1970-2017 წლებში სელექციურმა აბორტმა მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა გააქრო - კვირის პალიტრა

1970-2017 წლებში სელექციურმა აბორტმა მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა გააქრო

ტერმინი "გენდერული სელექცია" ან სელექციური აბორტი არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა და გულისხმობს ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტასა და ნაყოფის მოცილებას. ის, ძირითადად, აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული, იქ, სადაც გენდერული უთანასწორობა პრობლემაა - ამ საზოგადოებებში მამაკაცი დომინირებს.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო 31 446 გოგონა არ დაბადებულა. ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა ორასი ქვეყნის 1970-2017 წლების შობადობის სტატისტიკა შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, სელექციურმა აბორტმა მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა გააქრო. მამაკაცების ჭარბი შობადობა იყო ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, საქართველოში, ჰონკონგში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, მონტენეგროში, ტაივანში, ტუნისსა და ვიეტნამში, ხოლო სელექციური აბორტების ყველაზე დიდი წილი ინდოეთსა და ჩინეთზე მოდის.

საქართველოში აბორტის რეგულირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანების მიხედვით ხორციელდება. ქალს უფლება აქვს მოითხოვოს ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირის ვადამდე 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გათვალისწინებით. 12 კვირის გასვლის შემდეგ სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში აბორტი შეიძლება გაკეთდეს ორსულობის 22 კვირამდე. მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტის საკითხს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკოორდინაციო საბჭო განიხილავს პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით. დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - დაიბადა 60 635 ბავშვი, აქედან 31 325 ბიჭი, ხოლო 29 310 გოგონა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2002-ში იყო - დაიბადა 45 127 ბავშვი, აქედან 23 990 ბიჭი და 21 137 გოგო.

1994-დან 2018-ის ჩათვლით არც ერთ წელს ახალშობილი გოგონების რიცხვს ბიჭების რაოდენობისთვის არ გადაუჭარბებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სქესის ნიშნით გაკეთებული აბორტების მავნებლური პრაქტიკა კიდევ არსებობს.

2015 წელს დაიბადა 30 902 ბიჭი და 28 347 გოგონა, 2016-ში - 28 887 ბიჭი და 27 682 გოგონა, 2017-ში - 27 658 ბიჭი და 25 635 გოგონა, ხოლო 2018-ში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგონა.

2002-2018-ის ჩათვლით ყველაზე მეტი აბორტი 2012 წელს გაკეთდა - 39 200, აქედან 20-44 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 37 070 აბორტი მოხვდა. მას შემდეგ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი კლებაა" 2016-ში - 29 600, 2017-ში - 24 900, ხოლო 2018 წელს 22 700 აბორტი დარეგისტრირდა. გაიზარდა დედობის ასაკიც - თუკი წინა წლებში 15 წლამდე ასაკის გოგონებიც იკეთებდნენ აბორტს, 2018-ში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

ნათია სიბაშვილი