"გოგაშვილი რომ იმუქრება, მაჩალიკაშვილს დავადუმებო, ვნახოთ, ვინ ვის დაადუმებს!" - კვირის პალიტრა

"გოგაშვილი რომ იმუქრება, მაჩალიკაშვილს დავადუმებო, ვნახოთ, ვინ ვის დაადუმებს!"

"საქმე სტრასბურგშია და ჩემი ბრძოლა გაგრძელდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - გოგაშვილს ჩატაევის დიდი ვალი ჰქონდა და მისი მოკავშირე იყო. როცა ჩატაევმა იქიდან დამუქრება დაიწყო, ის თბილისში ჩამოიყვანეს იმ ქისტი ბიჭების დახმარებით, რომლებიც დღეს დაჭერილები არიან. ჩამოაყვანინეს და მერე ამ ბიჭებსაც ტერორიზმში დასდეს ბრალი. მერე ამ ყველაფრის გადასაფარავად პანკისში წამოვიდნენ. საქართველოს არანაირი ტერორიზმის საფრთხე არ ჰქონია და არც ექნება"

ორწლიანი გამოძიების შემდგომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დახურა და დაასკვნა, რომ მისი მკვლელობა აუცილებელი მოგერიება იყო. 2017 წლის 26 დეკემბერს მოკლული 19 წლის თემირლანის საქმე სტრასბურგში წავიდა. გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა არაპროპორციული ძალა და არსებობდა თუ არა ტერორიზმში დადანაშაულებული ახალგაზრდის ლიკვიდაციის აუცილებლობა, ევროპული სასამართლო იტყვის. პროკურატურის განმარტებით კი, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიებით დადასტურდა, რომ "სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემო მყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა. ასევე დადასტურდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

"მაშინებდნენ, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, შევწყვეტთ გამოძიებას და თემირლანს ტერორისტად გამოვაცხადებთო"

ჩვენ თემირლანის მამას, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს დავუკავშირდით.

- მქონდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა ასეთ შედეგს დადებდა. ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ბრძოლა შემეწყვიტა. რამდენჯერმე შემომთავაზეს, ხალხიც მომიგზავნეს, მაგრამ ჩემი პასუხი მუდმივად ის იყო, რომ ბრძოლა გაგრძელდებოდა. რაც შეეხება პროკურატურასა და სასამართლოს, ამაზე არც მსურს კომენტარის გაკეთება, დღეს ქვეყანაში არც პროკურატურაა და არც სასამართლო! მთელი ამ ხნის განმავლობაში მაშინებდნენ, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, შევწყვეტთ გამოძიებას და თემირლანს ტერორისტად გამოვაცხადებთო. ჩემი მიზანი ის იყო, საზოგადოებას გაეგო, რატომ მოკლეს თემირლანი და რა უძღოდა ამას წინ. ყოველთვის უნდობლობას ვუცხადებდი ამ ხელისუფლებას, ვიცოდი, ამ საქმეზე სიმართლეს არ იტყოდა.

ჩემთან მაღალი თანამდებობის პირებიც მოვიდნენ და მითხრეს, ბატონო ვახა, ჩვენ არ შეგვიძლია ამის აღიარება მედიისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ეს რომ ვაღიაროთ, ქვეყნის მტერი "ნაციონალური მოძრაობა" ამას არ გვაპატიებსო. მოგზავნილ ხალხს ყოველთვის ვპასუხობდი, რომ მე არაფერი მესაქმება არც ერთ პარტიასთან. გაერთიანებული ოპოზიცია მიდგას და უნდა დამიდგეს მხარში, რათა სამართლიანობას მივაღწიო. "ოცნების" ხელში ეს შეუძლებელია-მეთქი, ამ სიტყვებით ვაცილებდი მათ ყოველ ჯერზე და ამას მოჰყვა გამოძიების შეწყვეტა და თემირლანის ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოცხადება.

- ვინ იყვნენ ისინი, ვინც გემუქრებოდათ ან ვინ გთავაზობდათ ამას?

- განადგურებით ადრევე მემუქრებოდნენ, მაგრამ ამას არაფრად მივიჩნევ. რაც შეეხება შემოთავაზების ავტორებს, მათ გვარებს არ დავასახელებ.

- უმრავლესობამ განაცხადა, რომ დადასტურდა თემირლანის კავშირი ტერორისტებთან. როგორც გია ვოლსკიმ თქვა, "სულ მცირე, ერთი წევრით დადასტურდაო". საზოგადოებამ ჩათვალა, რომ მან თქვენზე მიანიშნა... - გია ვოლსკიმ ჩემზე ისიც თქვა, ეგ არსად არ უნდა შეუშვანო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩატაევი და მისი ამფსონები სოსო გოგაშვილმა და ირაკლი ჩიმაკაძემ შემოიყვანეს საქართველოში. დანარჩენი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, მაგრამ არსებობს კი?

ორი წელია ქუჩაში ვდგავარ, ჩემგან თუ რაიმე საშიშროება მოდიოდა, ხალხი დაინახავდა. ტერორისტები მმართველ პარტიაში არიან.

ჩატაევი და მისი ხალხი სუს-მა შემოიყვანა და დაასახლა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

- ითქვა, რომ ისინი ტერაქტს აპირებდნენ, რომ თქვენ და თემირლანს მათთან გქონდათ კავშირი... - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არანაირი კავშირი არ მქონია ჩატაევთან. ის ისეთივე ნაძირალა და გახრწნილი იყო, როგორიც გოგაშვილი და ჩიმაკაძე არიან.

გოგაშვილი რომ იმუქრება, მაჩალიკაშვილს დავადუმებო, ვნახოთ, ვინ ვის დაადუმებს!

- გოგაშვილი ამბობს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას ნათელს მოჰფენს. თუ იცით, რაზეა ლაპარაკი? - ხალხს ატყუებდნენ, მტკიცებულებები გვაქვსო, მაგრამ გამოჩნდა, რაც აქვთ. ეს საქმე არ ჩაიფარცხება, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება და ყველა დაისჯება.

ამათ ტროლები და ბოტები აამუშავეს, არავითარ ჩეჩენ ძმებს თემირლანი არ იცნობდა.

- ჩატაევთან ნათესაობა გაკავშირებთ? - ჩვენთან, ქისტებში და ვაინახებში, ნათესავად მხოლოდ სისხლით ნათესავი ითვლება. ჩატაევის მესამე ცოლი ჩემი სიმამრის ნახევარძმის შვილიშვილია. ამას ნათესაური კავშირი არ ჰქვია.

- ამ საქმის ყველაზე სუსტი რგოლი მაინც ხელყუმბარაა. საიდან გაჩნდა ის თემირლანის ოთახში? გამოძიების დასკვნით, მასზე თემირლანის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა. - თემირლანს ხელყუმბარა ხელში არ სჭერია, ის ოთახში შეიტანეს, ამიტომაც იყო 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელებმა მოკლულ შვილთან არ შემიშვეს. სანამ ყუმბარას შემოიტანდნენ და კუთხეში დადებდნენ, მთელი ოჯახი მძევლად ვყავდით აყვანილი. მათ გადაიტანეს ყუმბარაზე ჩემი შვილის დნმ-ის ნიმუშები, მაგრამ ვერ გადაიტანეს თითის ანაბეჭდები. სოსო გოგაშვილის მითითებით დადეს ყუმბარა.

როცა მიხვდნენ, რომ შეცდნენ, რომ ჩვენი ექსპერტები ხელყუმბარის ნახვას ითხოვდნენ, ერთადერთი მტკიცებულება გაანადგურეს. ჩიმაკაძე ამბობს, თემირლანს ხელყუმბარა უნდა აემოქმედებინაო. სპეცრაზმელები დაკითხვისას სხვადასხვა ჩვენებას იძლეოდნენ, თემირლანმა ხელყუმბარა მარცხნივ გადაიტანა, მარჯვნივ გადაიტანა, საბნიდან ამოიღოო... სანამ სპეცრაზმელები ოთახში შეიჭრებოდნენ, თემირლანი 7 წუთის განმავლობაში ტელეფონზე ესაუბრებოდა მეგობარს. თემირლანს ორი მეტრის დაშორებით თავზე ადგას სპეცრაზმელი და როგორ ფიქრობთ, საშუალებას აძლევენ ხელყუმბარა ხან მარჯვნივ გადაიტანოს, ხან კი მარცხნივ?

ესენი რომ შეცვივდნენ, თემირლანს ხელში ტელეფონი ეჭირა, მიანათა და შეშინებულმა სპეცრაზმელმა ესროლა. ეს არის ყველაფერი.

- პროკურატურა ამბობს, სპეცოპერაციის დროს გოგაშვილი იქ არ ყოფილაო. თქვენმა მეუღლემ ნამდვილად ნახა ის სოფელში იმ დილას, იქნებ ვინმეში ეშლება? - ჩემი მეუღლე დღესაც ირწმუნება, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, დილის 10 საათისთვის ვინც გამოელაპარაკა, სოსო გოგაშვილი იყო. მე პირადად ის არ მინახავს.

- გასროლის მომენტში სად იყავით? - კარის შემტვრევისა და სროლის ხმა ერთდროულად იყო. როცა თემირლანი სუნთქავდა, ისიც გვესმოდა პირველ სართულზე. გასროლისას ისიც კი ვიგრძენი, როგორ გაიარა ტყვიამ თემირლანის თავში. ამ ხმის გაგონებაზე მე და ჩემი მეუღლე გარეთ გავცვივდით, მაგრამ კიბიდან დედაჩემის საძინებელში შეგვაგდეს, სადაც სამი საათით დაგვატყვევეს. იქ რა ხდებოდა, არ ვიცით. როცა ესენი შევიდნენ, თემირლანს ან ტელეფონით ხელში ეძინა, ან ტელეფონი მიანათა.

ამათ თავიანთივე შემოყვანილი ჩატაევისა და მისი ჯგუფის ინფორმაციის მქონე კაცის მოკვლა სჭირდებოდათ, მაგრამ სამიზნე შეეშალათ.

შეშინებული გოგაშვილი რას ამბობს, რაში მაინტერესებს?!

ვინ და რატომ შემოიყვანა ჩატაევი, ვისი დავალებით შემოიყვანეს, რატომ იყო იქ იარაღი, ამ ყველაფერში მე და ჩემი შვილი აინუნშიც არ ვიყავით.

საწოლის თავზე ნატყვიარი გვაჩვენებს, რომ თემირლანი იწვა.

- როგორ ფიქრობთ, პარლამენტში ამ საქმის საგამოძიებო კომისია შეიქმნება? - "ოცნება" იბრძვის, რომ არ შეიქმნას, იმიტომ რომ ამ საქმეს გადაჰყვება. ყველაფერი ერთი კაცის ხელშია და როგორ ფიქრობთ, ვინმე იტყვის, რომ თემირლანი მართალია? იმ საპარლამენტო კომისიაში 10-დან 1%-მაც რომ დაამტკიცოს, საკმარისია, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს.

საქმე სტრასბურგშია და ჩემი ბრძოლა გაგრძელდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - გოგაშვილს ჩატაევის დიდი ვალი ჰქონდა და მისი მოკავშირე იყო. როცა ჩატაევმა იქიდან დამუქრება დაიწყო, ის თბილისში ჩამოიყვანეს იმ ქისტი ბიჭების დახმარებით, რომლებიც დღეს დაჭერილები არიან. ჩამოაყვანინეს და მერე ამ ბიჭებსაც ტერორიზმში დასდეს ბრალი. მერე ამ ყველაფრის გადასაფარავად პანკისში წამოვიდნენ. საქართველოს არანაირი ტერორიზმის საფრთხე არ ჰქონია და არც ექნება.

- არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკანო, ამბობთ, როგორ გააგრძელებთ ბრძოლას? - ხალხია ჩემი რესურსი, მხარდამჭერი და ჩემი იმედი. თუ არ შეიქმნა კომისია, ხალხი გამოვა და მოითხოვს მის შექმნას.

- ვერ გაკადრებთ, გიყენებდნენ-მეთქი, მაგრამ ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ თქვენს საქმეს "ნაციონალები" საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. - მე ის კაცი არა ვარ, ვიღაცამ გამომიყენოს. ოპოზიცია კი არ მთხოვდა გვერდში დგომას, ჩემი მოთხოვნა იყო დამხმარებოდნენ.

- როგორი მამაშვილობა გქონდათ, როგორი ბიჭი იყო თემირლანი? - მე ის მკლავს, რომ ჩემი შვილის მკვლელობამდე არანაირი წინათგრძნობა არ მქონია, ეს არ მასვენებს... ჩვენში, ქისტებსა და ვაინახებში, როგორც სხვა ერებში, არ არის ისეთი ურთიერთობა, მამა-შვილმა ერთმანეთში იხუმროს, ერთად დასხდნენ და ჭამონ, ღვინო სვან. ძირძველი ტრადიციების მიმდევარი კაცი ვარ და ამიტომ ჩემსა და ჩემს შვილს შორის ყოველთვის იყო დისტანცია. თუმცა არ მახსენდება, არც მსმენია ისეთი ადამიანი, რომელიც მამას ისე აფასებდა, როგორც თემირლანი, მას დიდი რიდიც ჰქონდა, ხათრიც და მშობლების დაუკითხავად ფეხს არ გადადგამდა. ერთი წელიც არ იყო მკვლელობამდე გასული, რაც თემირლანმა ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ ის სახლიდან გარეთ არ გადიოდა, დისკომფორტი ჰქონდა.

მე ჩემი გეგმები მაქვს და იმას მივყვები: სამართალმა უნდა იზეიმოს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვიყო ქუჩაში და ვებრძოლო "ქართულ ოცნებას". კარავსაც გავშლი... იმის დროც მოვა, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს აგებს. თავიდანვე მივხვდი, რომ ამ ხელისუფლების ხელში სამართალს ვერ ვიპოვიდი. რა დღეშიც მე ვარ, ღმერთმა ყველას აშოროს!