"პირველად ვხედავ, როცა "ქურდი" გარბისო..." - "კვეჟოვიჩი" სტამბოლში დააკავეს - კვირის პალიტრა

"პირველად ვხედავ, როცა "ქურდი" გარბისო..." - "კვეჟოვიჩი" სტამბოლში დააკავეს

ერთი კვირის წინ, თურქმა სამართალდამცავებმა კრიმინალური სამყაროს წამყვან ავტორიტეტ ნადირ სალიფოვზე, იგივე "გულუზე" თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის ქართველი "კანონიერი ქურდი", ქუთაისური კლანის წარმომადგენელი გურამ ჩიხლაძე, იგივე "კვეჟოვიჩია".

ჩიხლაძესთან ერთად დააკავეს დაჯგუფების სხვა წევრებიც, მათგან 3 - უკრაინელია, 8 - აზერბაიჯანელი, 4 - ქართველი, 1 კი რუსეთის მოქალაქე.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად თურქ სამართალდამცავებს ჩიხლაძის ვინაობის დადგენა გაუჭირდათ, რადგან ის ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ დაკავებულებს შორის ნამდვილად "კვეჟოვიჩია".

ქართველი კრიმინალური ავტირიტეტისა და ნადირ სალიფოვის დაპირისპირება "ქურდული სამყაროში" კარგა ხნის წინ დაიწყო.

2019 წლის 26 ოქტომბერს, "გულუსა" და კვეჟოვიჩს შორის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი თავად შაქრო კალაშოვი გახლდათ, რომელიც გურამ ჩიხლაძეს მფარველობს.

ამ შეხვედრაზე, "გულუმ" კვეჟოვიჩი გააფრთხილა, რომ ის ისეთ ხალხთან ურთიერთობდა, რომელთაც არ აქვთ კარგი რეპუტაცია. "გულუს" სიტყვა "კვეჟოვიჩისთვის", როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა და მან მტკიცებულებები მოითხოვა, რაც არ მოეწონათ არც "გულუს" და არც შეხვედრის სხვა დამსწრეებს. სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, დაძაბული სიტუაცია, რომელიც "კანონიერმა ქურდმა" შაქრო კალაშოვმა თითქოს დაარეგულირა, მოულოდნელად შეიცვალა.

სტამბოლში კრიმინალური სამყაროს წევრების მორიგ შეხვედრაზე, ქუთაისური კლანის წარმომადგენელს "კვეჟოვიჩს" ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეხვედრაზე, ეროვნებით ყაზახმა არმან ჯუმაგელდიევმა, იგივე "არმან დიკიმ" ქართველ "კანონიერ ქურდს" კრიმინალური ავტორიტეტის ნადირ სალიფოვის, იგივე "გულუს" მიმართ არასათანადო ქცევა დაუწუნა. ცნობილია, რომ მანამდე "კვეჟოვიჩი" "გულუს" ნათესავს "მაგა რუსთავსკის" ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ამბობენ, ე.წ. "კანონიერ ქურდთან" ფიზიკური დაპირისპირება არავის შერჩება, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების საპასუხოდ, ჩიხლაძემ შეხვედრა დატოვა, რა დროსაც "გულუს" უთქვამს, - პირველად ვხედავ, როცა "ქურდი" გარბისო.

გასული წლის დეკემბერში, ჩიხლაძესა და "გულუს" მხარდამჭერებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სააგენტოს ცნობით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაახლოებით 15-კაციანი დაჯგუფებით იმ რესტორანში მივიდა, სადაც "გულუს" ნათესავი, მეგობრებთან ერთად, ისვენებდა. რესტორანში მისულმა "კვეჟოვიჩმა" სუფრაზე "მაგა რუსთავსკის" გადასძახა უნდოდა თუ არა მას ე.წ. კანონიერი ქურდი გამხდარიყო. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ "გულუს" ნათესავი დიდი ხანია ცდილობს "კრიმინალური სამყაროს ოჯახის" წევრი გახდეს და "კვეჟვიჩს" უპასუხა, რომ საკუთარ თავს ის "ქურდად" მიიჩნევს. ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. "კვეჟოვიჩის" ჯგუფის წევრმა "მაგა რუსთავსკი" დანით დაჭრა. ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, "გულუს" გარემოცვაში ბევრი მოიძებნება, ვინც კრიმინალური ავტორიტეტის თვალში ქულების დასაწერად, "კვეჟოვიჩს" და მისი ჯგფის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ინციდენტის შემდეგ გამართულ "სხოდკაზე" "კვეჟოვიჩს" "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს.

მოამზადა ნიკა გულუამ