"ყვე­ლას უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - ვინ იყო გუდაურში მოკლული ბიჭი? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლას უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - ვინ იყო გუდაურში მოკლული ბიჭი?

16 თებერვალს გუდაურში 28 წლის ბიჭი მოკლეს. მოკლული თაზო გორთამაშვილია, რომელიც სამთო კურორტზე ერთ-ერთ ბარში, ბარმენად მუშაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 28 წლის გორთამაშვილსა და მის 26 წლის მეგობარს დავით გორთამაშვილს, 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები და მიიმალა. გორთამაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მკვლელობას წინ უძღვოდა ხელჩართული ჩხუბი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მაცხოვრებელია.

გუდაურში თაზო გორთამაშვილს ბევრი იცნობდა. ის აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და სნოუბორდზე სრიალსაც ასწავლიდა კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს. "ფეისბუქზე" მეგობრები იგონებენ მოკლულს:

"თაზიკ... არ მჯერა და გელოდები ისევ, საიდანღაც მოხვალ და ისევ ისე თბილად გაგვიღიმებ... მიყვარხარ ძალიან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული"

"თაზიკ მიყვარხარ, ჩემო ძმაო და სამუდამოდ იცოცხლებ ჩვენს გულებში, საოცარი ადამიანი ხარ და შევხვდებით ისევ დავიწყებთ ფიქრს რომელ მთაზე წავიდეთ ყველგან რომ გვინდოდა და ყველგან რომ დავდიოდით, გულში ხარ სამუდამოდ"

"თბილი და საყვარელი, ყველას რომ უყვარდაა და ვიღაც ლაჩარმა არაკაცმა ტყვიით მოუსწრაფა სიცოცხლე" - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, 39 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურშივე დააკავეს.

მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.