"დაიბარეს გიორგი და დათო სუს-ში და გვითხრეს, რომ იგეგმებოდა მათი მკვლელობა" - ვინ არიან ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულები?
"დაიბარეს გიორგი და დათო სუს-ში და გვითხრეს, რომ იგეგმებოდა მათი მკვლელობა" -  ვინ არიან ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულები?
ფოტო:დაკავებული ბექა ცინცაძე
როგორც ცნობილია, თბილისსა და ბათუმში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთი პირი უკრაინაში, კერძოდ ხარკოვშია აყვანილი. ძალოვანთა მტკიცებით, დაკავებულებს ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობა ჰქონდათ შეკვეთილი და მათი ავტომანქანა უნდა აეფეთქებინათ. ჩვენი ინფორმაციით ამ უმძიმესი ბრალდებით თბილისში დაკავებულებთა შორის არიან გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე. რა კავშირი აქვთ დაკავებულებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფეიქრიშვილების ადვოკატის გიორგი ანთიძის თქმით, ძმებმა გუშინ, სუს-ში შეიტყვეს, რომ მათი მკვლელობა იგეგმებოდა. ფეიქრიშვილების
სახელი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ისინი ადრე არაერთხელ არიან ნასამართლევები. მათი სკანდალური დაკავებებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია. მაშინ ძმების ოჯახის წევრები პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის გამართლება შეძლო მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი ანთიძემ, თუმცა დავით ფეიქრიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით
ციხეში იხდიდა სასჯელს და მან ციხე 2018 წელს დატოვა. ფეიქრიშვილების გვარი თბილისში მომხდარ ხმაურიან მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, საქმე ეხება თბილისში მომხდარ სოსო ჯოხაძის მკვლელობას. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობის გამო ცდილობდნენ ძმების ლიკვიდაციას, თუმცა ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს ფეიქრიშვილების ადვოკატი გიორგი ანთიძე, ის ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს.

ადვოკატი გიორგი ანთიძე:
- დაიბარეს გიორგი და დავით ფეიქრიშვილები სუს-ში და იქ გვითხრეს, რომ იგეგმებოდა ძმების მკვლელობა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა ბრალდებულ პირებზე თვალთვალი სუს-ის დეპარტამენტის მხრიდან, საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა და ისინი აიყვანეს. საქმის მასალებს ძალიან ზედაპირულად ვიცნობ, ბრალდებულების სასამართლო ჩატარდება და ამის შემდეგ გადმოგვეცემა სრულად საქმის მასალები.
ძმები ფეიქრიშვილები
- ერთ-ერთი ვერსიით, ეს დანაშაული ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდება და იმასაც ამბობენ, უკრაინიდან ჯოხაძის ძმამ შეუკვეთა ეს დანაშაული და ასე ძმებზე შურისძიებას ცდილობდაო, ამ ვერსიაზე რას იტყვით?
- როგორც ვიცი, ჯოხაძის ძმა ციხეში იხდის სასჯელს, ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. აბსურდული ვერსიაა.

- იქნებ გვითხრათ, რა იყო ძმების მკვლელობის მოტივი და რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?
- ვერსიაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, რომც ვიცოდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერც გეტყოდით.

- ბექა ცინცაძე და გიორგი ბიბილაური არიან დაკავებული. იცნობდნენ ფეიქრიშვილები მათ?
- არც ერთ დაკავებულ პირს ისინი არ იცნობდნენ. არც რამე საეჭვო შეუნიშნავთ ამ დღეებში. არც ის იცოდნენ, რომ სუს-ი მუშაობდა ამ საქმეზე. არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ ხალხთან.

- როდის დატოვა ციხე დავით ფეიქრიშვილმა?
- დათო გამოვიდა ციხიდან 2018 წელს, რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს ის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული. უფრო მეტ დეტალს საქმის გაცნობის შემდეგ გავიგებთ.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები