"დათო გაკვეთილზე იყო, საღამოს კი ეს საშინელება მოხდა" - ვინ არის გორთან მომხდარი საზარელი ავარიისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"დათო გაკვეთილზე იყო, საღამოს კი ეს საშინელება მოხდა" - ვინ არის გორთან მომხდარი საზარელი ავარიისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა

28 იანვარს გორის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს და ადგილზე დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის დათო წიკლაური, ხოლო მისი დეიდაშვილი, 20 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ექიმების თქმით, დაშავებული პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. იგი ამჟამად თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. შემზარავი ავტოავარია სოფელ ტინისხიდის გასასვლელში მოხდა. როგორც ირკვევა, ერთი მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთ დაშავებულს შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო და ავტოავარიის მიზეზებს ძალოვნები დაადგენენ.  გარდაცვლილი მოზარდი დავით (დათო) წიკლაური გორში ცხოვრობდა. ის გორის კოლეჯ "განთიადის" მოსწავლე იყო და იქ ხელობას ეუფლებოდა. მანამდე ჯერ გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში, კოლეჯამდე ბოლო ერთი წელი კი გორის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში სწავლობდა. მოგვიანებით, სკოლაში სწავლას თავი დაანება და კოლეჯში პროფესიას ეუფლებოდა.

ძალიან განიცდიან მომხდარს მისი მეგობრები და პედაგოგები, დათოს დადებითად ახასიათებენ და მომხდარით შეძრულები არიან. "ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, უწესიერესი, მოსიყვარულე ბიჭი. მისი მეგობრები უმძიმეს მდგმარეობაში არიან და საუბარიც უჭირთ", - გვითხრა მისმა ყოფილმა პედაგოგმა. როგორც გაირკვა, მისი ყოფილი თანაკლასელი შემთხვევით შეესწრო ამ ავტოავარიას. როგორც მან გვითხრა, დათო ადგილზე გარდაიცვალა.

"მე რომ მივედი, ავარია უკვე მომხდარი იყო და ცდილობდნენ დაშავებულების გადარჩენას, დათო უკვე გარდაცვლილი იყო. პოლიცია და სასწრაფოც მოვიდა და სხვა დაშავებულები გადაიყვანეს. დათოზე რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი მეგობარი იყო, მოსიყვარულე და კარგი ბიჭი", - გვითხრა მან.

ასევე დავუკავშირდით იმ კოლეჯს, სადაც დათო პროფესიას ეუფლებოდა, როგორც "განთიადის" თანამშრომელმა გვითხრა, გუშინ, ტრაგედიის დღეს ის ჩვეულებრივ ლექციაზე იჯდა და ტრაგედია სასწავლო პროცესეის დასრულების შემდეგ მოხდა. "წესიერი და კარგი ახალგაზრდა იყო, ჩვენთან სწავლობდა, წელიწადნახევრიანი კურსზე და პროფესიას - იატაკის მოხვეწას და ფილის სამუშაოების შესრულებას ეუფლებოდა, მეფილე - მომპირკეთებელი, ასე ქვია ამ პროფესიას. ძალიან გვტკივა გული მომხდარი ტრაგედიის გამო. გუშინ გაკვეთილზე იყო, საღამოს კი ეს საშინელება მოხდა..."

სოციალური ქსელი უკვე აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით, ყველა განიცდის მომხდარს. ჩვენც ვიზიარებთ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)