ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, მათ შვილზე შურისძიების მიზნით გაუსწორდა - ვინ მოკლა ცოლ-ქმარი გარდაბანში? - კვირის პალიტრა

ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, მათ შვილზე შურისძიების მიზნით გაუსწორდა - ვინ მოკლა ცოლ-ქმარი გარდაბანში?

2019 წლის 7 ივნისს, გვიან ღამით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასტიკი მკვლელობა მოხდა. თავდამსხმელებმა მუსაევების ოჯახში შეაღწიეს და შუახნის აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მაცხოვრებლები ამბობდნენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ურტყეს, რის შედეგადაც სახე ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში იპოვეს. თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ მკვლელს შესაძლოა პრობლემები ჰქონოდა გარდაცვლილების ვაჟთან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ დამნაშავემ კედლებზე წარწერები დატოვა, სადაც მოკლულების ვაჟს მიმართადა. "ედიკ, დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით", - ამ შინაარსის რუსულენოვანი წარწერები დატოვეს მკვლელებმა გარდაცვლილების კერძო სახლის კედლებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს - 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული მოკლულების შვილის ედიკ მუსაევის ცოლის ძმაა და ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, შვილზე შურისძიების მიზნით გაუსწორდა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.