რა კავშირი აქვს ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან ვატო ყიფიანს? - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან ვატო ყიფიანს?

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს - ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, გიორგი ბიბილაურს, ბექა ცინცაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა.

ამასთან, ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია. მათ შორის, გიორგი ბიბილაური მკვლელობის მცდელობისთვის.

დაკავებულებიდან ორს - გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ, ხოლო დანარჩენ ოთხ პირს

ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება. როგორც ცნობილია, 4 პირი ბათუმში აიყვანეს და ისინი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრები არიან. როგორც პროკურორი ამბობს, ერთ-ერთთან კავშირი ჰქონდა ე.წ. კრიმინლურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს და მისი მოთხოვნით მოხდა ამ ასაფეთქებელი ნივთირებების დამზადება. პროკურორის განცხადებითვე, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა ვატო ყიფიანის წინააღმდეგაც აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

საინტერესოა, რომ ვატო ყიფიანისა და დავით ფეიქრიშვილის სახელები აქამდეც ფიგურირებდა ერთ გახმაურებულ საქმეში, რის თაობაზეც სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

იხილეთ ასევე: "დაიბარეს გიორგი და დათო სუს-ში და გვითხრეს, რომ იგეგმებოდა მათი მკვლელობა" - ვინ არიან ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულები?

(სპეციალურად საიტისთვის)