"ვატო ყიფიანმა მთხოვა დავხმარებოდი, თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა" - რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული ჩვენებაში? - კვირის პალიტრა

"ვატო ყიფიანმა მთხოვა დავხმარებოდი, თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა" - რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული ჩვენებაში?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი პირი უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში დააკავეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირი, რომელიც ხარკოვიდან ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად კრიმინალურმა ავტორიტეტებმა თბილისში გამოგზავნეს, რეალურად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხარკოვში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში დაგეგმილი მკვლელობის შემსრულებელ სანდო პირს ეძებდნენ, ის კრიმინალების გარემოცვის წევრს ბოგდან მალენცის დაუახლოვდა და დახმარება აღუთქვა, სწორედ მალენცია უკრაინაში შემკვეთის სტატუსით დაკავებული.

მკვლელობის მომზადებას გამოძიება გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს ედავება. ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები ბრალს არ აღიარებენ. ბექა ცინცაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ირწმუნება, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია. მას წარსული შებღალული არა აქვს, წარმატებული პროდიუსერია და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დანაშაულს არ აღიარებს არც გიორგი ბიბილაური, თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ბიბილაურს გადასცეს აჭარიდან ჩამოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება. გამოძიების მტკიცებით, უკრაინელ მამაკაცს პირველად რესტორან "თაღლაურაში" შეხვდნენ 2019 წლის 15 ოქტომბერს.

ბათუმში დაკავებულ ოთხ პირს: როლანდ ბერიძეს, იური მჟავანაძეს, ნუგზარ ბეჟანიძესა და გოჩა თადუმაძეს ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადებასა და შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. ოთხივე დაკავებული ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მხოლოდ იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს და ჩად-ენილს ინანიებს. მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას

მართალია, ბრალდებული როლანდ ბერიძე (ასალან აბაშიძის დცავის ყოფილი უფროსი) ახლა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გაზეთამ "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოა მისი ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ვატო ყიფიანმა სთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის და ტროტილის შოვნა

ამონარიდი როლანდ ბერიძის ჩვენებიდან:

"2019 წლის ნოემბრის დასაწყისში ვაცაპის მეშვეობით დამიკავშირდა უკრაინიდან მეგობარი ვალერიან (ვატო - ავტ.) ყიფიანი და მთხოვა დავხმარებოდი ორი ცალი "ტელეფონი ბანანის" დამზადებაში. მივხვდი, რომ "ტელეფონი ბანანში" მან იგულისხმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედებაში მოყვანა ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. მივხვდი, ღიად საუბარი არ სურდა და ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. მას დიდი ხანია ვიცნობ და მეგობრობა მაკავშირებს. თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და დავპირდი, რომ ვნახავდი ვინმეს, ვინც დამეხმარებოდა. არ მიკითხავს, რისთვის სჭირდებოდა და არც მას უთქვამს. მოგახსენებთ, დაცვის სამსახურში მუშაობის დროს გავიცანი ნუგზარ ბეჟანიძე და იური მჟავანაძე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ სპეცდანიშნულების რაზმ "ალფაში" და ასლან აბაშიძის დაცვაშიც. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ნოემბრის ბოლოს შევხვდი იური მჟავანაძეს. ვკითხე, ვინ შეიძლებოდა დამხმარებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში შეიძლებოდა დაგვხმარებოდა ნუგზარ ბეჟანიძე. მეორე დღეს ერთად მივედით ხელვაჩაურში, ნუგზარის სახლში. ის მარტო იყო, მე ნუგზარს იური მჟავანაძის თანდასწრებით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ორი ცალი ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადება, რომლის მოქმედებაში მოყვანა შეიძლებოდა მობილური ტელეფონით. ვკითხე, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვისაც ამის დამზადება შეეძლო. ასევე ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ტროტილი. მითხრა, რომ სავარაუდოდ, შეძლებდა დახმარებას. ასაფეთქებლის დამზადების მოტივზე საუბარი არ ყოფილა, ამის გამხელას არც მე ვაპირებდი და არც მას სურდა გარკვევა. მე და იური მალევე წამოვედით. მეორე დღეს დამიკავშირდა ნუგზარი და მითხრა, რომ დეტალები გაარკვია. იმავე დღეს შევხვდი. მითხრა, რომ ამისთვის სჭირდებოდა ორი ტელეფონი, 4 სიმბარათი და დასაწყისისთვის 120 დოლარი... ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე მაღაზიაში შევიძინე ორი ცალი ჩინური შავი ტელეფონი, ორივეში გადავიხადე დაახლოებით 90 ლარი, იმავე მაღაზიაში შევიძინე 4 ცალი ლაი-ლაის სიმბარათი, რომლის ნომრები არ ვიცი და ისინი არავის სახელზე არ გამიფორმებია. გამყიდველ გოგონასაც დაჟინებით არ მოუთხოვია ნომრის გაფორმება, რადგან მცნობდა სახეზე და ეტყობა, ნდობის მომენტი იყო. ამის შემდეგ ისევ მივედი ნუგზარ ბეჟანიძესთან, მივუტანე ტელეფონები, სიმბარათები და 120 დოლარი.

მითხრა, რომ მისთვის კიდევ უნდა მიმეცა 500 ლარი, აღნიშნული თანხა თან არ მქონდა და დავპირდი, რომ მოგვიანებით გადავცემდი. მოთხოვილი თანხიდან მხოლოდ 250 ლარი გადავეცი, დანარჩენი დღემდე არ მიმიცია. ნოემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, დამიკავშირდა ნუგზარ ბეჟანიძე და მითხრა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მზად იყო, ასევე თან ჰქონდა ტროტილი, შემეძლო მასთან სახლში მივსულიყავი და წამომეღო. მე დავუკავშირდი ვალერიან ყიფიანს და ვუთხარი, რომ მისი შეკვეთა მზად იყო. ვკითხე, თუ ვისთვის უნდა მიმეცა. მიპასუხა, რომ უნდა ჩამეტანა თბილისში, სადაც დამიკავშირდებოდა პიროვნება, სავარაუდოდ, ლაშა ან ბექა, ზუსტად სახელს ვერ ვიხსენებ, და მისთვის უნდა გადამეცა...

...

ვატო ყიფიანს ამ საქმის გამო არანაირ თანხაზე ჩემთან საუბარი არ ჰქონია და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, არც მიფიქრია მისთვის თანხის მოთხოვნა. მე ნუგზარს ვაძლევდი პირად თანხას და ამაზე ვატოსთან არაფერი მითქვამს".

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად