"ამბობდა, სამშობლოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობო" - ვინ არის თურქეთში მოკლული ქართველი ქალი - კვირის პალიტრა

"ამბობდა, სამშობლოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობო" - ვინ არის თურქეთში მოკლული ქართველი ქალი

თურქეთში, ქალაქ კაიზერში ქართველი ქალი, ირმა კრავეიშვილი მოკლეს. როგორც თურქული პრესა იუწყება, შემთხვევა გამთენიას, 4 საათზე მოხდა, როცა ღამის კლუბში მომუშავე 3 ქალბატონი სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლებში წასვლას აპირებდა. ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და სწორედ ამ დროს გაუხსნეს ცეცხლი ავტომანქანას, რა დროსაც სამივე ადამიანი ადგილზე დაიჭრა. მართალია დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ირმა კრავეიშვილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მასთან ერთად დაშავებული 28 და 37 წლის ქალბატონები კი გადაარჩინეს, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, ფაქტზე ოპერატიულად დაიწყო გამოძიება და ამ დანაშაულის ჩამდენი პირი, 28 წლის თურქი მამაკაცი უკვე დააკავა. რა იყო მკვლელობის მოტივი, ამაზე პრესა ჯერჯერობით არაფერს წერს. უკვე გამოქვეყნდა იმ ავტომანქანის კადრები, რომელშიც დაშავებულები ისხდნენ, მანქანას რამდენიმე ნატყვიარი ეტყობა.

როგორც სოციალურ ქსელში მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, ირმა ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. ეს თავდასხმა სხვა პირების მისამართით განხორციელდა და რადგან ის მანქანაში იჯდა, შეეწირა. ერთი ვერსიით, ირმა იმ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. ის წლებია საქართველოდან წასულია სამუშაოდ, პერიოდულად სამშობლოში ჩამოდიოდა. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველი ქალები ამბობენ, ირმა მათ სამსახურის შოვნაში ხშირად ეხმარებოდა. მას დადებითად ახასიათებენ და გამორიცხავენ, რომ ქალს მტერი ჰყოლოდა.

"ირმა კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ეს საშინელება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ოჯახების რჩენა. როგორც მითხრეს, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, სხვას ესროდნენ და ერთ-ერთი ტყვია ირმას მოხვდა გულში. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ძალიან უბოროტო ადამიანი იყო, რაც არ უნდა პრობლემა ჰქონოდა, სხვას არ აჩვენებდა, მაინც იღიმოდა. არადა, ვინ იცის რამდენ ტკივილს და მონატრებას დაატარებდა გულით. ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. თურქული კარგად იცოდა. სამუშაოდ ჩამოსულ ხალხს დასაქმებაში ეხმარებოდა", - ამბობს მისი მეგობარი.

"ირმა სოციალური ქსელით გავიცანი. ხშირად მქონდა მასთან მიმოწერა, ჩემს ჩანაწერებს კითხულობდა, ბევრჯერ გულიდან წამოსული საუბარი გვქონია. ყველაფერი აინტერესებდა საქართველოში რაც ხდებოდა. ხშირად ამბობდა, არაფერი სჯობია შენს ქვეყანაში ყოფნას, სამშობლოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობო. შორიდან ემიგრანტების ცხოვრება ადვილი ჰგონია ყველას და არავინ იცის რამდენი უჭირთ მათ, რამდენი ტკივილის გადატანა უწევთ. მარტო მაშინ იხსენებენ, როცა რამე ხდება. ისეთი ამბები მოუყოლიათ ემიგრანტ ქალებს ჩემთან, ლამის გული გამჩერებია. ასეთი ცხოვრებაა დღეს, ყველაზე მეტად ეს მტკივა", - გვითხრა ანა ჩუბინიძემ.

ირმა კრავეიშვილი იმერელი იყო, მას რამდენიმე წლის წინ თურმე ბათუმში სილამაზის სალონი ჰქონდა გახსნილი. ცდილობდა საკუთარ სამშობლოში დასაქმებულიყო, მაგრამ მაინც მოუხდა ქვეყნიდან წასვლა. "ბათუმში სალონში მასთან ვმუშაობდი რამდენიმე წლის წინ, მომხდარზე არაფერი ვიცი", - მითხრა კიდევ ერთმა მისმა მეგობარმა. მისი თქმით, ირმა სამტრედიელი იყო, გათხოვილი არ ყოფილა. საქართველოში მისი და და ნათესავები ცხოვრობენ. როგორც დის "ფეისბუკსტატუსიდან" ირკვევა, მათ ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა და გარდაეცვალათ, ეს ტკივილი არ ჰქონდათ ჯერ მოშუშებული და ახლა ახალი ტრაგედია დაატყდათ თავს.

საქმეში ჩართულია საქართველოს საკონსულო და ალბათ მალე ჩამოსვენებენ მშობლიურ კუთხეში მოკლულ ქალს. საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)