რა კავშირია ფეიქრიშვილების შეკვეთილ მკვლელობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეს შორის - კვირის პალიტრა

რა კავშირია ფეიქრიშვილების შეკვეთილ მკვლელობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეს შორის

ინტერვიუ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიმაკაძესთან

ბოლო დროს მედიაში კვლავ გააქტიურდა 2017 წლის 22-23 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თემა. "კვირის პალიტრამ" მკითხველს ჯერ კიდევ 2017 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება (ექსკლუზიური დოკუმენტებით და აუდიოჩანაწერებით), 2018 წლის 22 ნოემბერს კი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის ექსკლუზიური ინტერვიუ შესთავაზა. ამჯერად, ბატონ ირაკლისთან ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის დეტალებსა და ზოგადად, ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ.

- როდესაც კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ბრიფინგი ინიშნება, რა თქმა უნდა, საზოგადოება ელის, რომ ლაპარაკი იქნება ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულზე. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილ მკვლელობას. რატომ ჩაერთო კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებაში? ხომ არ გქონდათ ეჭვი მოსალოდნელ ტერაქტზე და შემდგომში აღმოჩნდა, რომ საქმე მკვლელობას ეხებოდა?

- ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ დანაშაულზე, რომელზეც ვიღებთ ინფორმაციას. ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა კონკრეტული პირების ლიკვიდაცია და ამისთვის სხვადასხვა ვერსიაც განიხილებოდა.

- ინფორმაცია საქართველოდან მიიღეთ? - დიახ. ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, თუმცა იგივე ინფორმაცია მალე უკრაინელი კოლეგებისგანაც მივიღეთ. იმ დროს ჩვენ ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საქმეზეც ვმუშაობდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პირი დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას ცდილობდა. უკვე დადგენილი გვყავდა ისინი და მათ დანაშაულში მხილებას ვაპირებდით.

დავუბრუნდეთ შეკვეთილ მკვლელობას. უკრაინელი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია ჩვენს ხელთ არსებულს დაემთხვა. გარდა ამისა, უკრაინელებისთვის ცნობილი იყო შუამავალიც - ერთ-ერთი მეკავშირე რგოლი დამკვეთსა და შემსრულებლებს შორის. ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ ღონისძიებები (რაზეც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ). შედეგად, უკრაინაში დააკავეს შუამავალი, ჩვენ კი აქ დავაკავეთ დანაშაულში ჩართული პირები.

- ზემოთ ტერორიზმთან დაკავშირებული საქმე ახსენეთ. მას რაიმე კავშირი აქვს ფეიქრიშვილების შეკვეთილ მკვლელობასთან? - დიახ, მუშაობისას ეს ორი საქმე გადაიკვეთა. ამ ეტაპზე, დაკავებულ პირთა ქმედებებში ტერორისტულ დანაშაულთან შემხებლობა არ იკვეთება. როგორც კი მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მისამართზე ინახებოდა უკვე დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მოსამართლის განჩინებით გავჩხრიკეთ ბინები და მოწყობილობა ამოვიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ კუსტარულად არის დამზადებული, მაღალი ხარისხისაა. მართალია, ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არა გვაქვს, ვიზუალურად ასე ჩანს. აღმოჩნდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ დაკავებულ პირს გადასცეს, აჭარაში ჩხრეკისას ამოღებულის იდენტური იყო. ორივე ერთი და იმავე პირის დამზადებულია.

- ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას და თან მაღალი ხარისხით, ქუჩაში ნამდვილად არ ასწავლიან. პირს, რომელმაც ის დაამზადა, სპეცგანათლება და შესაბამისი გამოცდილებაც უნდა ჰქონოდა.

- გეთანხმებით, ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

- არც ის არის გამორიცხული, მისი ამ ცოდნით მხოლოდ ქურდულ სამყაროს არ ესარგებლა... - ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს, ვაპირებთ კვლევების ჩატარებას, რათა მისი დე-ენ-ემით, ბიოლოგიური მასალით დავადგინოთ აღნიშნული პირის კავშირი სხვა დანაშაულებთან. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადრეც დაემზადებინა.

- ფეიქრიშვილების საქმეზე დაკავებულ პირებს თუ ჰქონიათ ოდესმე კავშირი ტერორისტულ საქმიანობასთან?

- ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არ ჰქონიათ, თუმცა მათი ნაწილი შემჩნეულია კრიმინალურ საქმიანობაში, ნაწილს კი სუფთა წარსული აქვს."

- პირდაპირ გკითხავთ - ვინ არის დანაშაულის დამკვეთი?

- ამ ეტაპზე უცნობია დამკვეთის ვინაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. უკრაინელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ მისი ვინაობის დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

- ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მკვლელობის დამკვეთი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანია. თავად ის უარყოფს ამ დანაშაულთან კავშირს და როგორც მისი ადვოკატის განცხადებიდან შევიტყვეთ, ვატო ყიფიანი მზად არის ჩამოვიდეს და აქვე გაარკვიოს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, მოუწევს მას გამოძიებასთან თანამშრომლობა? - როგორც აღვნიშნე, არ ვფლობთ ინფორმაციას დამკვეთზე, ისევე როგორც დანაშაულის მოტივზე. მოდი, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას - თუ გამოძიება გავა დამკვეთზე და მას დავაკავებთ, ან დაიწყება მისი სამართლებრივი დევნა, ამას საზოგადოებაც შეიტყობს.

- როგორ ფიქრობთ, სად და როგორ უნდა მომხდარიყო კონკრეტული პირების ლიკვიდაცია? - რამდენიმე ვარიანტი მუშავდებოდა, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. რაც შეეხება კითხვას, სად უნდა მომხდარიყო ეს - იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა.

- ასეთ დროს ხომ შემთხვევითი მსხვერპლიც არ არის გამორიცხული?

- გეთანხმებით, ასეთ დროს არაფერია გამორიცხული, მსხვერპლი ბევრი იქნებოდა თუ ცოტა, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ.

- როგორ ფიქრობთ, გაფართოვდება დაკავებულ პირთა წრე? - ყველა ის პირი, რომლებიც დადგენილი და შემჩნეული არიან ამ დანაშაულში, დაკავებულია. თუმცა შესაძლებელია, როგორც ჩვენთან, ისე უკრაინის ტერიტორიაზე, მათი რიცხვი გაიზარდოს. გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა, დაკავებულებისგან ჯერჯერობით ჩვენება არ მიგვიღია. ნაწილი ჩვენთან თანამშრომლობს, ნაწილი - არა.

- როცა ლაპარაკია შეკვეთილ მკვლელობაზე, ყველამ ვიცით, რომ ის საკმაოდ ძვირი ჯდება. ხომ არ არის ცნობილი, რა თანხა უნდა გადაეხადათ კრიმინალურ ავტორიტეტებს შეკვეთის შესრულებაში? - რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, ეს იყო 4.000 დოლარი. ეს თანხა მორიგ შეხვედრაზე მიიტანა ერთმა პირმა და სავარაუდო მკვლელს გადასცა. სხვა თანხის დასახელება ჯერჯერობით არ შეგვიძლია. თუმცა ისიც ვიცით, რომ შეკვეთილი მკვლელობა 4.000 დოლარით არ შემოიფარგლებოდა. თანხა ბევრად მეტი იქნებოდა.

- საზოგადოდ, როცა კონკრეტული პირების მიმართ ასეთი დანაშაული იგეგმება, ეს დამკვეთის დიდ მოტივაციაზე მეტყველებს. ასეთ დროს კარგად აპრობირებული მეთოდია "ახლა არ გაამართლა, დაველოდებით მომენტს". თუ ფეიქრიშვილების მკვლელობის დამკვეთი დროულად დაადგინეს და დააკავეს, ალბათ, არ გაჭირდება სხვა შემსრულებლების მოძებნაც ასევე სხვა შუამავლის მეშვეობით. - გეთანხმებით, არ გამოვრიცხავთ, სხვა პირები დაიქირაონ და კვლავ სცადონ დანაშაულის სისრულეში მოყვანა. ჩვენ გამალებიIთ ვმუშაობთ და ამ მიმართულებითაც არ ვადუნებთ ყურადღებას.

შუამავალი უკრაინის მოქალაქეა და საქმეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს. რა თქმა უნდა, მათ უფრო მეტი ოპერატიული ინფორმაცია ექნებათ დამკვეთზე, ვინ იყო ამ ჯაჭვში ჩართული და ა.შ. ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ვფლობთ, ის არის, რომ უკრაინაში ერთი პირია დაკავებული - შუამავალი.

- ბოლო დროს უკრაინელ კოლეგებთან ურთიერთობის გააქტიურება სირია-ერაყის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებას ემთხვევა, ანუ იმ დროს, როცა სირიის კონფლიქტის ზონიდან მებრძოლთა პირველი ტალღა წამოვიდა. გასული წლის შემოდგომაზე უკრაინაში "ისლამური ხალიფატის" ცნობილი მეთაური - ალ-ბარა ალ-შიშანი (ცეზარ ტოხოსაშვილი) დააკავეს. საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრი უკრაინაში კიდევ ვინმეს ხომ არ ეძებს? - ტერორიზმი მსოფლიო პრობლემაა და ყველა ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ, ბევრ წამყვან სპეცსამსახურებთანაც. მაგალითად, ჩატაევის საქმეში აშშ-ის სპეცსამსახურები გვეხმარებოდნენ. ჩვენ თვალს ვადევნებთ არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ყველა იმ პირს, რომლებიც სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ დაჯგუფებაში იყვნენ გაწევრებული. დღეს ვიცით, რომ სირია-ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციები განადგურებულია, იქ მათი მძლავრი ქსელი აღარ არსებობს. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა შეძლო კონფლიქტის ზონის დატოვება, ნაწილი ისევ საომარი მოქმედებების ზონაშია (4-5 კაცი), ნაწილი კი ტყვეთა ბანაკებში, რომლებიც ქურთების კონტროლირებად ტერიტორიებზეა. აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ, სად იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება ცეზარ ტოხოსაშვილს, ვიცოდით, რომ ის აღარ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში, შესაძლებელი იყო მას ასევე დაეტოვებინა თურქეთის ტერიტორია, სადაც ბოლო ინფორმაციით იმყოფებოდა. საქართველოში ვერ ბრუნდებიან, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დავაკავოთ და მივცეთ პასუხისგებაში.

- ყველამ იცის, რომ საქართველოს გამკაცრებული კანონმდებლობის თანახმად, ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქე საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მიეცემა პასუხისგებაში და ამის მაგალითები გასულ წლებში გვქონდა კიდეც. რატომ დევნის კონტრტერორისტული ცენტრი, თუ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ? - ვეძებთ იმიტომ, რომ მათ აქვთ დიდი გამოცდილება. არ ვგულისხმობ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის კარგად გამოყენებას, არამედ ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ტერორისტული აქტების მომზადების გამოცდილებას, ასევე მნიშვნელოვანია მათი ფართო კავშირები ბევრ ქვეყანაში. მართალია, "ისლამური სახალიფო", როგორც ფსევდოსახელმწიფო, სირია-ერაყის ტერიტორიაზე აღარ არსებობს, მაგრამ მათ აქვთ მოტივაცია, მოაწყონ ტერაქტები სხვა ქვეყნებში. მოსალოდნელი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ მათი ადგილსამყოფლის დადგენას.

- როგორ იპოვეთ ალ-ბარა ალ-შიშანი? მოგეხსენებათ, უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა, ამასთან, მისი კონფლიქტის ზონებში ტერიტორიები უკონტროლოა...

- დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, საიდუმლოა! როდესაც მებრძოლების დიდმა ტალღამ დატოვა სირია-ერაყის ტერიტორია, მათ სცადეს სხვადასხვა ქვეყნის გამოყენება, მათ შორის სირიაში მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეებმა. როგორც კი დავაზუსტეთ, რომ ალ-ბარა ალ-შიშანი უკრაინაში იმყოფებოდა, მისი ადგილსამყოფლის დასადგენად უკრაინელ კოლეგებს დახმარება ვთხოვეთ. ეს მარტივი არ იყო, სირთულეებს ისიც ქმნიდა, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინას გააჩნია ტერიტორიები, სადაც არ ვრცელდება მათი სახელმწიფოს იურისდიქცია. თუმცა მუშაობამ საბოლოოდ ნაყოფი გამოიღო - ის დაკავებულია. როგორც გაირკვა, უკრაინაში ყალბი დოკუმენტებით შესულა.

- დაკავებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია მისი ჩვენთან ჩამოყვანის შესახებ... - მიმდინარეობს ექსტრადირების პროცედურები. კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით, თუმცა ნამდვილად ჩამოვიყვანთ! მას უკრაინაში ბრალი წაყენებული აქვს როგორც საქართველოდან ძებნილს ტერორიზმის მუხლებით.

- გასული წლის მიწურულს თურქეთმა განაცხადა, რომ დააბრუნებს ყველა მებრძოლს, რომლებიც მის კონტროლირებად ტყვეთა ბანაკებში არიან. ჩვენც ველოდებით ვინმეს? - ინფორმაცია გვაქვს სამ პირზე, თუმცა რომელ ბანაკებში იმყოფებიან, უცნობია. ისინი "ისლამური სახალიფოს" მებრძოლები არიან. თუმცა ტყვეთა ბანაკებში ასევე იმყოფებიან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

- რაკი ოჯახის წევრები ვახსენეთ, მინდა გკითხოთ - ძალიან ბევრი ქვეყანა შიშით უყურებს მათ ქვეყანაში დაბრუნებას, ზოგი უფრო შორს წავიდა და მებრძოლთა მეუღლეები ციხეებში გამოკეტა, ზოგი ქვეყანა საერთოდ უარს ეუბნება შინ დაბრუნებაზე. ვიცით, რომ საქართველოში უკვე იმყოფებიან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები. - მე არ მივესალმები ასეთ მიდგომას. თავის დროზე, მებრძოლთა ოჯახის წევრები სირიაში ბრმად წავიდნენ, არც ერთს არ მიუღია საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, უბრალოდ, მეუღლეების გვერდით იყვნენ. საჭიროა მათი დიფერენცირება - თუ არის მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ, სხვა შემთხვევაში, არ წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.