ბრალდებულმა ყოფილ მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა - შსს-მ ყარაჯალაში ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

ბრალდებულმა ყოფილ მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა - შსს-მ ყარაჯალაში ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ"ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"