"მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც უწევ­დათ, რა დრო­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კვლავ ძა­ლა­დობ­და" - კვირის პალიტრა

"მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო შვი­ლის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც უწევ­დათ, რა დრო­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კვლავ ძა­ლა­დობ­და"

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. პირველად, ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის ოჯახისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ფულადი კომპენსაცია დააკისრა.

საქმე ეხება 2017 თბილისში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს. 25 წლის ქალმა მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში არაერთი თითქმის ანალოგიური შემთხვევის გახსენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს საქმე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ქალმა გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებს 16-ჯერ მიმართა.

მომჩივნის ინტერესებს "საიას" იურისტი თამარ დეკანოსიძე იცავდა. უფლებადამცველი AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პასუხისგებში მისცეს გარდაცვლილის მეუღლე და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, უზენაესმა სასამრთლომ მას ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ოჯახში ძალადობის მუხლით გამოუტანა განაჩენი, რაც თავისუფლების ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინეს. რადგან იმ დროისთვის დამნაშავეს ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა 2019 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"ეს გოგო სამი წლის მანძილზე მეუღლისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, შემდეგ მეუღლეს დაშორდა, თუმცა საერთო შვილის გამო ურთიერთობა მაინც უწევდათ, რა დროსაც ყოფილი მეუღლე მასზე კვლავ ძალადობდა. 16-ჯერ ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი უწყებებისთვის, 112- ში რეკავდა ხან ის, ხან - დედამისი. 16-დან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

ერთ შემთხვევაში მხოლოდ ხუთი დღით იყო გამოცემული. 16-დან ოთხჯერ გააუქმა ზარი ძალადობის მსხვერპლმა და უთხრა არ მოხვიდეთო. მხოლოდ ერთხელ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა საქმის აღძვრიდან ერთ თვეში ისე შეწყვიტეს საქმე, რომ არ გამოუკვლევიათ ზედაპირზე არსებული გარემოებები.

პროკურატურას თავის დასკვნაში უწერია, რომ ძალადობას სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა... ერთჯერადი ძალადობაც ხომ ძალადობაა?! ასევე, ოთხჯერ რომ გააუქმა გამოძახება, რატომ არ გამოიკვლიეს, რის გამო აუქმებდა გამოძახებას, იქნებ იყო მუქარის და ძალადობის მსხვერპლი?

ეს არის უპრეცედენტო "ქეისი" იმ კუთხით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

ჩვენ ვუჩივლეთ შსს-ს და პროკურატურას, რადგან არცერთმა უწყებამ არ დაიცვა ქალი. პირველმა ინსტანციამ მხოლოდ შსს გამტყუნა და პროკურატურას ბრალი არ მიუძღვისო, გამოგვიცხადა. თუმცა გავასაჩივრეთ სააპელაციოში და გუშინ მიიღო სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

სააპელაციომ თქვა, რომ ორივე უწყებამ დაარღია კანონი, რამაც გამოიწყვია ეს ტრაგიკული ფაქტი. გარდაცვლილის დედისთვის ზიანის ანაზღაურება დააჯისრა ფულადი კომპენსაციის სახით" - უამბო "საიას" ადვოკატმა AMBEBI.GE-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მათთვის კვლავ პრიორიტეტია და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. აღნიშნულ საკითხზე უწყებაში მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგი გამართა და ამ მიმართულებით შსს-ს მუშაობა შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. (გაგრძელება)