"ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა" - კვირის პალიტრა

"ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა"

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველო კვლავ დამნაშავედ ცნო ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევაში. საქმე, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ გამოიძია და 2017 წელს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა, სტრასბურგის სასამართლომ შეისწავლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ათი წლის თავზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსარჩელისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის მიერ გამართლებულები ორივე ხელისუფლების პირობებში მრავლად არიან. ამჯერად კი, საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

"საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ" 2003 წლის 22 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" სახელით მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ავტოავარია მოხდა. მაშინდელი უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება "ჯტრ"-ი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი - 23 წლის დავით საყვარელიძე და ეთერ შიოშვილი-წულიაშვილი გარდაცვალა. ავტომანქანაში იჯდა მოსარჩელე მარიამ საყვარელიძეც, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის გამო შვილი და და დაკარგა. ფაქტიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკი-ის 276-ე მუხლით საქმე აღძრა. 2003 წლიდან მოყოლებული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე თბილისის პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ის რამდენჯერმე დაიხურა და განახლდა. 2010 წელს კი პროკურატურამ მარიამ საყვარელიძეს აცნობა, რომ საგამოძიებო ქმედებებით შეუძლებელი იყო იმის დანამდვილებით დადგენა, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში. პროკურატურამ საქმე 2017 წლის მარტში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საბოლოოდ შეწყვიტა.

მარიამ საყვარელიძემ AMBEBI.GE-სთან 17 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმ წინააღმდეგობების შესახებ უამბო, რასაც იგი წლების განმავლობაში, სიმართლის დადგენისთვის ბრძოლაში აწყდებოდა.

"იმ დღეს საღამოს გადავწყვიტე ჩემი შვილის მანქანით გავსულიყავი ქვემო ფონიჭალაში, თან წავიყვანე ჩემი და თავისი სამი მცირეწლოვანი შვილით. გორგასლის ქუჩაზე პატარა ხიდი იყო ჯებირებით და ზუსტად იმ ადგილას შევხვდით "შავნაბადას" სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან გამოსულ ორ ბეტეერს. ერთმანეთს "აბგონს" უკეთებდნენ. ვერ ჩავეტიეთ იმ ათმეტრიან გზაში და ერთ-ერთმა "ბეტეერმა" გვერდი გაგვკრა. ადგილზე დამეღუპა და, ჩემი შვილი კი მე ჩამივარდა კალთაში... 30 საათი იყო კომაში და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მე გონება არ დამიკარგავს. ვუპატრონე დასაც, შვილსაც და დისშვილებსაც. ჩემი დისშვილი იმის მერე პირველი ჯგუფის ინვალიდი დარჩა. მე რაც გადავიტანე, მტერსაც კი არ ვუსურვებ...

იმ დღიდან ვიბრძვი სიმართლის დასადგენად. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ძალიან სწორად და აქტიურად მიმდინარეობდა გამოძიება. გამომძიებელმა გოჩა სხირტლაძემ გამოავლინა ის "ბეტეერიც", რომელიც დაგვეჯახა, მისი დამნაშავე მძღოლიც და საერთოდ ყველაფერი. თან გეუბნებოდა, ისეთი წინააღმდეგობა და ზეწოლაა, ვერ აღგიწერთო. ეს გამომძიებელი ჩემს საქმეს შეეწირა - სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით, საქმე გადასცეს უშიშროებას. სწორედ უშიშროების თანამშრომელი იყო ის პირი, ვინც ჩვენ დაგვეჯახა. გასაგები იყო, როგორც გამოიძიებდნენ. მას შემდეგ საქმეზე არაფერი გაკეთებულა. გააჭიანურეს შეგნებულად და ხანდზმულობის ვადის გასვლის გამო დახურეს. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლება ამას არ გამოიძიებდა, მაგრამ არც ამ ხელისუფლებას გაუკეთებია რამე. მუდმივად ვაწუხებდი პროკურატურას, თუმცა უშედეგოდ, პასუხს არავინ გვცემდა", - გვიყვება შვილმკვდარი დედა.

მარიამ საყვარელიძე იხსენებს, რომ არაერთხელ სცადა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, თუმცა ყოველ ჯერზე მხოლოდ შეურაცხყოფას იღებდა.

"რას არ ვაკეთებდი, როგორ ვცდილობდი, რომ გამოეძიებინათ საქმე. სააკაშვილს რამდენჯერმე შევხვდი პირადად. ვცდილობდი, სადაც კი გამოსვლა ჰქონდა, მივსულიყავი, ხმა მიმეწვდინა და მეთხოვა პირად კონტროლზე აეყვანა საქმე. რა მიამიტი ვიყავი... კონტროლზე ისედაც ჰქონდა აყვანილი და გაცემული ჰქონდა ბრძანება, არ გამოეძიებინათ. ერთხელ სახლთან მთელი დღე ველოდებოდი. დილის ხუთი საათიდან ვიდექი მოპირდაპირე სადარბაზოში და რომ გამოვიდა, რას დადიხარ აქაო, ეს საცხოვრებელი სახლიაო. ამრეზით მითხრა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. კაჩინსკის ძეგლის გახსნისასაც ვცდილობდი მისთვის წერილი გადამეცა. მომვარდნენ დაცვის თანამშრომლები და მათრიეს, ჩამკეტეს სადღაც და სანამ არ დასრულდა ღონისძიება, არ გამომიშვეს. 26 მაისსაც ვცდილობდი მასთან მიახლოებას. მე და ჩემი გოგო ვიყავით. მათთვის რომ დისკომფორტი არ შემექმნა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა ბრძანება გასცა, რომ წავეყვანეთ გომბორის ტყეში და იქ დავეგდეთ. მართლაც მოგვცვივდნენ ახალგაზრდა მამაკაცები, ძალით ჩაგვსვეს მანქანაში და მივყავდით ტყისკენ. გზად ავტირდი და ამ ბიჭებს ვუთხარი, სადაც გინდათ იქ წამიყვანეთ, ოღონდ მანამდე ჩემი ამბავი მოისმინეთ-მეთქი. მოვუყევი ჩემი გასაჭირი. გაგიჟდნენ ეს ბიჭები. მძღოლი ახალგაზრდა, ასე 25 წლამდე ბიჭი იყო, სულ ბოდიშებს მიხდიდა და პატიებას მთხოვდა. მითხარით, სად არის დასაფლავებული თქვენი შვილი, ბოდიში უნდა მოვუხადო დედამისს რომ ასე შევეხე და ძალით ჩავტენე მანქანაშიო. მართლაც აგვიყვანა სასაფლაოზე და სამი საათის განმავლობაში გველოდებოდა იქ, დაჩოქილი იდგა და ჩემი შვილის სულს პატიებას სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი ღვთისნიერი ადამიანი ძალოვანი უწყებებიდან, ვისთანაც მომიწია შეხვედრამ ამ ჩვიდმეტწლიანი ბრძოლის განმავლობაში. წლების მანძილზე მყარაულობდნენ ძალოვანები. 24 საათის რეჟიმში იდგნენ ჩემს სახლთან ავტომობილებით და მითვალთვალებდნენ. რომ მიხვდნენ, არ გავჩერდებოდი, გადაწყვიტეს ჩვენ დავეჭირეთ აქეთ.

ბუშის ვიზიტის დროს, ტერაქტის ამბავზე დაგვიბარეს, არაერთხელ დაგვკითხეს და მონდომებით ცდილობდნენ ჩვენთვის დაებრალებინათ". იხილეთ სრულად