ახალშობილის გაყიდვის საქმეზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ - კვირის პალიტრა

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ

არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, დავით გოგოლაშვილმა განუცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაკავებულ 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 თებერვალს შეეფარდა, თუმცა, გირაოს ოდენობას არ ასახელებენ და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

"ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"