"თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა" - კვირის პალიტრა

"თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა"

თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა სხვა დამნაშავეებთან, ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განუცხადა.

ის პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და განმარტა, რომ გამოძიება სრულყოფილად მიმდინარეობდა.

"ერთი საჩივარი იყო თითქოს სპეცრაზმელმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და მეორე გამოძიება მიმდინარეობდა უშუალოდ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის, ხელშეწყობის და ა.შ. ეს ორი საქმე შეწყდა. გამოძიება სრულყოფილად ჩაატარეს, გამოიკითხა ყველა და გამოძიებამ დაადგინა ის, რაც რეალურად იყო. სპეცრაზმელმა დამნაშავისგან თავისი თავიც და თანამშრომლებიც უნდა დაიცვას. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც პროკურატურამ სასამართლოსგან შუამდგომლობით მიიღო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი რამდენიმე მისამართზე შევიდა და მათ უსაფრთხოებას სპეცრაზმი უზრუნველყოფდა.

რამდენიმე დაკავება მოხდა, ერთ ადგილზე, სადაც დამნაშავის დაკავება ვერ მოხდა მაჩალიკაშვილების ოჯახი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ პროკურატურამ სრულფასოვანი გამოძიებით დააგინა, რომ არავის ბრალეულობა არ გამოიკვეთა, რადგან სპეცრაზმელი თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა, საფრთხის შემთხვევაში სპეცრაზმელი წამის მეასედებში წყვეტს რა უნდა გააკეთოს, იმ დროს ის დეპარტამენტის უფროსიც არის, მინისტრის მოადგილეც და მინისტრიც, იმ ადგილზე ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა შეფასდეს. ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამშრომლებს, მოქალაქეებს იცავს.

მეორე საქმე იმის გამო შეწყდა, რომ მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. გამოქვეყნდება საქმის მასალები, რომელიც ამ დიდ საქმეს თან ახლავს, მათ შორის მაჩალიკაშვილის მიმართაც, რომელიც 100%-ით დაგარწმუნებთ, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებამ შეკრიბა, სრულად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში მიცემულიყო. ის ახლა სხვა დამნაშავეებთან, ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა", - აცხადებს გოგაშვილი.

მისივე განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილი "ტერორისტი იყო და ტერორისტულ ორგანიზაციას ეხმარებოდა".

"რა თქმა უნდა, ის იყო ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ის ეხმარებოდა ახმედ ჩატაევს, ეხმარებოდა ორგანიზაციას იმ გეგმებში, რომლის განხორციელებაც საქართველოში, კონკრეტულად, თბილისში უნდოდათ. ეს იყო უსაშინლესი გეგმა, ეს იყო ძალიან მძიმე ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით თავიდან ავიცილეთ, ამის პრევენცია განვახორციელეთ", - აცხადებს გოგაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, გოგაშვილი პასუხობს, რომ ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება არსებობს.

"არსებობს სატელეფონო საუბრები, საბანკო ანგარიშები, რომელზეც თანხებს რიცხავდნენ, ასევე კომუნიკაციის, გადაადგილების ფოტო-ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს. ხდებოდა სხვადასხვა პროდუქტებით მომარაგება, ამავდროულად იძენდა იმ ტექნიკას, რაც სჭირდებოდათ და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მასზე ყველაზე მეტი მტკიცებულება არსებობს. პირველი ზარი, რომელიც ჩატაევმა განახორციელა, ის ტელეფონი იყო, რომელიც მაჩალიკაშვილს ეჭირა", - განაცხადა გოგაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ სისხლისმართლებრივი დევნის დაწყებას არ აპირებს, თუმცა, მოუწოდებს, პოლიტიკური ძალების იარაღი ნუ იქნებიან.

"ამ ოჯახს ვინ იყენებს მთავარი კითხვა ეს არის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სულ არ აინტერესებდათ ამ ოჯახის ტრაგედია, უბედურება. მაჩალიკაშვილი ჩვეულებრივი იარაღი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელში. როგორც მმართველი გუნდის წევრი, მათთვის ერთ-ერთი ობიექტი ვიყავი. მათ სწორად ეშინოდათ ჩემი, ხვალიდან დუმილს ვარღვევ.

მაჩალიკაშვილებს თავისი უბედურებაც ეყოფათ, მათ მიმართ სამართლებრივ დევნას არ დავიწყებ. ჯობს გონს მოეგონ, ვიღაცების იარაღი ნუ ხდებიან ვიღაცების ხელში და ისედაც გარდაცვლილის სულს ნუ ამძიმებენ იმქვეყნად. როგორც მორწმუნე მუსლიმებმა ისე იცხოვრონ და ისე შეუმსუბუქონ იმქვეყნად თავიანთ შვილს ცხოვრება", - აცხადებს გოგაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"