სასაკლაო გზებზე - 5 წელიწადში 2 640 დაღუპული და 44 567 დაშავებული - კვირის პალიტრა

სასაკლაო გზებზე - 5 წელიწადში 2 640 დაღუპული და 44 567 დაშავებული

"არც ერთ ომს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რამდენიც ავტოსაგზაო შემთხვევებს"

უამრავი კამპანია დაიწყო ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად. ერთგვარი შოკური კამპანია იყო, როცა ქუჩებში დამტვრეული, ამოყირავებული მანქანები დაამონტაჟეს და ამით მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. თუმცა ვერც ამან უშველა პრობლემას.

  • 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 602 კაცი და დაშავდა 9187;
  • 2016 წელს 6939 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 581 კაცი დაიღუპა, დაშავდა - 9951;
  • 2017 წელს სულ დაფიქსირდა 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა და ავარიას 517 მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 8461 კაცი;
  • 2018 წელს 6452 შემთხვევის შედეგად 459 კაცი დაიღუპა, 9047 დაშავდა;
  • 2019 წელს კი 5839 ავტოსაგზაო შემთხვევას 481 კაცი შეეწირა, დაშავდა 7921.
სამწუხაროდ, 2020 წელიც ტრაგედიებით დაიწყო - ბორჯომი-ხაშურის გზაზე მიმავალი ავტომანქანა მტკვარში გადავარდა, დაიღუპა ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრი. მეორე დღეს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას მამა-შვილი შეეწირა, უფრო ადრე კი ცაგერში, ცხენისწყალში ავტომანქანა გადავარდა და სამი ახალგაზრდა დაიღუპა; 16 წლის მოზარდი დაიღუპა გორში.. ამ საგანგაშო სტატისტიკამ ყველა უნდა დააფიქროს!

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - მძღოლობა საპასუხისმგებლო საქმეა, საქართველოში კი მართვის მოწმობის ასაღებად საკმარისია, მიხვიდეთ ადამიანთან, რომელსაც არც ლიცენზია აქვს, არც ცოდნა და ის "გასწავლით", როგორ ჩააბაროთ გამოცდა და მართვის მოწმობასაც იღებთ. მესამე-მეოთხე დღეს უკეთესად თუ დადიხართ, ვიდრე პირველ დღეს, გგონიათ, იცით მანქანის მართვა, რაც თავის მოტყუებაა! არც ერთ ომს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რამდენიც ავტოსაგზაო შემთხვევებს. ამ ვითარებიდან გამოსავალი უპირველესად ცნობიერების ამაღლებაა, საგზაო უსაფრთხოების საკითხების სწავლება ბაღებიდან, სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ შუქნიშანი რას ნიშნავს, რა არის სახიფათო ქუჩაში, რომ მძღოლს ავტომობილის დასამუხრუჭებლად მანძილი სჭირდება და ა.შ. განათლების სამინისტროს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, არადა, აუცილებელია სკოლების სერტიფიცირება, ლიცენზირება. ამ საქმის მასწავლებელი პროფესიონალი უნდა იყოს. ევროპულ ქვეყნებში განსაზღვრულია ავტომანქანის მართვის გაკვეთილების რაოდენობა. შემდეგ მასწავლებელი განსაზღვრავს, არის თუ არა მზად მოსწავლე. თუ იცის, რომ ვერ ჩააბარებს, რეპუტაციას არ გაიფუჭებს, გამოცდაზე არ დაუშვებს. ჩვენთან კი პატარა მოედანს წრე თუ დაარტყი, მართვის მოწმობა განაღდებული გაქვს. როცა კაცი 10-20-ჯერ გავა გამოცდაზე, თანაც ეს ფასიანია, და ბოლოს და ბოლოს, აიღებს მართვის მოწმობას, უნდა ვიცოდეთ, რომ არასოდეს გვეყოლება სათანადოდ მომზადებული მძღოლები. ფული შეიძლება გადაიხადო ცოდნის და არა საბუთის აღებაში.

- 2 წელზე მეტია ლაპარაკია, რომ მართვის მოწმობის აღების წესი შეიცვლება და მსურველი ქალაქში ჩააბარებს გამოცდას. - როდესაც რაიმე ახლის დანერგვას აპირებ, ისიც უნდა იცოდე, რომ შედეგი ყოველთვის იგვიანებს. თუ ამ წესს შემოვიღებთ, 8-9 წლის შემდეგ გვექნება შედეგი. ევროპაში 15-20 წლის წინ დანერგეს წესები და შედეგიც აქვთ.

- ფიქრობთ, რომ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ავტომანქანის მართვის არასათანადოდ მართვაა? - დიახ, და კიდევ ჩვენი გზების ინფრასტრუქტურა. სულაც არ არის ძნელი პრობლემის დაფიქსირება - სადაც უფრო ხშირია ავარიები, ესე იგი, ის არის "შავი წერტილი". ამას სჭირდება სპეციალისტების მსჯელობა, ანალიზი და "შავი წეტილის" გადაკეთება. შემთხვევის გამო პასუხს მხოლოდ შს სამინისტროს სთხოვენ, არადა, მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ის ვერ აიღებს თავის თავზე. ბევრი რამ სპეციალისტების გასაკეთებელია - გზების სახიფათო მონაკვეთების გამოვლენა, საგზაო ნიშნების დადგმა, მონიშვნები, გზაჯვარედინები... ეს კომპონენტები ადრინდელზე უკეთესია, მაგრამ დახვეწას მოითხოვს.

მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის ყველაზე ცუდი სტატისტიკა გვაქვს. სპეციალისტებს 300-ფურცლიანი ნაშრომი გვაქვს პარლამენტში შეტანილი (2 წელიწადს ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე), მაგრამ ჯერჯერობით ისევ თაროზე დევს. არადა, იქ დეტალურად გვაქვს გაწერილი, რა როგორ უნდა გაკეთდეს, რომელმა სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს.

- ტრაგედია დატრიალდა ბორჯომი-ხაშურის გზაზე, ქვიშხეთთან - დაიღუპა 4 კაცი, ერთი ჯერაც სიკვდილს ებრძვის. როგორც ამბობენ, მძღოლი ნელა მოდიოდა და მანქანა მოუსრიალდაო. - გასარკვევია, ხომ არ ჩაეძინა მძღოლს, გზის იმ მონაკვეთზე ცუდი მოსახვევი ხომ არ არის და მძღოლმა ტრაექტორია ხომ ვერ განსაზღვრა. ჩემი აზრით, იქ სათანადოდ არ აღიქმება მოსახვევი, მძღოლს ჰგონია, გზა გრძელდება. ასეთი ადგილი არაერთია და როცა ვჩივი მოუწყობელ ინფრასტრუქტურაზე, ეს პრობლემაც იგულისხმება. ასეთ ადგილას უნდა იყოს თუნდაც ბეტონის ჯებირი, ასევე ნიშანი, რომ მოსახვევი საფრთხის შემცველია. ეს საბედისწერო შემთხვევაც მოწმობს, მძღოლს რომ ჰქონოდა ცოდნა და გამოცდილება იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მოსახვევის უხილაობას, შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო.

- შარშან ავტოავარიას თქვენი ვაჟი ემსხვერპლა. რას ეტყოდით მათ, ვინც საჭეს უსხედან? - ჩემს ნიკუშას არც უყვარდა მანქანის მართვა, არც ვჩქარობდი, მესწავლებინა. რას წარმოვიდგენდი, თუ იმ მანქანაში აღმოჩნდებოდა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა. მესამე შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრებს მანქანა გამოჰყავდათ სახლიდან. მე ეს არ ვიცოდი, ბავშვმა დამალა, იცოდა, რომ დავუშლიდი. როცა საჭეს მივუჯდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ჩვენი დაუდევრობით სხვაც დავღუპოთ. სიფრთხილე გვმართებს მშობლებსაც - არ დავუშვათ, რომ არასრუწლოვანი შვილი საჭესთან დაჯდეს. კანონმდებლებს კი ვეტყვი, თუ დროზე არ მიიღებთ ზომებს, ხვალ-ზეგ შეიძლება ნებისმიერის შვილი შეეწიროს დაუდევრობას. დროულად მივიღოთ ის რეგულაციები, რაც აგვაცილებს საშინელ ტრაგედიებს.