იცნობს ფეიქრიშვილებსაც და ასლან აბაშიძის დაცვის ექსუფროსსაც, რომელიც დაკავებულია - რა აკავშირებს "ფეიქრიშვილების საქმეთან" კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს - კვირის პალიტრა

იცნობს ფეიქრიშვილებსაც და ასლან აბაშიძის დაცვის ექსუფროსსაც, რომელიც დაკავებულია - რა აკავშირებს "ფეიქრიშვილების საქმეთან" კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროცესიდან გამოსულმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ დაადასტურა, რომ ამ საქმეში ცნობილი ე.წ. ავტორიტეტი ვატო ყიფიანი ფიგურირებს. პროკურორის განმარტებით, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. თუმცა კავსაძე არ საუბრობს მკვლელობის მოტივზე, თუ რატომ უნდა მოეკლათ ძმები ფეიქრიშვილები, ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუდგენია მკვლელობის შემკვეთის ვინაობაც.

თუმცა პროცესზე როგორც გაირკვა, მკვლელობა უკრაინელ მოქალაქეს უნდა განეხორციელებინა და ამაში მას საქართველოში მყოფი პირები ეხმარებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ამ დანაშაულის მთავარი ფიგურანტები გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე არიან, დანარჩენ 4 პირს, რომლებიც აჭარაში დააკავეს (ისინი ადრე ასლან აბაშიძის დაცვის წევრები იყვნენ) ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით აქვთ წარდგენილი და მათ საბრძოლო მასალის შენახვა, ტარებასა და მომზადებაში ედებათ ბრალი. არსებული ინფორმაციით, აბაშიძის დაცვის ყოფილ უფროსს როლანდ ბერიძეს შეუკვეთა ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადება ვატო ყიფიანმა. "რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია, თავის დროზე, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა პროკურორმა. პროკურორი არ გამორიცხავს ვატო ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ის, რომ ვატო ყიფიანი იცნობს ძმებ ფეიქრიშვილებს, ამას მისი ადვოკატი მარიკა ფხალაძე ადასტურებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავით ფეიქრიშვილი და ვატო ყიფიანი ე.წ. მაზავშიკების საქმეში ფიგურირებდნენ და მაშინ ძალოვნებმა მათი აუდიოჩანაწერებიც გაავრცელეს, საიდანაც ჩანდა როგორ თხოვდა ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილს მოგებული თანხიდან წილს.

რა პოზიცია აქვს დღეს ვატო ყიფიანს ამ ახალი ბრალდების ირგვლივ, ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გაგვცა მისმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

- მარიკა, თქვენ იცავთ ვატო ყიფიანს, მისი გვარი გამოჩნდა ფეიქრიშვილების შეკვეთილ საქმეში. როგორც პროკურორი ამბობს, ერთ- ერთი ბრალდებული პირდაპირ ამხელს მას და ამბობს, რომ შეუკვეთა საბრძოლო მასალა, ამაზე რას იტყვით?

- ვადასტურებ, რომ ვატო იცნობს ძმებ ფეიქრიშვილებს, მაგრამ მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან მტრობა, რომელსაც მსგავსი სახის ქმედებები შეიძლებოდა გამოეწვია, არ არსებობს. ინფორმაციას, რომ თითქოს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთთან, არ ვადასტურებ. ისინი ერთ საქმეზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის სტატუსით და ინტერესთა კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. ამ ეტაპზე ვატოს ბრალი არ აქვს წაყენებული და როგორც ჩემთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაციები, რაც პრესიდან და ტელევიზიიდან ვრცელდება, მასალებთან ჩვენ არანაირი წვდომა არ გვაქვს.

- პროკურორმა დაადასტურა, რომ ყიფიანს ამხელენ დაკავებული პირები, კერძოდ საუბარია ასაფეთქებელი მასალის მომზადებაზე შეუკვეთა ვატო ყიფიანმა როლანდ ბერიძესო. - ვატო ყიფიანი ამბობს, - გამორიცხულია, მოცემულ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება მოიპოვოს საგამოძიებო სამსახურებმა ჩემ წინააღმდეგო.

- ე.წ. მაზავშიკების საქმის გარდა ფეიქრიშვილებთან მისი კავშირები სხვა საქმეშიც არსებობს? - წლებია უკვე ვახტანგ ყიფიანი წასულია საქართველოდან, მაშინაც კი როცა ე.წ. მაზავშიკების საქმე იხილებოდა ის არ იმყოფებოდა საქართველოში და მისი დასწრების გარეშე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. შესაბამისად, არანაირი შემხებლობა მათ ერთმანეთთან არ აქვთ, იმ საქმეშიც რაიმე ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა, რომ ის საქმე გამხდარიყო რაღაცნაირად მათი დაპირისპირების საფუძველი. თან იმ საქმის დამთავრებიდან წლები გავიდა, 10 წელი მინიმუმ, ამ დროის განმავლობაში ის საქართველოში არ ჩამოსულა.

- მართალია ჯერჯერობით პროკურატურა არ საუბრობს, რომ ამ დანაშაულის შემკვეთია ვატო ყიფიანი, მაგრამ არ არის გამორიცხული, მას ბრალი წაუყენონ დანაშაულის შეკვეთაში, ამაზე რას იტყვით? - იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია საქმის მასალები, შემდგომში რა იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის ნამდვილად რთულია. მე იმ პოზიციიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რაც ვატომ მითხრა. ყიფიანი დარწმუნებულია, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს არც ამ დანაშაულის მომზადებასთან, არც ასაფეთქებელი ნივთიერების მომზადებასთან.

- ვატო ყიფიანის უკრაინაში ყოფნას ადასტურებთ? - ვერ გეტყვით ვატო ყიფიანი ამჟამად სად არის, ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ბევრჯერ მილაპარაკია მასთან თურქეთში, ხან თვეობით საფრანგეთში ყოფილა, ხან უკრაინაში და ამ ეტაპზე სად იმყოფება, არ ვიცი.

- კიდევ ერთი ვერსიით, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმე შესაძლოა ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდეს, ითქვა, რომ რადგან იმ საქმეში ფიგურირებდა ფეიქრიშვილი ბადუკა ნათობაძესთან ერთად და მაშინ არ დაისაჯა, ახლა ხდებოდა მათზე შურისძიება. იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ გიორგი ჯოხაძესთან მეგობრობს ყიფიანი და ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილებაო, ამაზე რას იტყვით? - ტელევიზიითაც ითქვა, რომ ჯოხაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შურისძიების ნიადაგზე შური უნდა ეძიათ ფეიქრიშვილებზეო. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ ფეიქრიშვილებს უნდა მოეკლათ მაშინ ჯოხაძე, რომ შემდეგ ყიფიანს შური ეძია ფეიქრიშვილებზე. ამ ადამიანებს ჯოხაძის მკვლელობას არავინ ედავება და ასეთი აბსურდულ ვერსიაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.

- ჯოხაძეებთან ვახტანგ ყიფიანის მეგობრობას ადასტურებთ? - ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. მის პირად ცხოვრებაში არ ვერევი, ვატო ყიფიანის გარკვეულ მეგობართა წრეს ვიცნობ, მაგრამ ჯოხაძეები ნამდვილად არ ვიცი.

- როცა შეიტყო ვახტანგ ყიფიანმა, რომ მას ამხელენ, რა რეაქცია ჰქონდა? - ძალიან გაღიზიანებულია. რომ დამირეკა, მითხრა, - ეს არის აბსურდი, არ ვიცი საიდან მოიტანეს, მე რა შუაში ვარო.

- ყიფიანი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილ უფროსს, ბრალდებულ როლანდ ბერიძეს იცნობს? - იცნობს როლანდს ნამდვილად, დანარჩენ ბრალდებულებს იცნობს თუ არა, არ ვიცი.

- თუ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან? - ვერც ამაზე გაგცემთ პასუხს, რადგან არ გვისაუბრია ამ თემაზე. რამდენად ჩამოვა, არ ვიცი. თავის დროზე მან მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და წავიდა ქვეყნიდან, თუმცა ის თვლიდა, რომ მაშინაც უკანონო პატიმარი იყო. მას მერე საქართველოში არ ჩამოსულა.

(სპეციალურად საიტისთვის)