ოპერაცია "ჩვილი" და ბავშვებით ვაჭრობის ორი საქმის ერთი ფიგურანტი - კვირის პალიტრა

ოპერაცია "ჩვილი" და ბავშვებით ვაჭრობის ორი საქმის ერთი ფიგურანტი

"როგორც ჩვილის დედა ამბობს, ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არა აქვს... ბავშვის მყიდველი კი არ არსებობს, ისინი ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები იყვნენ..."

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა არასრულწლოვნით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებულ დედას, ირმა მაისურაძეს სასამართლომ 2.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ისევ ციხეშია, რადგან უკიდურესად ღარიბს არა აქვს თანხის გადახდის საშუალება. მან დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა ადასტურებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა.

ირმა მაისურაძისგან განსხვავებით, ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებმა გირაოს თანხა სასწრაფოდ გადაიხადეს - შუამავლებს 5.000-5.000 ლარის, ხოლო ექიმებს, ღარიბაშვილსა და გელაშვილს, 7.000-7.000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

"ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ. ბრალდებულებმა მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ 13.000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

როგორც საქმის მასალით ირკვევა, მას შემდეგ, რაც გარიგება შედგა გინეკოლოგსა და ბავშვის დედას, ირმა მაისურაძეს შორის, მათ ოპერატიულ დამუშავებას ძალოვანები შეუდგნენ.

გამოძიების ცნობით, სქემა ასეთი იყო: გინეკოლოგ ბესარიონ ღარიბაშვილთან ირმა მაისურაძე ორსულობის შესაწყვეტად მივიდა, ექიმმა კი დაარწმუნა, ბავშვი გაეჩინა და გაშვილებაში დაეხმარებოდა. ამის შემდეგ ექიმი ღარიბაშვილი მზია უგრეხელიძეს უკავშირდება. ეკითხება, ხომ არ იცის ბავშვის შვილად აყვანის მსურველი. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა მზია უგრეხელიძე სპეციალურად შეარჩია, რადგან ის ამ საქმეში გამოცდილია - 4 წლის წინ ანალოგიური ბრალდებით დააკავეს. მაშინ უგრეხელიძე სამშობიარო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ის და მისი მეგობარი ექიმები მაშინ პატიმრობას გადაურჩნენ - პირობითი მსჯავრი აკმარეს.

გამოძიების ცნობით, მოგვიანებით მზია უგრეხელიძე ლაირა გრიგოლიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ იცოდა ვინმე ბავშვის შვილების მსურველი. თავის მხრივ, გრიგოლია ქეთევან გეწაძეს მიმართავს იმავე კითხვით, ის კი დიანა კომახიძეს. სწორედ კომახიძემ ჩართო საქმეში კიდევ ორი პირი, ქალი და მამაკაცი, ჯგუფის წევრებს ეგონათ, ბავშვის შემძენი იპოვეს, სინამდვილეში კი ისინი ოპერატიული მუშაკები იყვნენ. ამიტომაც არის საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერი, რომლებიც დანაშაულებრივ გარიგებას ადასტურებს.

ლაირა გრიგოლიას ადვოკატი ლევან ჯავახაძეც ადასტურებს, რომ როგორც კი შუამავლებს შორის კომუნიკაცია დაიწყო, იმთავითვე დაწყებულა მათი მოსმენები და შეხვედრები. კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი - ეს ორი პირი უგრეხელიძეს ეუბნებოდა, რომ ბავშვის ამყვანთან ისინი დააკავშირებდნენ, ბავშვი ვინმე ჩხეიძეს უნდა შეეძინა.

31 იანვარს კლინიკა "ბაიებში" საკეისრო კვეთით ბიჭი დაიბადა - ირმა მაისურაძე გინეკოლოგმა გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. დღეს ისიც ბრალდებულია. კლინიკაში გააყალბეს დოკუმენტი, რომ მშვილებელს პრობლემა არ შეჰქმნოდა და მშობიარე მაისურაძის ნაცვლად ჩხეიძედ დააფიქსირეს, 6 თებერვალს ამ გვარითვე გაწერეს კლინიკიდან. კლინიკიდან გამოსულ დედა-შვილს მზია უგრეხელიძე ახლდა და ისინი ჯგუფის წევრ ქალსა და კაცს, სინამდვილეში ოპერმუშაკებს შეხვდნენ. ამ დროს გადაღებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ითვლიან ფულს, როგორ აკავებენ მაისურაძესა და უგრეხელიძეს, ხოლო პარალელურად საქმის სხვა მონაწილეებს სხვადასხვა ადგილას.

სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა ჩვილის დედა - მას ჭრილობიდან სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავში, ქალთა მეხუთე დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ პროცესი მის გარეშე მაინც ჩატარდა, თანაც უადვოკატოდ. ამ ფაქტის შემდგომ ირმა მაისურაძის დაცვა უანგაროდ ითავა ბრალდებულ ქეთევან გეწაძის ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ.

"როგორც ირმა მაისურაძე ამბობს, ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არა აქვს. ვის რა ინტერესები ჰქონდა, რა როგორ იყო, გაირკვევა. ფაქტია, ბავშვის მყიდველი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ისინი ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ირმა მაისურაძე მატერიალურად შეჭირვებულია, მარტოხელაა, თბილისში ქირით ცხოვრობს, მუშაობს ძიძად, მაგრამ თავის რჩენა ძალიან უჭირს. მას ჰყავს შვილი, ის სტუდენტია. ჩვილი, ფაქტობრივად, არ გაყიდულა, ფინანსური დაინტერესება საბოლოოდ რეალიზებული არ არის.

ტრეფიკინგთან საქმე არა გვაქვს. ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებიან ბავშვის შვილად აყვანას, ბევრი ისე შედის ასაკში, ვერც აჰყავს ბავშვი. ასეთი პირებისთვის უნდა არსებობდეს ბაზა, რათა გაადვილდეს გაშვილება და ასეთ ქმედებამდე არავინ მივიდეს", - განაცხადა ნათელა ჩერქეზიამ.

გამოძიება გრძელდება. რას მიუსჯიან ბრალდებულ 7 პირს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა და მათთვის წაყენებული ბრალი ამჟამად უფრო მსუბუქია - ის 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თავიდან კი ბრალდებულებს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. არ არის გამორიცხული, სასამართლომ მათ პირობითი მსჯავრი დააკისროს, როგორც ეს წლების წინ ანალოგიურ საქმეზე მოხდა. მაშინაც დააკავეს ექიმები და საქმეში ჩართული სხვა პირებიც, მაშინაც ბევრს წერდა პრესა მსგავს დანაშაულზე, სადაც მზია უგრეხელიძე ფიგურირებდა. მაშინაც 7 პირი იჯდა საბრალდებო სკამზე.

ლაპარაკია 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვილი ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულები რუსთავის"სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე ექიმი-გინეკოლოგი იყვნენ.

"საქმის მასალით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ახალშობილების მიტოვებას, რომელთა გასხვისებასაც თავად უზრუნველყოფდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3.000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5.000 დოლარი. ეს დანაშაული ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17 წლამდე ვადით", - აცხადებდა 2015 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

მაშინ გენერალური დირექტორი 30 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, ხოლო ექიმ-გინეკოლოგს 20 ათასი ლარი დააკისრეს. არც ერთი ბრალდებული, მათ შორის მზია უგრეხელიძე, ბრალს არ აღიარებდა. უგრეხელიძე მაშინ ახალი სამშობიარო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. როგორც ამბობდა, მას დანაშაული არ ჩაუდენია: "ჩვილი, რომელზეც დედა უარს ამბობდა, საავადმყოფოში მივიღე, მოვუარე და გადავარჩინე. მოვიდა დედა და მითხრა, კიდევ 2 შვილი მყავს და თავზე ვერ დავადგებიო. ბავშვი გადაყვითლებული იყო. მიმღებში კი დავაფიქსირე, მაგრამ პაციენტისთვის ისტორია არ გამიხსნია. ჩვილი 24 საათის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული. ჩემი დანაშაული სწორედ ეს არის და სწორედ ამიტომ დავარღვიე საავადმყოფოს შინაგანაწესი, რომ ჩვილის ისტორია არ გავხსენი, თორემ როგორც ექიმმა ჩემი ვალდებულება შევასრულე და ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნე. მე დანაშაული არ ჩამიდენია".

რას იტყვის ის დღეს ახალ ბრალდებაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ დავუკავშირდით მის ადვოკატს, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან მისი დასაცავი ამ საქმეზე საუბარზე უარს ამბობს.