ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთა შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთა შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს?

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით იგეგმებოდა ტყუპი ძმის დავით და გიორგი ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა.

უწყების განმარტებით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

უფრო კონკრეტულად, სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.

"საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი" უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა. საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).", - ნათქვამია - სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები?

1986 წელს დაბადებული ტყუპი ძმის გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი 2016 წელს ვაკეში მომხდარი სროლისას მომხდარი მკვლელობის დროს ამოტივტივდა, ანუ სოსო ჯოხაძის მკვლელობის უკან სწორედ ფეიქრიშვილების შესაძლო ინტერესს ასახელებდნენ, ამ საქმეზე სხვა პირებთან ერთად დაკავებული იყო გიორგი ფეიქრიშვილიც. საბოლოოდ ამ მკვლელობის ბრალდებით  ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძე გაასამართლეს.

როგორც იმჟამად ambebi.ge წერდა, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდებოდა გია უდესიანს, რომელიც თავის მხრივ "ნაციონალების" "ზონდერ-ჯგუფების" მეთაურად" მოიხსენიებოდა. ფეიქრიშვილი 2015 წლის ოქტომბერში ვაჟა-ფშაველაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. მაშინ მისი ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ფეიქრიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ფეიქრიშვილი 9 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, 2016 წლის 30 ივნისს კი ციხიდან გამოვიდა. შემდეგ 2016 წლის სექტემბერში დააკავეს.

გიორგი ფეიქრიშვილის და მისი ტყუპისცალი ძმის (თბილისში ცნობილები, როგორც "ძმები ფეიქრიშვილები") სახელი სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. დავით ფეიქრიშვილი 2016 წელს პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი სახელი ფიგურირებდა ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების დროს მათგან ამოღებული იქნა ერთ-ერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ "მაზით" 140 000 აშშ დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს. საქმეში ფიგურირებდა ვატო ყიფიანის სახელიც, რომელსაც მოგებული თანხის 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.

იხილეთ ასევე: რას ამბობენ ძმები ფეიქრიშვილები, რომელთა შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს?