რას შეცვლის ახალი სააგენტო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის - კვირის პალიტრა

რას შეცვლის ახალი სააგენტო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის

"მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვთ საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც გასაშვილებელი ბავშვის ნათესავები არიან"

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ზრუნვის განყოფილება ტრეფიკინგის სამსახურს დაუქვემდებარა და შეიქმნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ახალი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მეურვეობასა და მზრუნველობაზეც.

გასულ წელს სოცმუშაკებმა არაერთხელ გააპროტესტეს სისტემის გაუმართაობა, უკიდურეს ფორმასაც კი მიმართეს და მუშაობა შეწყვიტეს... "საზოგადოებაში ჩვენი პროფესიის დემონიზაცია მიდის. როცა უკიდურესი მდგომარეობაა, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანას ვცდილობთ, ამიტომ აღვიქმებით ბავშვის გამტაცებლებად და ბოროტ ხალხად. თუ ვხედავთ, რომ შეიძლება ბავშვს რამე დაემართოს, რა ვქნათ, არ გამოვიყვანოთ? აუცილებელი არ არის ეს ძალადობით იყოს გამოწვეული... თუმცა მეორე საკითხია მინდობითი ოჯახი - არის კი იმის საპირწონე, რომ ბავშვი ოჯახს მოვაცილოთ? შეესაბამება კი იმ სტანდარტს, რომ ბიოლოგიური მშობელი ჩაანაცვლოს? შეიძლება ბავშვს მასთან ცხელი ულუფა ჰქონდეს, მაგრამ სითბო და სიყვარული აკლდეს...

გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამები დროში გაწერილია... დედა გეუბნება, შვილი შიმშილით მიკვდება და დამეხმარეო, შენ კი უნდა უთხრა, 2 თვე დასჭირდება, რომ 80-ლარიანი კვების ვაუჩერი მიიღო. ზოგჯერ დედა თვითონ გეუბნება, ბავშვი შიმშილისგან რომ არ მოკვდეს, მირჩევნია, მიმღებ ოჯახში წაიყვანოო. წარმოიდგინეთ, ამ დროს რა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ვერაფერს ვთავაზობთ გარდა იმისა, რომ ბავშვი მიმღებ ოჯახში მიგვყავს. ბევრჯერ შინ განადგურებული მივსულვარ და ახლობლებისთვის მითხოვია იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც შვილი შიმშილით უკვდება", - ამბობს სოცმუშაკი და დასძენს, რომ სახელმწიფო პროგრამები უფრო ეფექტიანი უნდა იყოს...

რას შეცვლის ამ მიმართულებით ახალი სააგენტო, ამის თაობაზე მისი დირექტორი მერი მაღლაფერიძე გვესაუბრება:

- ქალბატონო მერი, რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს ბავშვებისთვის?

- ძალიან ბევრი, მაგალითად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამები; ასევე დღის ცენტრებში მომსახურების სერვისები. მაგალითად, თუ პირს სჭირდება სავარძელ-ეტლი, სმენის აპარატი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება და ა.შ., ამითაც ეხმარება სახელმწიფო, ზრუნავს შშმ პირთა დასაქმებაზეც; თუ პირის გადაყვანა საჭიროა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, ეს ოპერატიულად ხდება, ან თუ ბავშვი გადაჰყავთ მინდობით აღზრდის პროგრამაში, მომსახურება 24-საათიანია. არის მცირე საოჯახო ტიპის სახლებიც და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაც.

შეიქმნა ახალი სააგენტო, რომელიც სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტთან ერთად მიზნობრივად იმუშავებს როგორც ოჯახების გაძლიერებაზე, ასევე ზრუნვის ფორმების დახვეწაზე.

- როგორ ხდება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება?

- თავდაპირველად, სოცმუშაკი შეაფასებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ ბავშვს, მის ბიოლოგიურ ოჯახს, შესაძლო მეურვე/მზრუნველს და სოციალურ გარემოს, შემდეგ შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს... დგება ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა, რომლის მონიტორინგიც ასევე სოცმუშაკს ევალება...

- ამ შემთხვევაში ენიშნება თუ არა ბიოლოგიურ ოჯახს დახმარება და რა თანხას იღებს თითოეულ ბავშვზე?

- თვეში 100 ლარს. თუ ბავშვი განსხვავებული საჭიროების მქონეა, თვეში 160 ლარს, უხდის სახელმწიფო.

- გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის რა კეთდება?

- თუ ოჯახისგან განცალკევება აუცილებელია, ასეთი ბავშვები გამოგვყავს სახლიდან, ან ღატაკ ბავშვიან ოჯახებს პირველადი საჭიროებებით ვაკმაყოფილებთ. ოჯახი/ბენეფიციარი საკვები პროდუქტების შესაძენად ვაუჩერს იღებს. სამიზნე ჯგუფებს საყოფაცხოვრებო ნივთებითა და საკვები პროდუქტებით ვამარაგებთ.

- რამდენი ოჯახია აღრიცხვაზე?

- დღეს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ქვეპროგრამაში აღრიცხვაზეა 1961 ოჯახი.

- რა დროს გამოჰყავს ბავშვი სოცმუშაკს ოჯახიდან და გადასცემს მინდობით აღზრდაში? - თუ შემაკავებელი ორდერით ძალადობა დადასტურებულია და საქმე ეხება გადაუდებელ შემთხვევას, რომლის დროსაც ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომდევნო 24 საათის განმავლობაში საფრთხე ემუქრება, სოცმუშაკი ბავშვს მინდობით აღზრდაში განათავსებს.

- ვის შეუძლია აიყვანოს ბავშვი მინდობით აღზრდაში? - ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის თვეში 200 ლარია. თუ ბავშვი განსხვავებული საჭიროების მქონეა, 375 ლარს უხდიან; რეგულარულ მინდობით აღზრდაში ერთი კალენდარული დღე 16 ლარით განისაზღვრება, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის კი 20 ლარით; თუკი ბავშვი გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსდება, ერთი კალენდარული დღე 30 ლარია, ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონეს ერთი კალენდარული დღე 30 ლარით უფინანსდება.

რაც შეეხება პროცედურებს, მინდობით აღზრდის მსურველმა პირმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აუცილებელია ჯანმრთელობის ცნობა. რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, აუცილებელია ნასამართლობის ცნობაც. უნდა გადამოწმდეს შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული ხომ არ ჰქონდა მშობლის ან მეურვის უფლებები. ამასთან, ოჯახი არ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი...

- ერთდროულად რამდენი მოზარდის აყვანა შეუძლია მიმღებ ოჯახს?

- ბიოლოგიური შვილებისა და მინდობით აღსაზრდელების საერთო რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. გამონაკლისი დაიშვება მინდობით აღსაზრდელი დედმამიშვილების ერთად განთავსებისას.

- ბავშვის შვილად აყვანის რიგში უამრავი მოქალაქე დგას. როდის ხდება ბავშვის გაშვილება, რა პროცედურებია გასავლელი და რა შეზღუდვები არსებობს? - შვილად აყვანა შესაძლებელია, თუ ბავშვს მინიჭებული აქვს გასაშვილებლის სტატუსი და რეგისტრირებულია რეესტრში. გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება მაშინ, თუკი მშობლები სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; თუ ობოლია ან სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; თუკი მშობლებს ჩამოერთვათ მშობლის უფლება; თუ ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას გაშვილებაზე.

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვთ საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც გასაშვილებელი ბავშვის ნათესავები არიან... შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირისთვის არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.

რაც შეეხება მშვილებლის ასაკს, მას და ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ასაკობრივი სხვაობა. მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7-დან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

- კვების ვაუჩერს ოჯახები ხშირად 2 თვეზე მეტხანს ელოდნენ, ამ პრობლემაზე არაერთხელ უსაუბრიათ სოცმუშაკებს... - ქვეპროგრამით განსაზღვრულია პრიორიტეტები, ამის მიხედვით ხდება ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა. პრიორიტეტულ კატეგორიას მიკუთვნებული ბენეფიციარები, რომლებსაც კვებით გამოწვეული წონის დეფიციტი აქვთ, დაუყოვნებლივ კმაყოფილდებიან.