ახლა ვხვდები, რომ ეს კაცი იყო კილერი.

6 თებერვალს, ანუ მკვლელობის წინადღეს, ჩვენთან მოვიდა, უკვე მეორედ. მანამდე სამჯერ ჰყავდა ნანახი ჩემს შვილს. მე ცალკეც ვნახე, მაგრამ ეტყობა ელოდებოდა მომენტს, როცა ორივე ერთად ვიქნებოდით... მე ქვემოთ მანქანა მელოდებოდა, ჩემი თანამშრომელი უნდა დაგვეწვინა ჩაფიძის კლინიკაში და ძალიან ვჩქარობდი. ერთად ჩავედით ლიფტით, მაგრამ შუა გზაზე ლიფტი გააჩერა და მითხრა, რომ ხელთათმანი დარჩა ჩემთან. ვფიქრობ, არც აბრუნებულა ზევით, უბრალოდ, დაელოდა, როდის ჩავიდოდი ქვევით და წავიდოდი. ეტყობა, არ უნდოდა, ვინმეს ჩემთან ერთად დაენახა. ვფიქრობ, ამიტომ შეფერხდა. ადრეც ვთქვი, მან მთხოვა სელფის გადაღება და ამაზე უარი ვუთხარი. ალბათ, ვიღაცისთვის უნდოდა გაეგზავნა...

7 თებერვალს, როდესაც ეს საშინელება მოხდა, მე მძიმედ დაჭრილი ქვედა სართულზე გავიქეცი, მეგონა, მე გამომედევნებოდა და ვფიქრობდი, ასე მოვაშორებდი ჩემს შვილს, მაგრამ არ გამომყვა, სანამ ის არ მოკლა. არც უფიქრია, რომ მე გადავრჩებოდი, რადგან ტყვია გულში მესროლა. როდესაც ქვემოთ ჩამოვირბინე და დავინახე, რომ არ მომყვებოდა, ისევ ზევით ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ სხეულს ვეღარ მოვერიე. კიბეზე რომ ჩამოდიოდა, სისხლისგან ვიცლებოდი. არ ვიცი, სკამზე დამსვეს თუ რამეზე ვიწექი... არ მახსოვს... მახსოვს მხოლოდ ის, რომ ჩამომიარა და მეზობლებს ვუთხარი, ეს არის მკვლელი-მეთქი, მაგრამ გაიქცა. ალბათ, იმიტომ გადავრჩი, რომ ჩემი შვილის მკვლელები და დამკვეთები ვიპოვო. პირველი ტყვია მე მესროლა, ამ დროს ჩემს ვაჟს ეძინა. ყვირილსა და იარაღის ხმაზე წამოხტა. სროლის მერე სამზარეულოში არ წავქცეულვარ; თვალებზე რაღაც გადამეფარა და როდესაც გონება დამიბრუნდა, დავინახე, რომ ჩემი შვილი სამზარეულოში ეგდო. ეტყობა, წააქცია. თავზე ედგა, მაგრამ იარაღს "ასიჩკა" მისცა. ეს რომ დავინახე, სკამს დავავლე ხელი, მოვაშორე ჩემს ვაჟს და გამოვვარდი, რომ მე გამომყოლოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომყვებოდა. მერე დიდხანს უბრძოლიათ მას და ჩემს შვილს. ჩემს ვაჟს დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და ორი ჭრილობაც. ეტყობა, რაღაც მომენტში იარაღიც დაუჭირა, რადგან ერთი ტყვია მისაღები ოთახის იატაკშია გასული. ჩემს შვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მაგრამ მძიმედ დაჭრილი ეტყობა შეეცადა, შესულიყო თავის ოთახში, სადაც გაფორმებული "ვინჩესტერი" ჰქონდა, თუმცა ვერ მოასწრო..."

მაშინ ისიც ითქვა, რომ დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს გაეცნო ომის ვეტერანის მალხაზ თოფურიას ახლობლად, ასევე დაუსახელა მას დათო ძებისაშვილი, რომელიც ასევე ომის ვეტერანიაახლა მალხაზ თოფურია ამბობს, რომ დაკავებულთან კავშირი არასოდეს ჰქონია, არ იცნობს და ძალიან აინტერესებს, რატომ დაასახელა მისი გვარი. ბატონი მალხაზიც დარწმუნებულია, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა, თუმცა რატომ უნდა მოეკლათ დედა-შვილი, არც მან იცის.