"21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს... იგი მაღალი დონის პროკურორი გახდება" - კვირის პალიტრა

"21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს... იგი მაღალი დონის პროკურორი გახდება"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატმა საქმის გაჭიანურებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.

"სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მოსმენა დამთავრდა. პროკურატურამ ყველა მტკიცებულების წარმოდგენა დაასრულა, ასევე დაცვის მხარემაც. 21 თებერვალს დასკვნითი ეტაპი გვაქვს, როდესაც დაცვამ აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს. რადგან საქმე ძალიან მოცულობითი და ხმაურიანია, ბევრი დეტალია და ვადაც ძალიან ბევრი აქვს ამ მტკიცებულებებს თავისი წარმოშობის, შესწავლის თვალსაზრისით. საკმაოდ რთულ კომპონენტებთან გვაქვს საქმე და რადგან დასკვნითი სიტყვა ჯერ კიდევ არ მაქვს დამთავრებული, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადი კონტურები, რაც ამ საქმის ირგვლივ ტრიალებს, შემიძლია საზოგადოებას მოვახსენო.

კერძოდ, ამ საქმის ამ კონდიციამდე მიყვანაში, ასეთ გართულებაში, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ეს საქმე თავის დროზე რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულიყო, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და დაინტერესებულ პირებს, მით უფრო ზაზა სარალიძეს არ ექნებოდა იმდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების წუთიდან გამომძიებელი სრულიად არაკომპეტენტური აღმოჩნდა", - აცხადებს ადვოკატი.

ზურაბ თოდუა დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ.

"როდესაც პროკურორის საბოლოო დასკვნითი სიტყვა მოვისმინე, გამოსვლისთანავე განვაცხადე, რომ 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილს, რომელმაც ჩემი დიდი პატივისცემა დაიმსახურა, იმ ზეწოლის მიუხედავად, რაც მას ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა, გამამართლებელი განაჩენის პროექტს მოვუტან-მეთქი და ეს ასე იქნება. ობიექტური მოსამართლე, იმას, რასაც 21 თებერვალს წავიკითხავ, წერტილსა და მძიმესაც ვერ შეუცვლის, რამეთუ ეს იქნება ზუსტი ანალიზი, ზუსტი დიაგნოზი იმის, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურად. ამ კონფლიქტს არავითარი კავშირი არ აქვს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ბულინგთან, ეს ბულინგი იქვე ამოიწურა და სრულიად ახალი კონფლიქტი წარმოიშვა. სხვათა შორის, მოწმეთა ჩვენებებით მოვახდინე ამ ფაქტების მოდელირება და ძალიან მაღალი ხარისხის მოდელირებაა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობ.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი დონის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს",-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"