ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამის სკანდალური ინტერვიუ

2 წლის წინ ხორავას ქუჩაზე 17 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე მირზა სუბელიანის ვაჟმა, ალექსანდრე სუბელიანმა მისცა ჩვენება. ბრალდებულის დეიდაშვილმა განაცხადა, რომ დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია, თუმცა ის მიხეილ კალანდიას არ მოუკლავს. მისივე განცხადებით, მას კალანდია ფარდულთან არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე კოჭლობდა და ფეხი სისხლიანი ჰქონდა.

სასამართლო სხდომა ხმაურით დასრულდა - მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მას მამა-შვილი, თენგიზ და ლუკა კალანდიები დაედევნენ და უშვერი სიტყვებით შეამკეს.

თენგიზ კალანდია, ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა:

- მკვლელებს ეფერებიან და მე მლანძღავენ. დავიღალე სარალიძის უნიჭო სპექტაკლებით და სპეკულანტობით.

- სარალიძეს ქორვაჭარი და შვილის სულით მოვაჭრე ეძახეთ. რატომ, რის საფუძველზე? - იმას ვგულისხმობდი, რომ ნაკაიძის ფულით აწყობდნენ მიტინგებს... ნაკაიძე ჯანაშიას ბიძაა, რომელიც ადრე ბერა ივანიშვილის პროდიუსერი და ბიძინას კარის მოახლე იყო. მართალია, მას მილიონები აქვს, მაგრამ მაინც კარის მოახლეს ვეძახი.

- რა მტკიცებულებების საფუძველზე ამბობთ ამ ყველაფერს?

- მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ბევრმა მომიტანა ენა, რომ სარალიძეს ფული აქვს აღებული. ის ჯერ "ნაციონალებს" გაურიგდა, მერე თხასავით გაყიდა და ახლა "ოცნებას" შეეკრა. პროკურატურის ღობეს რომ ურტყამდა თავს და ტიროდა, დღეს გამოდის და შოთაძეს ტაშს უკრავს, კაცურ კაცს ეძახის.

- რაში გამოიხატება "შეკვრა"? - ის შოთაძესაც შეეკრა და ყველას, ვინც ფულს გადაუხდის. რომ ამბობენ, კალანდიას დაგეგმილი ჰქონდა მკვლელობაო, მიხეილს რაც დაგეგმილი ჰქონდა, ის მოაგვარა, შეარიგა მხარეები. მერე სარალიძეს არ მოეწონა ეს შერიგება, ვერ გადაყლაპა, რომ 5 კაცი საბურთალოდან მივიდა ვერაზე, 51-ე სკოლაში, სადაც 40 ბავშვი იყო და ამათ აჯობეს წესიერებით, ლაპარაკით, სიმართლით. ჩემს შვილს სარალიძის მკვლელობაში წვლილი არ მიუძღვის. ბარბაქაძეს და ჯანაშიას ჩემს შვილზე იმიტომ დაადებინეს ხელი, რომ საპროცესო გაუფორმდეთ. ჯანაშია 2 წელი დუმილის უფლებას იყენებდა და თურმე ახლა დაარღვია. თითქმის მთელი მთავრობა შეეწირა ამ ამბავს და აქამდე რატომ არ ამბობდა? სინდისი აწუხებდა და ვეღარ დამალა?

- მენაბდემაც დაადო თქვენს შვილს ხელი. - მენაბდემაც და ყველა იმან, ვისაც დანა ეჭირა ხელში.

- რა ინტერესი აქვთ თქვენი შვილის?

- ფული, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს. ყველას ფული აქვს აღებული, მათ შორის შიო მენაბდესაც.

- შიო მენაბდეს შესაწირ ყუთში მირზა სუბელიანმა არ ჩაუგდო 10 ათასი დოლარი?

- ჩვენ დაგვაბრალეს, სინამდვილეში ნაკაიძეებმა ჩაუგდეს ფული. მე რომ ფული არა მაქვს და ზაზა სარალიძეს ფულს ვერ ვთავაზობ, იმიტომაა ჩემზე გამწარებული, ჩემგანაც უნდა სარგებელი ნახოს.

ორი კაცია მკვლელობისთვის მიცემული პასუხისგებაში და ორივე აღიარებს, რომ მკვლელები არიან და ჩვენკენ რატომ იშვერენ ხელს? იცით, გასაკვირი რა არის? ჩემი შვილის და მისი მეგობრების გარდა, 51-ე სკოლელი დაახლოებით 30 ბავშვი იყო და მათ არ დაუნახავთ, რომ ჩემს შვილს დანა ეჭირა ხელში? ეს ერთსაც არ უთქვამს.

- პროკურატურა ამბობს, რომ გარდა 150 მოწმის ჩვენებისა, აქვთ ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევაზე მალე გადავლენ... - ამოღებული აქვთ ჩემი შვილის ქურთუკი, ფეხსაცმელი, ყველაფერზე ჩატარდა ექსპერტიზა და არაფერზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. საჯაროდ თქვან, რა მტკიცებულებები აქვთ, რატომ ხურავენ პროცესებს? რამდენი ვიომეთ პროცესების გახსნისთვის! მოიყვანეს ის მოწმეები, ვისაც საპროცესო გარიგებას შეჰპირდნენ. ჩემი შვილის დასჯა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ იმ მოსამართლეს ოჯახი ხომ ჰყავს? ღმერთის ეშინოდეს ყველას!

- ვიდეოჩანაწერში ჩანს, ტანსაცმელი მირზა სუბელიანის დახმარებით რომ გაანადგურეთ. - მირზას ხელში არაფერი ეჭირა. მე და მირზა ერთად გამოვდივართ ეზოდან, მხოლოდ ქურთუკი გადავაგდეთ, რომლის გადაგდებაც ჯანაშიამ მოითხოვა, რომელიც დახეული იყო, დანარჩენი -–ჯანაშიას შარვალი, სვიტერი, მაისური, ყველაფერი პროკურატურასა და პოლიციას აქვს.

- ანუ ირწმუნებით, რომ მიხეილი უდანაშაულოა? - უდანაშაულოა. ჩემი შვილი 1-ლ დეკემბერს მივიყვანეთ პროკურატურაში, მთელი ღამე იქ გავატარეთ, 3-ში ისევ მივედით ჩვენების მისაცემად და 4 დეკემბრის დილამდე მე ვიყავი კანონიერი წარმომადგენელი. ჩემი ორივე შვილი დაჰკითხეს, ორივე გაილახა, მე ცალკე გამლახეს, ჩემი ჩვენება დახიეს, დამაკავეს და დილის 8 საათზე ჩემი შვილები სამმართველოდან გამოყარეს.

- თქვენმა შვილმა 5-ჯერ ხომ შეცვალა ჩვენება? - ჩემმა შვილმა ჩვენება ერთხელ მისცა, უბრალოდ, ერთ დღეში ვერ ჩაეტია და მეორე დღეს გაგრძელდა ჩვენების მიცემა. ვინ თქვა, შეცვალაო? სარალიძე მეზღაპრეა და მაგას უჯერებთ?

- ეს საქმე ხმაურიანი იმიტომ გახდა, რომ "ნაციონალებს" უნდოდათ მირზა სუბელიანისთვის, როგორც თავად თვლიდნენ, ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩანაწერების გამოძალვა. - მაგ ჩანაწერების არსებობა რომ ვიცოდე, პირველი მე გამოვამჟღავნებდი, თუ სადმე არსებობს, არაფერს დავზოგავ, რომ მოვიპოვო. ზაზა სარალიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, მაგრამ ვალდებულება ჰქონდა აღებული. ადრე "ნაცებსა" და "ევროპულ საქართველოსთან" იყო გარიგებული და ითხოვდა, მოეპოვებინათ ეს ჩანაწერი, დააშანტაჟეს ჩემი შვილი, ხმაური ატეხეს. დავალება ასეთი იყო - მირზა სუბელიანის ჩანაწერი უნდა მოეპოვებინათ და ამის საფუძველზე მოეწყოთ გადატრიალება, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოეთრიათ და თვითონ მოსულიყვნენ მთავრობაში. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა სარალიძე პირველ ჩვენებას აწვება.

- თქვენი შვილი რას გიყვებათ, ვინ ურტყამდა დანას დათუნა სარალიძეს? - ჯანაშიამ თვითონ მიამბო, როგორ ურტყამდა დანას სარალიძეს. მიხეილმა და ჯანაშიამ ისიც მითხრეს, როგორ ურტყამდა ბარბაქაძე სარალიძეს. ბარბაქაძე ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ ჩემი შვილი სისხლიანი არ იყო, დღეს კი თურმე მკლავები სისხლიანი ჰქონდა.

- ანუ ბარბაქაძე-ჯანაშიას მეტი სარალიძეს დანას არავინ ურტყამდა?

- ვერ ვიტყვი, რომ არ ურტყამდა.

- დათუნა სარალიძის საქმეში პროკურატურა ბარბაქაძის მონაწილეობას გამორიცხავს. - ბარბაქაძე იმასაც უარყოფს, რომ დადუნაშვილი მოკლა, არადა, 5-6-ჯერ დაარტყა დანა, იმ საცოდავ ბავშვს ხელები სულ დაჩეხილი ჰქონდა. შემავალი ჭრილობა გულშიც ჰქონდა და 4-6 ჭრილობა ხელებზე, რადგან ხელს იფარებდა.

- ალექსანდრე სუბელიანის თქმით, მენაბდეც მონაწილეობდა სარალიძის მკვლელობაში. - არ ვიცი.

- ბარბაქაძეს და ჯანაშიას საპროცესოს უფორმებენ?

- კი, ორივეს. ჯანაშიამ აღიარა, რომ სარალიძეს 5-6-ჯერ დაარტყა დანა. ბარბაქაძესთან რომ ივლი ჩახუტებული, ეს ბადებს ეჭვს. სასამართლოზე რომ დადიან და ერთმანეთს კუთხეებში ეკურკურებიან, ამას მარტო მე ხომ არ ვხედავ.

- ბარბაქაძემაც დაადო თქვენს შვილს ხელი.

- საპროცესოს შეჰპირდნენ და იმიტომ.

- თქვენი შვილი თუ უდანაშაულო იყო, თბილისის გასასვლელში რატომ დააკავეს? - გასაქცევად წელიწადი და 7 თვე გვქონდა, როგორ ფიქრობთ, არ გავიქცეოდით? მოსამართლე მარსაგიშვილი გამოვა, ჩაქუჩს დაარტყამს და გამოიტანს განაჩენს, რომელიც უკვე გამოტანილია. არ ვიცი, რა სცენარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩემს შვილს მიუსჯიან.

- "ბიჭებო, საჩეხაოდ წავიდეთ" - ამ მესიჯზე რას იტყვით, რომელიც თქვენს შვილს ეკუთვნის? როგორც გავრცელდა, მიხეილ კალანდიამ ტრაგედიამდე თავის მეგობრებს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა. - არა, რა საჩეხაოდ... მსგავსი არაფერი ყოფილა, არც აჩეხა, არც შეიარაღება. პროკურატურა უსირცხვილოდ ამბობს ამას.

- საქმეში რამდენი დანა დევს? - მხოლოდ ორი, რომლებიც ბარბაქაძეს და ჯანაშიას ეჭირათ.

- მირზა სუბელიანის შვილი, ალექსანდრე განიცდის მომხდარს? - რა თქმა უნდა, განიცდის, იმიტომ, რომ მის გამო მისი ოჯახიც, ჩვენიც და ჩვენ გარშემო ბევრი ოჯახი დაზარალდა. ჩვენმა ოჯახებმა რა სტრესიც გადაიტანეს, ამაზე არავინ ლაპარაკობს, მარტო ზაზა სარალიძე გახდა დაჩაგრული. ჩემს შვილს ნერვიულობაზე დიაბეტი დამართეს. არანაირი პრეტენზია არა მაქვს, ნეტავ ხვალვე გამოუშვან ის ბავშვები, მაგრამ რასაც ჩემს შვილს ედავებიან, რომ განზრახ დაგეგმა და ვიღაცა მოკლა, სიცრუეა. დანაშაულის დაფარვაში, კი ბატონო, სამივენი დამნაშავე ვართ - მე, ლუკაც და მიხეილიც. მიხეილი როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მაშინვე დაიჭირეს. ჩვენ ჩვენთვის ვცხოვრობდით, არ გვინდოდა დადუნაშვილის და სარალიძის ოჯახებისთვის ზედმეტი ტკივილი მიგვეყენებინა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, სარალიძის საქციელი ყველა ზღვარს გადასცდა, დგას და ჩემს ოჯახს, ჩემს სიმამრს ლანძღავს, სისულელეებს წერს. ბავშვის სული ფეხებზე ჰკიდია და საკუთარ სულზე მაინც იფიქროს.

"შვილმკვდარ მამას ქორვაჭარს რა სინდისით უწოდებენ?"

ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი:

- ოჯახი, რომელიც დანაშაულის დაფარვას და მტკიცებულებების გადამალვას ცდილობდა, რომლის წინააღმდეგ მძიმე მტკიცებულებებია, მამას, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ქორვაჭარს რა სინდისით უწოდებს? წარმოადგინონ მტკიცებულება, რითიც დადასტურდება, რომ ზაზამ ფული აიღო. შოთაძეს აბრუნებს სარალიძეო. თურმე გენერალურ პროკურორს ზაზა სარალიძე ნიშნავს და ათავისუფლებს. ზაზამ თქვა, შოთაძე ბრძოლის ველზე ბრუნდებაო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება და ზაზა სარალიძე მას ეომება. მას ნათქვამი აქვს, შოთაძე თუ დაბრუნდა, პირველ სამუშაო დღეს ჩემთან მოუწევს შეხვედრაო. ამბობს, მივესალმები მის დაბრუნებას, ვინაიდან შესაძლებელია მან იგრძნო დანაშაული და მისი გამოსწორება უნდაო.

მთელი ამბავი ატყდა იმაზე, ადვოკატმა, ანუ მე, "საჩეხაოდ წასვლა" მოიგონაო. დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმემ თქვა, რომ მიუვიდა ასეთი შინაარსის შეტყობინება. მაშინ ფეისბუკზე რატომ არ არისო, იკითხეს. იმიტომ არ არის, რომ 1-ლი დეკემბრის ჩანაწერები წაშლილია. პროკურორებიც ადასტურებენ, რომ არის ფაილი, მაგრამ შიგთავსი წაშლილია.

- საპროცესო უფორმდება ბრალდებულებს, რომელთა წინააღმდეგ საქმეში საკმარისი ჩვენებები და მტკიცებულებები არსებობს. - ჯანაშია ბრალდებულია სარალიძის ნაწილში, მას ჯგუფურ დანაშაულში აქვს ბრალი წაყენებული. სარალიძის ემოციური მდგომარეობაც აქედან გამომდინარეა. საპროცესოს გაფორმება ითვალისწინებს დაზარალებული მხარის თანხმობასაც და საქმეში ვერავინ ნახავს თანხმობას, ზაზას ხელი არ მოუწერია. რატომ ამბობენ, თანახმააო?

ხომ ამბობენ, ჯანაშიამ აღიარა დანაშაულიო, არადა, არაფერი უღიარებია, რაც წინა სასამართლო სხდომებზე თქვა, იგივე გაიმეორა. მივლენ იქამდე, რომ საპროცესოს სანაცვლოდ ბარბაქაძეს აღიარებინებენ დანაშაულს და კალანდიას შეუმსუბუქებენ მდგომარეობას.

ახლა ამბობენ, მოწმეები ტყუიან და ჩვენებებს ცვლიანო. მიხეილ კალანდია მოწმედ რომ იყო და ყველა სასამართლო სხდომაზე ცვლიდა ჩვენებას, ის მოწმე არ იყო? კალანდიამ ბოლო სასამართლო სხდომაზე, აპელაციაშიც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. რატომ არის საზოგადოებაში ამხელა აგრესია? ამხელა სტრესის გადატანის შემდეგ სარალიძე რომ რამეში ცდებოდეს და არასწორად ლაპარაკობდეს, გასაკვირია? ზაზას ერთადერთი მიზანია, პირნათელი წავიდეს შვილთან.

სასამართლო პროცესის მიმართ არანაირი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიბრუნებს ეჭვს პროკურატურაზე. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთ დანაშაულში სდებდე ბრალს და ასე სწრაფად უფორმდებოდეს საპროცესო შეთანხმება?

- კალანდიების ადვოკატმა ისიც თქვა, თითქოს თქვენი, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" სააკაშვილის ფილიალია... - ზურაბ თოდუას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თუნდაც ერთი ანგარიში რომ წაეკითხა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გვქონდა გამოცემული, ამას არ იტყოდა.

თვალი გადავავლოთ მის ურთიერთგამომრიცხავ გამონათქვამებს - თურმე ჩვენ სააკაშვილი გვმართავს, ჩვენ - ზაზას, ზაზა კი პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან და მეტიც, ის ნიშნავს შოთაძეს. თურმე ყველას სარალიძე მართავს და თუ ასეა, რატომ არის მის საქმეში ამდენი დარღვევა?

- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნება, რომლის გადადგომაც სწორედ ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირდება? - ეს საქმე ისე შემოიდება თაროზე, კითხვის დასმის საშუალებაც არ გვექნება. ნუთუ სხვა კანდიდატურა არ იყო, რომ ამ ფორმით წასულ გენპროკურორს ვაბრუნებთ? გავიხსენოთ, რას ამბობდა შოთაძე: მირზა სუბელიანს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია საქმესთან და დღემდე ამიტომ არ დაკითხულა, კალანდიას დანაშაულის არანაირი ნიშნები და მტკიცებულება არ იკვეთება საქმეში, კალანდია მხოლოდ გაშველების მომენტით მოქმედებდაო. ზაზა სარალიძემ ცოტა არასწორი ფორმით გადმოსცა სათქმელი, ამიტომ მისი შინაარსის წაკითხვა უნდა შევძლოთ. ის ახსენებს ბრძოლის ველზე დაბრუნებას და ეს ნიშნავს, რომ ზაზა შოთაძესთან ბრძოლას არ წყვეტს.