ბრალდებულის ჩვენებიდან: "მე დავუკავშირდი ვატო ყიფიანს და ვუთხარი, რომ მისი შეკვეთა მზად იყო" - კვირის პალიტრა

ბრალდებულის ჩვენებიდან: "მე დავუკავშირდი ვატო ყიფიანს და ვუთხარი, რომ მისი შეკვეთა მზად იყო"

"როლანდ ბერიძე: "ბეჟანიძემ მომაწოდა შავ ცელოფანში გახვეული ნივთი და ამიხსნა მოწყობილობის გამოყენების წესი. მითხრა, რომ ცელოფანში მოთავსებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელშიც დამაგრებული იყო სიმბარათი, ასევე მობილური ტელეფონი და იმაშიც იდო სიმბარათი და კონკრეტული ნომრიდან იმ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში გააქტიურდებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ არც ბარათში მოთავსებული და არც მოწყობილობაზე მოთავსებული სიმბარათის ნომრები არ ვიცი"

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი პირი უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში დააკავეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირი, რომელიც ხარკოვიდან ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად კრიმინალურმა ავტორიტეტებმა თბილისში გამოგზავნეს, რეალურად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხარკოვში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში დაგეგმილი მკვლელობის შემსრულებელ სანდო პირს ეძებდნენ, ის კრიმინალების გარემოცვის წევრს ბოგდან მალენცის დაუახლოვდა და დახმარება აღუთქვა, სწორედ მალენცია უკრაინაში შემკვეთის სტატუსით დაკავებული. შემდეგ მოხდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირება, გაირკვა, რომ აქაც მიმდინარეობდა გამოძიება და დაიგეგმა ოპერაცია. როგორც ჩანს, სწორედ ეს პირი ვითომ დანაშაულის შემსრულებლის სტატუსით ხვდებოდა თბილისში მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულებს და დღეს სწორედ ეს ფარული ჩანაწერებია საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

მკვლელობის მომზადებას გამოძიება გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს ედავება. ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები ბრალს არ აღიარებენ. ბექა ცინცაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ირწმუნება, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია. მას წარსული შებღალული არა აქვს, წარმატებული პროდიუსერია და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დანაშაულს არ აღიარებს არც გიორგი ბიბილაური, თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ბიბილაურს გადასცეს აჭარიდან ჩამოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება. გამოძიების მტკიცებით, უკრაინელ მამაკაცს პირველად რესტორან "თაღლაურაში" შეხვდნენ 2019 წლის 15 ოქტომბერს. როგორც ჩანს, განზრახვა სწორედ უკრაინელს უნდა აესრულებინა, თუმცა ჯერჯერობით გამოძიება არ ამბობს, ვისი შეკვეთით იგეგმებოდა ძმების მკვლელობა. ბათუმში დაკავებულ ოთხ პირს: როლანდ ბერიძეს, იური მჟავანაძეს, ნუგზარ ბეჟანიძესა და გოჩა თადუმაძეს ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადებასა და შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. ოთხივე დაკავებული ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მხოლოდ იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს და ჩადენილს ინანიებს. მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას.

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები

ემზარ პაქსაძე, ადვოკატი: "ამ ბიჭებმა აჭარაში ეპოქა შექმნეს, სპორტსმენები არიან. როლანდ ბერიძე დაცვის უფროსიც იყო. ჩემი დასაცავი იური მჟავანაძე ბრალდებულია ბათუმის ეპიზოდთან დაკავშირებით. მას ასაფეთქებელი საშუალების შეძენაში დახმარებას ედავებიან. იურიმ როლანდ ბერიძე ფეთქებადი საშუალების შესაძენად მიიყვანა ნუგზარ ბეჟანიძესთან. ამის უკან ვინ იდგა, არ იცოდა, მხოლოდ გაჰყვა ერთ პირს მეორესთან. როცა სუს-ში დაიბარეს, მივიდა, მისცა ჩვენება და გაუშვეს სახლში. მერე თბილისში დაიბარეს და გამოცხადდა, ჩააბარა ბიოლოგიური ნიმუშები, ხმის ნიმუში, არსად მიმალულა. ორი ძმა და დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავს, შინ მოხუცი მამა ჰყავს. გთხოვთ, გირაო შეუფარდოთ".

მოსამართლემ არც ერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო. მას შემდეგ გრძელდებოდა ამ პირების თვალთვალი. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დისტანციური ასაფეთქებლით ავტომობილში უნდა აეფეთქებინათ. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბათუმში დამზადდა. რომ გაერკვიათ, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა, თურმე ერთ-ერთი მოწყობილობა ააფეთქეს კიდეც ბათუმის ტყეში; როცა მიხვდნენ, რომ ის გამართული იყო, გადასცეს როლანდ ბერიძეს, რომელმაც ჩამოიტანა თბილისში და გადასცა გიორგი ბიბილაურს. ბრალდებულმა გოჩა თადუმაძემ პროცესზე მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ჯი-პი-არესის სიგნალიზაცია გადასცა დაკავებულ ბიჭებს.

ფეიქრიშვილების ადვოკატ გიორგი ანთიძის თქმით, ძმებმა ამ პირების დაკავების შემდეგ სუს-ში შეიტყვეს, რომ მათი მკვლელობა იგეგმებოდა. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულებს არ იცნობენ.

ვინ და რატომ გეგმავდა ძმების მკვლელობას? ამ კითხვაზე¿ოფიციალური პასუხი ძალოვანებს ჯერ არ გაუციათ, თუმცა პროცესიდან გამოსული პროკურორი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადება როლანდ ბერიძეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა.

- უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ეს დანაშაული გამოვლინდა. ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. შემიძლია გითხრათ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გამოძიების პროცესშია ამოღებული, სწორედ ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული... მოტივის დასადგენად გამოძიება გრძელდება, - განაცხადა პროკურორმა კავსაძემ. ვატო ყიფიანი

ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს ძმებ ფეიქრიშვილებისა და ვატო ყიფიანის ურთიერთობაზე, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ პირველად მათი გზები წლების წინ გადაიკვეთა, ე.წ. მაზავშჩიკების საქმეზე. მაშინ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან ერთად ბრალი დავით ფეიქრიშვილს, კახა მისირელსა და ვატო ყიფიანს წაუყენეს. საქმის მასალებით ჩანდა, რომ ფეიქრიშვილს ე.წ. მაზით დიდი თანხა ჰქონდა მოგებული. ამ მოგებული თანხიდან მას წილს სთხოვდა ვატო ყიფიანი. გამოძიების ცნობით, სწორედ მან გაგზავნა დემეტრაძე 40.000 ლარის ასაღებად ფეიქრიშვილთან, რომელმაც მას თანხა გადასცა და სწორედ ამ დროს დააკავეს ფეხბურთელიც და ძალოვანი კახა მისირელიც. გიორგი დემეტრაძე ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო იყო და მხოლოდ ფულის ასაღებად მივიდა მეგობრის თხოვნით. სასამართლო პროცესზე ყიფიანისა და ფეიქრიშვილის სატელეფონო ჩანაწერებიც გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ყიფიანი მას ფულს სთხოვდა. რადგან ვატო ყიფიანი ქვეყანაში არ იყო, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და დაუსწრებლად გაასამართლეს. ასევე ამ საქმეზე გაასამართლეს ფეიქრიშვილი, მისირელი და დემეტრაძეც.

საზოგადოებას ახსოვს ძმებ ფეიქრიშვილების ხმაურიანი დაკავება. რამდენიმე წლის წინ ოჯახის წევრები პოლიციას მათთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებდნენ. გიორგი ფეიქრიშვილმა გადაიღო კიდეც თავისი დაკავების ფაქტი. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგის გამართლება შეძლო ადვოკატმა გიორგი ანთიძემ, დავით ფეიქრიშვილი კი ციხიდან 2018 წელს გამოვიდა.

ფეიქრიშვილების გვარი თბილისში სოსო ჯოხაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამის გაგრძელებაა ახლანდელი შეკვეთილი დანაშაულიც, თუმცა ამას აბსურდულს უწოდებს ფეიქრიშვილების ადვოკატი. სოსო ჯოხაძე 2016 წელს ვაკეში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მისი მკვლელობის ბრალდებით ძმებ ფეიქრიშვილების მეგობარი ბადრი ნათობაძე, მეტსახელად "ბადუკა" დააკავეს და გაასამართლეს. ისიც ითქვა, რომ სწორედ ამ დანაშაულის შემდეგ დაიგეგმა ფეიქრიშვილების განზრახ მკვლელობა. სოსო და გიორგი ჯოხაძეებს თბილისში "პლეხანოველი ძმების" სახელით იცნობენ. როგორც შევიტყვეთ, გიორგი ჯოხაძე ახლა პატიმარია. სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე 26 წლის გიორგი შარაშენიძე მოკლეს. როგორც ითქვა, შარაშენიძე ჯოხაძეებთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრი იყო და ფეიქრიშვილებთან მეგობრობდა. ძალოვანებმა ეს საქმეც ოპერატიულად გახსნეს და სამი პირი დააკავეს. მაშინაც ითქვა, რომ თავდამსხმელები გიორგი და სოსო ჯოხაძეების გარემოცვის წევრები იყვნენ. ნიკა მეგრელიშვილსა და ომარ თურქიძეს ბრალი წაუყენეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის. კიდევ ერთი ბრალდებული ბახვა ჩალიგავა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გაასამართლეს. 2019 წლის ოქტომბერში ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კუთხეში კიდევ ერთი დანაშაული მოხდა - ააფეთქეს ლევან კობიაშვილის ძმის, არჩილ კობიაშვილის მანქანა. დააკავეს ბრალდებული გურამ მგალობლიშვილი. ითქვა, რომ ეს დანაშაულიც ძმებ ფეიქრიშვილების წინააღმდეგ იყო ჩადენილი, რადგან არჩილის მანქანას ფეიქრიშვილები ხშირად იყენებდნენ.

ახლა გაჩნდა ახალი ბრალდება, სამიზნე ისევ ძმები ფეიქრიშვილები არიან, ვატო ყიფიანის გვარი და ჯოხაძის საქმეც ისევ ამოტივტივდა.

მართალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე მკვლელობის მოტივზე არ ლაპარაკობს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ გამოძიების ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილება.

ამ სკანდალურ დანაშაულთან ვატო ყიფიანის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს მისი ადვოკატი მარიკა ფხალაძე:

- ვადასტურებ, რომ ვატო ყიფიანი იცნობს ძმებ ფეიქრიშვილებს, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, ან მით უმეტეს მტრობა, რომელსაც შეიძლებოდა ასეთი ქმედებები გამოეწვია, არ არსებობს. ინფორმაციას, თითქოს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, არ ვადასტურებ. ისინი ე.წ. მაზავშჩიკების საქმეში ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობდნენ და ინტერესთა კონფლიქტი არც მაშინ და არც მერე მათ შორის არ ყოფილა. ვატოს ბრალი წაყენებული არა აქვს.

- პროკურორმა დაადასტურა, რომ ყიფიანზე მიუთითებენ დაკავებული პირები; ისინი ამბობენ, რომ ასაფეთქებელი მასალის მომზადება როლანდ ბერიძეს ვატო ყიფიანმა შეუკვეთა. - ვატო ყიფიანი ამბობს, რომ ეს არის სიცრუე. წლებია, ყიფიანი წასულია საქართველოდან, მაშინაც კი, როცა განიხილებოდა ე.წ. მაზავშჩიკების საქმე, ის არ იყო საქართველოში და სასამართლო პროცესები მის გარეშე მიმდინარეობდა. ინტერესთა კონფლიქტი არც იმ საქმეში ყოფილა, რომ ის მათი დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. იმ საქმის დამთავრებიდან 10 წელი ის საქართველოში არ ჩამოსულა.

- კიდევ ერთი ვერსიით, რადგან ფეიქრიშვილი ჯოხაძის მკვლელობის საქმეში ბადუკა ნათობაძესთან ერთად ფუგირირებდა და მაშინ არ დაისაჯა, ახლა იგეგმება შურისძიება. იმასაც ამბობენ, რომ ყიფიანი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ გიორგი ჯოხაძესთან მეგობრობს. - ამ ადამიანებს ჯოხაძის მკვლელობას არავინ ედავება, ამიტომ ამაზე კომენტარიც აბსურდული გამოდის. მათ ჯოხაძის მკვლელობასთან საერთო არაფერი აქვთ და, ბუნებრივია, ვატო ყიფიანი სამაგიეროს ვერ გადაუხდის ფეიქრიშვილებს.

- ჯოხაძეებთან ვატო ყიფიანის მეგობრობას ადასტურებთ? - ვატო ყიფიანის მეგობართა წრეს ვიცნობ, მაგრამ ჯოხაძეებს - არა.

- თვითონ ვატო ყიფიანი რას ამბობს? - ძალიან გაღიზიანებულია. დამირეკა და მითხრა, ეს აბსურდია, მე რა შუაში ვარო. შეიძლება ადამიანმა რაღაც თქვას, მაგრამ ნათქვამს უნდა ახლდეს მტკიცებულება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში არ არის.

- ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილ უფროსთან, ბრალდებულ როლანდ ბერიძესთან ყიფიანის ნაცნობობას ადასტურებთ? - დიახ, როლანდს იცნობს, მაგრამ სხვა ბრალდებულებს იცნობს თუ არა, არ ვიცი.

- თუ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ითანამშრომლებს გამოძიებასთან? - ვერც ამაზე გაგცემთ პასუხს, რადგან ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ჩამოვა თუ არა, არ ვიცი. თავის დროზე მან სასჯელი მოიხადა, ციხიდან გამოვიდა და ქვეყნიდან წავიდა, თუმცა თვლიდა, რომ მაშინაც უკანონო პატიმარი იყო.

"ვატო ყიფიანმა მთხოვა დავხმარებოდი ორი ცალი "ტელეფონი ბანანის" დამზადებაში"

მართალია, ბრალდებული როლანდ ბერიძე ახლა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ მისი ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ვატო ყიფიანმა სთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის და ტროტილის შოვნა.

როლანდ ბერიძე

როლანდ ბერიძის ჩვენებიდან:

"2019 წლის ნოემბრის დასაწყისში ვაცაპის მეშვეობით დამიკავშირდა უკრაინიდან მეგობარი ვალერიან (ვატო - ავტ.) ყიფიანი და მთხოვა დავხმარებოდი ორი ცალი "ტელეფონი ბანანის" დამზადებაში. მივხვდი, რომ "ტელეფონი ბანანში" მან იგულისხმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედებაში მოყვანა ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. მივხვდი, ღიად საუბარი არ სურდა და ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. მას დიდი ხანია ვიცნობ და მეგობრობა მაკავშირებს. თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და დავპირდი, რომ ვნახავდი ვინმეს, ვინც დამეხმარებოდა. არ მიკითხავს, რისთვის სჭირდებოდა და არც მას უთქვამს. მოგახსენებთ, დაცვის სამსახურში მუშაობის დროს გავიცანი ნუგზარ ბეჟანიძე და იური მჟავანაძე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ სპეცდანიშნულების რაზმ "ალფაში" და ასლან აბაშიძის დაცვაშიც. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ნოემბრის ბოლოს შევხვდი იური მჟავანაძეს. ვკითხე, ვინ შეიძლებოდა დამხმარებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში შეიძლებოდა დაგვხმარებოდა ნუგზარ ბეჟანიძე. მეორე დღეს ერთად მივედით ხელვაჩაურში, ნუგზარის სახლში. ის მარტო იყო, მე ნუგზარს იური მჟავანაძის თანდასწრებით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ორი ცალი ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადება, რომლის მოქმედებაში მოყვანა შეიძლებოდა მობილური ტელეფონით. ვკითხე, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვისაც ამის დამზადება შეეძლო. ასევე ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ტროტილი. მითხრა, რომ სავარაუდოდ, შეძლებდა დახმარებას. ასაფეთქებლის დამზადების მოტივზე საუბარი არ ყოფილა, ამის გამხელას არც მე ვაპირებდი და არც მას სურდა გარკვევა. მე და იური მალევე წამოვედით. მეორე დღეს დამიკავშირდა ნუგზარი და მითხრა, რომ დეტალები გაარკვია. იმავე დღეს შევხვდი. მითხრა, რომ ამისთვის სჭირდებოდა ორი ტელეფონი, 4 სიმბარათი და დასაწყისისთვის 120 დოლარი... ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე მაღაზიაში შევიძინე ორი ცალი ჩინური შავი ტელეფონი, ორივეში გადავიხადე დაახლოებით 90 ლარი, იმავე მაღაზიაში შევიძინე 4 ცალი ლაი-ლაის სიმბარათი, რომლის ნომრები არ ვიცი და ისინი არავის სახელზე არ გამიფორმებია. გამყიდველ გოგონასაც დაჟინებით არ მოუთხოვია ნომრის გაფორმება, რადგან მცნობდა სახეზე და ეტყობა, ნდობის მომენტი იყო. ამის შემდეგ ისევ მივედი ნუგზარ ბეჟანიძესთან, მივუტანე ტელეფონები, სიმბარათები და 120 დოლარი.

მითხრა, რომ მისთვის კიდევ უნდა მიმეცა 500 ლარი, აღნიშნული თანხა თან არ მქონდა და დავპირდი, რომ მოგვიანებით გადავცემდი. მოთხოვილი თანხიდან მხოლოდ 250 ლარი გადავეცი, დანარჩენი დღემდე არ მიმიცია. ნოემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, დამიკავშირდა ნუგზარ ბეჟანიძე და მითხრა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო, ასევე თან ჰქონდა ტროტილი, შემეძლო მასთან სახლში მივსულიყავი და წამომეღო. მე დავუკავშირდი ვალერიან ყიფიანს და ვუთხარი, რომ მისი შეკვეთა მზად იყო. ვკითხე, თუ ვისთვის უნდა მიმეცა. მიპასუხა, რომ უნდა ჩამეტანა თბილისში, სადაც დამიკავშირდებოდა პიროვნება, სავარაუდოდ, ლაშა ან ბექა, ზუსტად სახელს ვერ ვიხსენებ, და მისთვის უნდა გადამეცა...

ისევ პირადად მივედი ბეჟანიძესთან, რომელმაც მომაწოდა შავ ცელოფანში გახვეული ნივთი და ამიხსნა მოწყობილობის გამოყენების წესი. მითხრა, რომ ცელოფანში მოთავსებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელშიც დამაგრებული იყო სიმბარათი, ასევე მობილური ტელეფონი და იმაშიც იდო სიმბარათი და კონკრეტული ნომრიდან იმ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში გააქტიურდებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ არც ბარათში და არც მოწყობილობაზე მოთავსებული სიმბარათების ნომრები არ ვიცი. იმავე დღეს დავუკავშირდი ჩემს ნაცნობს, დავით წილოსანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და ჩამოსული იყო, ვკითხე, ხომ არ იცოდა ვინმე თბილისში მიმავალი, რომ დავმგზავრებოდი. მითხრა, გამირკვევდა. მომცა ვინმე ჯემიკოს ნომერი, რომელიც ბათუმში იყო ჩასული ბიზნესის საქმეებზე და აპირებდა თბილისში დაბრუნებას...

ბათუმში სასტუმრო "შერატონთან" შევხვდით ერთმანეთს. ის მოვიდა "ტოიოტას" მარკის ავტომობილით და წავედით თბილისში. ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩავიტანე 2019 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულამდე, ზუსტი დღე არ მახსოვს. თბილისში წასვლამდე დავუკავშირდი ვალერიან ყიფიანს და ვუთხარი, რომ თბილისში ჩასვლამდე ტელეფონს გავთიშავდი, რადგან დაძაბული ვიყავი და მსურდა ზედმეტი ზარებისა და შეკითხვებისგან თავის არიდება. თბილისში "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოვედი ჯემიკოს მანქანიდან, დავემშვიდობე, ჩავრთე ტელეფონი, დავუკავშირდი ისევ ვალერიანს და ვაცნობე, რომ თბილისში ვიმყოფებოდი. მMალევე, დაახლოებით ნახევარ საათში, დამიკავშირდა უცნობი მამაკაცი, სახელი და გვარიც არ უთქვამს, პირდაპირ მკითხა, სად შევხვდებოდი. ზედმეტი კითხვების გარეშე შევთანხმდით და ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, ამირეჯიბის ქუჩაზე, ტაქსით მივედი დიღმიდან. როგორც მახსოვს, ის გამეცნო ბექას სახელით. ეს მოხდა საღამო ხანს და მას გადავეცი...

ნუგზარმა გადმომცა შავ ცელოფანში გახვეული მოწყობილობა, ის არ გამიხსნია და არ ვიცი, რა იდო შიგნით. ცელოფანში მოთავსებული უნდა ყოფილიყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა და მობილური ტელეფონი. მოგახსენებთ, მე მალევე ვინანე ჩემი საქციელი, მეშინოდა ასეთი საქმეების და მასში მონაწილეობის. ჩემი პირადი დაინტერესება არანაირად არ ყოფილა ასაფეთქებელი მოწყობილობის ნახვა. ვაცნობიერებ და ვნანობ ჩადენილს... 19 იანვარს ჩემსა და ვალერიანს შორის იყო მიმოწერა ვაცაპში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე არ გვისაუბრია. შესაბამისად, ჩემთვის უცნობია გამოიყენა თუ არა, ან რისთვის უნდოდა და სხვა დეტალები. აქვე გეტყვით, მერე ისევ დამიკავშირდა ნუგზარ ბეჟანიძე და მითხრა, რომ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა მზად, მე გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი, რომ იმ მამაკაცს გადავეცი მხოლოდ ერთი მოწყობილობა, ამის თაობაზე ვალერიანს არ შევხმიანებივარ და ნუგზარ ბეჟანიძესაც ჩემი გადაწყვეტილებით ვუთხარი უარი, რადგან ვხვდებოდი არაკანონიერ მოქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას და ჩემი საქციელისთვის არ მინდოდა კიდევ მეორე დამემატებინა. ძალიან ვნანობდი, ვალერიან ყიფიანს დახმარებაზე უარი რომ არ ვუთხარი. ნუგზარს ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს, მხოლოდ ის შემახსენა, რომ დარჩენილი თანხა მქონდა მისაცემი. მირეკავდა პერიოდულად იმ ხუთასი ლარის გადაცემაზე. ბოლოს ვისაუბრეთ 21 იანვარს და დავპირდი, რომ ველოდებოდი თანხას და გადავიხდიდი იმ ხუთას ლარს. აქვე გეტყვით, ვალერიან ყიფიანს ვუკავშირდებოდი ვაცაპის მეშვეობით, მე ვატოს ვეძახი, ამიტომ მისი უკრაინული ნომერი ზეპირად არ ვიცი და ჩაწერილი მაქვს ტელეფონში ლათინური ასოებით, ვატო ყიფიანის სახელით. ვატო ყიფიანს ამ საქმის გამო არანაირ თანხაზე ჩემთან საუბარი არ ჰქონია და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, არც მიფიქრია მისთვის თანხის მოთხოვნა. მე ნუგზარს ვაძლევდი პირად თანხას და ამაზე ვატოსთან არაფერი მითქვამს".