"ეს ტრაგედია, პირველ რიგში, ქართული იმპოტენტი საზოგადოების კისერზეა და შემდეგ - სადისტი ხელისუფლებისა, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველი ღამის უფლებასაც დაიკანონებს" - კვირის პალიტრა

"ეს ტრაგედია, პირველ რიგში, ქართული იმპოტენტი საზოგადოების კისერზეა და შემდეგ - სადისტი ხელისუფლებისა, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველი ღამის უფლებასაც დაიკანონებს"

მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ, ბ-ნო მოსამართლევ!

ა/წლის 06 ივლისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვინმე ოთარაშვილმა კანონსაწინააღმდეგოდ მომისპო განცხადების კითხვის საშუალება, რადგან, მისი თქმით, იგი პოლიტიკასთან იყო კავშირში და "პოლიტიკური განცხადების გაკეთებას" არ დამანებებდა.

აქედან გამომდინარე, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ჩემი დღევანდელი განცხადება და ბრალდების საქმე უშუალო კავშირშია პოლიტიკასთან სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო. ამავე დროს "პოლიტიკა" საზოგადოებრივი ურთიერთობების პროცესს გულისხმობს, ვინაიდან ადამიანი სოციალური ქმნილება გახლავთ და პოლიტიკური კომპონენტი გარკვეულწილად ნებისმიერი ორი ადამიანის ურთიერთობაში არსებობს. თუ რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩემსავით სამარტოო საკანში არ იქნება ჩაკეტილი.

ალბათ, ვინმე ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მხოლოდ ისაა, რაც მის სათაყვანებელ ლიდერთან და "ნაცმოძრაობასთან" არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, თქვენც არ გაიმეორებთ მის საქციელს და მაცდით განცხადების ბოლომდე წაკითხვას. სად-ის დაწესებულებაში ყოფნისას მე წართმეული მაქვს მიმოწერის კანონიერი უფლება და შესაბამისად, სათქმელიც ბევრი მაქვს. ფაქტებისა და საკუთარი აზრის გაჟღერებით საშუალება ხომ მხოლოდ სასამართლო პროცესებზე მეძლევა ხოლმე.

დასაწყისში ვეცდები თანამიმდევრულად გავიხსენო მოვლენები, რომელთაც ამა წლის განმავლობაში "ციხის საავადმყოფოში" ჰქონდათ ადგილი. ჯერ კიდევ მარტსა და აპრილში რამდენიმეჯერ შევესწარი პატიმრების, ფაქტობრივად სრულიად უმიზეზოდ ცემას. სახელდობრ, მარტის დასაწყისში ჩემს მოპირდაპირე საკანში პატიმარი წერეთელი ითხოვდა ოპერაციის შემდეგ სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, მაგრამ პასუხად საკანში აქაური თანამშრომლები შეუვარდნენ და ლოგინში სცემეს ახალი ნაოპაციევი, ნაკერებდადებული ადამიანი.

ხმაურზე მოირბინა დირექტორის მოადგილე ვ. ცხვედიანმა, რომელმაც თავის მხრივ კიდევ სცემა წერეთელს, თან უყვიროდნენ: "შენ ვინ გკითხავს მაგას?!" რამდენიმე დღის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პატიმარ ბროიანს, რომელიც მომსახურე პერსონალში ირიცხებოდა, თუმც წერეთელივით მძიმედ არ უცემიათ. ა.წ. აპრილში, დაახლოებით 18-20 წლის ასაკის, ახალმოყვანილი პატიმარი, რომლის გვარიც არ ვიცი, ექიმების ოთახში შეათრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ, რადგან ხელები ზურგს უკან კარგად არ ჰქონდა დაწყობილი. ამ ეპიზოდში პირადად მონაწილეობდა იმჟამინდელი დირექტორი ბუთლაშვილიც.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ლაპარაკია მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე რომელთაც ხშირად ფეხზე დგომაც კი უჭირთ. სად-ის თანამშრომლები არც სავარძელში მჯდომი ინვალიდების ცემას თაკილობენ. საერთოდ, ნეტავ განახათ, როგორი ხალხია დაჭერილი.

30 აპრილს, ღამით, დირექტორმა ბუთლაშვილმა, ოფიცერმა ლიპარტელიანმა, ვინმე ბექა მჟავანაძემ და სხვებმა ჩემი საკნის წინ სასტიკად სცემეს სულით ავადმყოფ ტ. საყვარელიძე, რომელიც რაღაც წამალს ითხოვდა. შემდეგ სარდაფში ჩაათრიეს გაკავებული და როცა დილით საკანში დააბრუნეს, წელს ზემოთ მთლიანად დოლბანდით გადახვეული და დასისხლიანებული იყო.

მოკლედ, "ნულოვანი ტოლერანტობა" გრძელდებოდა და სულ უფრო უარეს, მახინჯ ფორმებს იღებდა. თავიდან, თითქმის ყველა აქაურ თანამშრომელთან კარგი, ადამიანური დამოკიდებულება მქონდა, ვცდილობდი მათ დარწმუნებას, რაიმე ფორმით ზემოქმედებას, რათა შეეწყვიტათ იმგვარი ქმედებები. ვთხოვდი, დაეტოვებინათ ასეთი არაადამიანური სამსახური და დახმარებასაც ვპირდებოდი უკეთესი სამსახურის შოვნაში, მაგრამ... აბსოლუტურად უშედეგოდ.

რამდენიმე დღის შემდეგ, 2 მაისს, როდესაც საყვარელძიემ იგივე ცვლის კონტროლიორები დაინახა, ტირილი დაიწყო და ითხოვდა სხვაგან გადაყვანას. ნაცვლად ამისა იგი კვლავ უმოწყალოდ სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ ტანზე და თავზე  დაუზიანებელი ადგილი თითქმის აღარ ჰქონდა. სწორედ მაშინ დავიწყე შიმშილობა პატიმრების წამების შეწყვეტის და ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნით. საგულისხმოა, რომ 1-ელ მაისს, საყვარელიძის განმეორებით ცემამდე, პირადად ვთხოვე ორ აქაურ ოფიცერსა და ცხვედიანს, შეეწყვიტათ ასეთი საქციელი. ვარწმუნებდი, რომ არც მათთვის და არც მათი ხელმძღვანელობისთვის კარგი არ იქნებოდა ამ ყველაფრის საჯაროდ აღიარება, ვთხოვდი უბრალოდ ადამიანურად მოქცეულიყვნენ, მაგრამ კვლავ აბსოლუტურად უშედეგოდ.

ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ პატიმრების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მოდის. მ. სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რაც აქ ხდება და როგორ ფუნქციონირებს სასჯელაღსრულების სისტემა, იგი ხომ თავად იყო მისი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრობისას. სწორედ მისი აწყობილია სად-ის ფასადური სამართლებრივი არქიტექტურა, როდესაც პატიმარს თითქოს მრავალლი უფლება აქვს, რეალურად კი აბსოლუტურად უუფლებოა, რადგან ვერავინ აკონტროლებს ამ უფლებების განხორციელებას ამავე დეპარტამენტის გარდა.

სისტემა ისეა აწყობილი, რომ რაიმე დარღვევის გამოვლენა და დამტკიცება გარეშე პირთათვის აბსოლუტურად შეუძლებელია უწყების სრული ჩაკეტილობის გამო. იმჟამად არც ის ვიცოდი, რომ ჯალათი ოლეგ ფაცაცია, რომელიც ადგილზე პირადად ხელმძღვანელობდა ხოლმე პატიმრების წამებას, სააკაშვილის ოჯახის მეგობარი გახლავთ.

ასევე საყურადღებოა, რომ სად-ი სახელისუფლებო კადრების ერთ-ერთი ძირითადი "ინკუბატორია". სად-ში გამოიწვრთნენ ეკა ტყეშელაშვილი, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი... აქ უმტკიცებდნენ სააკაშვილს ლოიალობას და აქ ავლენდნენ საკუთარ ადამიანურ, უფრო სწორად, არაადამიანურ თვისებებს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ნათლად ახასიათებს ხელისუფლების შიდა პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ უფრო ემსგავსება ციხეს. სად-ში გამეფებულ სადიზმს კომერციული ასპექტიც აქვს: რაც უფრო აუტანელი და საშიში იქნება ციხე მოქალაქეებისთვის, მით უფრო ეფექტიანად შეძლებს ხელისუფლება მათთვის თანხების წართმევას საპროცესო გარიგებების შედეგად.

როგორც მოგახსენეთ, 2 მაისიდან შიმშილობა დავიწყე, რასაც ჩემი აბსოლუტური ბლოკირება მოჰყვა: გარკვეული დროის განმავლობაში ადვოკატებსაც კი აღარ უშვებდნენ ჩემთან შესახვედრად. 5 მაისს აქაურმა თანამშრომლებმა ცხვედიანის მეთაურობით ჩემი საკნიდან წაიღეს პირადი ნივთები, მადუღარა, თერმოსი, თვალების სავარჯიშო სათვალე და ა.შ. თუმცა, თურმე ყველაზე საშინელი პერიოდი ჯერ კიდევ წინ იყო.

6 მაისს, გიორგობას, როდესაც მღვდელი დავით დელიბაშვილი ციხის საავადმყოფოდან გავიდა, ზედა სართულიდან ერთ-ერთმა პატიმარმა დაიწყო ფანჯრიდან ძახილი და შველას ითხოვდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს იყო პატიმარი დ. ბესტაევი, რომელმაც დაინახა ციხიდან გასული მღვდელი და ასეთი ფორმით მიმართა დახმარებისათვის.

გვარიანად ჩასუქებული წმინდა მამა წამით შემოტრიალდა, ყოველი შემთხვევისთვის, სწრაფად ჯვარი გადასახა ციხის საავადმყოფოს და ვალმოხდილი, მაგრამ შეშინებული სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ამ დროს, გაცოფებული კონტროლიორები შეუვარდნენ ბესტაევს საკანში და იმ დღეს ორჯერ საშინლად სცემეს, შემდეგ კი დაიწყო ამ უბედურისა და სხვა პატიმრების ცემა და წამება ელექტროშოკის აპარატით, აკუსტიკურ-რეზონანსული იარაღით, ჩემთვის უცნობი სხვა სპეცტექნიკითა და პრეპარატებით. ეს ჯოჯოხეთი დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა.

ვერ შევძლებ იმ ყველაფრის გადმოცემას, რაც აქ ხდებოდა. ჩემი ნებისმიერი მონაყოლი თქვენთვის მხოლოდ მეტ-ნაკლებად მიახლოებული აღწერა იქნება იმისა, რის სიტყვით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია. ამავე დროს არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ციხის საავადმყოფოს ერთ ნაწილში მომხდარი ფაქტების შესახებ მაქვს ინფორმაცია, სხვაგან, სად-ის სხვა დაწესებულებებში რა ხდებოდა, ჩემთვის უცნობია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანების წამება დღე და ღამე, თითქმის 24 საათის განმავლობაში შუაღამის რამდენიმე საათის გამოკლებით? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აბსოლუტური შეუბრალებლობა და სიმხეცე?

ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი საკუთარ ტკივილსა და პრობლემებზე გაუსაძლისი იყო, რა ვქნა, ალბათ ვერ ვარ ზოგიერთივით "მაგარი"... არც 67-დღიანი შიმშილობა (ორმოცდამეცამეტე და ორმოცდამეთოთხმეტე დღის გამოკლებით, როცა რამდენიმეჯერ ვცადე მეჭამა, მაგრამ ვერ შევძელი) ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი ან რაიმე პოლიტიკური ბრძოლის საშუალება, უბრალოდ ლუკმა ყელში არ გადამდიოდა! წარმოიდგინეთ, სიტუაცია, როდესაც ადამიანების ტანჯვა-წამებას დასასრული არ უჩანს, ყოველდღე სულ უფრო უარესი ხდება, როცა ვერავის ენდობი, არავინაა მშველელი და თავადაც ვერაფერს აკეთებ ადამინების დასახმარებლად.

მერწმუნეთ, ყოველგვარი გადაჭარბებისაგან შორს ვიყავი და ვარ, პირიქით, მცირე ნაწილის გადმოცემაც კი არ შემიძლია იმ სიბინძურისაგან, რაც აქ სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან დავინახე. ამ ორი თვის განმავლობაში სწორი ანალიზის გაკეთება და საღი გონების შენარჩუნება ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობა იყო, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ყველა ის ნაძირალა, რომელიც აქ რეჟიმს ჰყავდა მოგზავნილი, რომ ამგვარ ანალიზს ვახერხებდი, თუმც ზოგჯერ მცირე დაგვიანებით. შეძლებისდაგვარად თანამიმდევრულად ვეცდები ყველაფრის გადმოცემას...

დრო გადიოდა, მაგრამ საშველი არ ჩანდა. თითქოს ყველაფერი უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო. შიმშილობის გარდა ჩემს მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ფაქტიურად არ მქონდა ძილის საშუალება - დღე-ღამეში ორიოდე საათის განმავლობაში თუ ვახერხებდი დაძინებას. აქაური საკნები სინათლეს გარედან ანათებენ და ცხვედიანის დავალებით ჩემი საკანი ღამღამობითაც გაჩახჩახებული იყო.

ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობდა ჩემს ფსიქიკურად დაავადებას და მწყობრიდან გამოყვანას ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამ ყველაფერში მონაწიობდნენ აქაური თანამშრომლები, მედპერსონალი, რამდენიმე სინდისგარეცხილი პატიმარი მომსახურე პერსონალიდან, ადმინისტრაციის მიერ ინსტრუქტირებული მღვდლები და იმჟამად ჩემი ადვოკატი, ნაძირალა გიორგი ქოიავა, რომლის როლზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ.

იმხანად დავრწმუნდი, რაოდენ ძლიერი და უპირობო კავშირი არსებობს გონებრივ მდგომარეობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის - შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ როდესაც გონების სიცხადესა და სისუფთავეს ვინარჩუნებდი, ძალისა და ენერგიის უკმარისობა არ მქონდა, მიუხედავად ყველაფრისა.

ერთ-ერთი ადამიანი, რომლის მეშვეობითაც გარე სამყაროსთან კავშირს ვინარჩუნებდი, ჩემი ადვოკატი ქ. ბექაური გახლდათ. მხოლოდ იგი ასრულებდა შეძლებისდაგვარად ჩემს თხოვნა-დავალებებს და აქ შექმნილი ვაკუუმის გამო ობიექტურ ინფორმაციას მაწვდიდა. რაც შეეხება თავად დაწესებულებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ჯოჯოხეთშიც კი იყვნენ კარგი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მაწვდიდნენ გარკვეულ ინფორმაციას, შიდა სიტუაციის შესახებ. მათი დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. როგორმე თავი უნდა მიმეტანა სასამართლომდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ საჯაროობა ბოლოს მოუღებდა პატიმრების წამებას.

ამ პერიოდში ორჯერ იყო მოსული ჩემი უფროსი ძმა, კ. გამსახურდია. პირველად ივნისის დასაწყიში, მას ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე აქაური კოშმარის საჯაროდ გაჟღერება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, სადაც მალე უნდა გამგზავრებულიყო. მართლაც, ალბათ გახსოვთ, მან პარლამენტში პრესკონფერენცია ჩაატარა აქაური მდგომარეობის შესახებ და მალე ევროპაში წავიდა.

მეორედ, ივლისის პირველ რიცხვებში ვიზიტისას იგი კარდინალურად შეცვლილი ჩანდა. ორი თვის ნაშიმშილარ ძმასთან ცინიკურ-ქედმაღლური სახით მობრძანდა და, ასე ვთქვათ, ნესტოებიდან მომზირალი მოჰყვა მტკიცებას, რომ მე ყველაფერი მეჩვენება და სინამდვილეში არაფერია საგანგაშო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო მისი ასეთი მეტამორფოზა და ვერ გამეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე. შემდეგ დამიწყო ახსნა, რომ "ევროპაში წამება ჰკიდიათ," რომ მსოფლიო პოლიოკოსტსა და კონცლაგერების არსებობასაც კი ვერ ადასტურებს და პატიმრების წამების დამტკიცება მით უმეტეს შეუძლებელია. მოკლედ, მსგავსი არგუმენტებით ცდილობდა საკუთარი უმოქმედობის გამართლებას, რადგან არავითარი შეპირებული პრესკონფერენცია მას ევროპაში არ გაუკეთებია.

სიმართლე კი ის გახლდათ, რომ პარლამნეტში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ კ. გამსახურდიამ უბრალოდ ივაჭრა ხელისუფლებასთან, ისპეკულანტა ჩვენი გასაჭირით და დუმილის სანაცვლოდ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ნანატრ დაფინანსებას გამორჩა, რომელიც მისმა სამკაციანმა პარტიამ იმ პერიოდში მიიღო და მალევე თვითლიკვიდაციაც გამოაცხადა. ალბათ ზედმეტია თქმა, რომ ქალაჩუნა კიკუს მას შემდეგ აღარც საკუთარ ძმაზე ამოუღია ხმა და აღარც პატიმრების წამებაზე. სხვათა შორის, მეორე, უმცროს ძმას, გიორგის, საერთოდ არც გავხსენებივარ. მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს "ძმისგან" რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს შეფარულ დაკითხვებსა და პროვოკაციებს მიწყობდა კონტრდაზვერვის დავალებით.

ამასობაში, როგორც იქნა მოაღწია 6 ივლისმა და სააპელაციო სასამართლოს პირველ სხდომაზე წამიყვანეს. თავიდანვე თვალშისაცემი იყო, რომ ბადრაგისა და "სპეცრაზმის" თანამშრომელთაგან არავის ვიცნობდი. საქმე ის გახლდათ, რომ ბადრაგების უმრავლესობა გასაგები მიზეზების გამო ადრე გავიცანი და ყველა მათგანთან კარგი ადამიანური ურთიერთობა მქონდა. ჩანდა, სად-ის ხელმძღვანელობამ იზრუნა, რომ ჩემთვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონტაქტის საშუალებაც კი მაქსიმალურად შეეზღუდა. სააპელაციო სასამართლოს შენობაში პროცესის დაწყებამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე მივედით და იქ, დაახლოებით 1კვმ ფართობის ღია გალიაში გავაგრძელე ლოდინი 65 დღის ნაშიმშილარმა კაცმა. იქვე, დერეფანში ოცამდე ბადრაგი მყარაულობდა.

ვიჯექი და მაქსიმალურად ვცდილობდი გონების სიცხადისა და აუღელველობის შენარჩუნებას. ვიცოდი: ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, თავის კონტროლი არ უნდა დამეკარგა. ცოტა ხნის შემდეგ სხვადასხვა მხრიდან დერეფანში პატიმრების წამების ხმათა ჩანაწერები გაისმა. ბადრაგებმა ატეხეს კიბეებზე სირბილი, ზედა სართთულებზე დაიწყო ნაბიჯების ბრაგუნი, ლანღვა-გინება, პატიმართა სიების კითხვა... მოკლედ დაიწყო იმ მოვლენების საკმაოდ უნიჭო და არაბუნებრივი ინსცენირება, რომლებიც ციხიდან გამოგზავნილ წერილებში მქონდა აღწერილი.

ამ ყველაფრის მიზანი ჩემი მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ, რათა სასამართლო დარბაზში განმეცხადებინა, აი, ნახეთ, პატიმრებს სასამართლოს შენობაშიც აწამებენ-თქო. შედეგად, ეჭვგარეშეა, ფსიქიკურად შეშლილის იარლიყს დავიმსახურებდი, თუ ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩანაწერები, პროპაგანდისტული მანქანა ეცდებოდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ მე საწყალს წამების ხმათა ჩანაწერებს მასმენინებენ და სინამდვილეში არაფერი ხდება. საბედნიეროდ, სიმშვიდის შენარჩუნება შევძელი და უნიჭო სპექტაკლებსა და ჩანაწერებს კარგად ვანსხვავებდი რეალობისაგან, ამიტომ ამ ფაქტის შესახებ მაშინ ხმა არ ამომიღია.

შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა: რეჟიმის მონები, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ადამიანისმაგვარმა არსებამ, ვინმე ოთარაშვილმა განცხადების გაკეთებისას უმიზეზოდ გამაძევა დარბაზიდან. პირველ სართულზე მდებარე გალიაში დამაბრუნეს, სადაც 18 საათამდე დავყავი. ბადრაგი ელოდებოდა ციხის ჩაკეტვას, რათა იმ დღეს ადვოკატებს ჩემი ნახვის საშუალება არ მისცემდათ. ისევ ჩართეს ზემოხსენებული ჩანაწერები და მოგვიანებით 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებული ჩემი სატელეფონო საუბრებიც დაამატეს.

7 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ჩემს საკანთან მოვიდა პრიმატთა ჯგუფის 2 წარმომადგენელი, რომელთაც ვინაობა არ გაამხილეს და განმიცხადეს: პროკურატურიდან ვართ, უნდა შემოვიდეთ და ბრალი უნდა წაგიყენოთო. საკანში მათ შემოშვებაზე კატეგორიული უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არავითარ საპროცესო ქმედებებში არ მივიღებდი მონაწილეობას.

მათ ადვოკატების საკონტაქტო ტელეფონები გამომართვეს და დაუკავშირდნენ ჩემს ადვოკატს, ქეთი ბექაურს, რომელიც მალე მოვიდა, მაგრამ  პროკურატურის თანამშრომლები დირექტორ ბუთლიაშვილთან კურკურებდნენ და საპროცესო მოქმედებების ჩატარება ადვოკატის თანდასწრებით რატომღაც არ მოინდომეს. საღამოსკენ, ქ. ბექაურის წასვლის შემდეგ, ჯალათებმა ბუთლიაშვილმა, ცხვედიანმა და ზემოხსენებულმა პრიმატებმა - ვინმე რიჟამაძემ და ვინმე ლასამეიშვილმა - ერთად წამიყენეს ბრალი კონტროლიორის მოქრთამვის მცდელობისთვის.

8 ივლისს აქ ადამიანების წამებაც თითქოს დამთავრდა და საღამოს შიმშილობა შევწყვიტე. 9 ივლისს, პარასკევს, გაღვიძებისას აღმოვაჩინე, რომ ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ სხეულზე, განსაკუთრებით ფეხებზე, კუნთები თითქმის აღარ მქონდა. ლოგინიდან წამოდგომის რამდენიმე წუთს ვანდომებდი, სკამზე დაჯდომაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ცოტა წავიხემსე და წამოვწექი, რადგან სხვა მდგომარეობის მიღებას უბრალოდ ვერ ვახერხებდი. მოვიდა საღამო, ციხე ჩაიკეტა, და შემოტევა განახლდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ პერსონალურად ჩემზე.

ჩემი საკნის ზემოთ და ერთ-ერთი კედლის გადაღმა სამედიცინო სათავსებია განლაგებული. ჩანს, ამ ოთახებში რაღაც სპეცაპარატურა დაამონტაჟეს და დაიწყო ღირსების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტექსტების ჩანაწერების ტრიალი, ამ ტექსტების სხვადასხვანაირად არანჟირება, ყვირილი, წივილ-კივილი და ა.შ. ჩემს საკანში სინათლე ჩააქრეს და პარალელურად ჩართეს, მათი აზრით, ჩემთვის მნიშვნელოვანი თუ ძვირფასი სახელებისა და სიტყვების ჩანაწერები შეურაცხმყოფელი და ტრაგიკულ კონტექსტებში, ოღონდ ამჯერად ე.წ. "აჩქარებული რიტმის" პრინციპით, რათა ქვეცნობიერად მოეხდინათ ზემოქმედება - მწყობრიდან გამოვსულიყავი ან გონება დამეკარგა. გაუგონარი ძალისხმევა მოვანდომე აღქმისა და ყურადღების დამორჩილებას.

რასაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაშიქვეცნობიერს უწოდებს, მაშინ ჩემთვის თითქოს ხელისგულზე ჩანდა. რაღაცნაირად შევძელი ლოგინზე წამოჯდომა და... და ვეღარ გეტყვით რა ხდებოდა, იმიტომ, რომ არავითარი ემოცია, განწყობა თუ აზრი აღარ გამაჩნდა. აღარ მახსოვდა, ვინ ვიყავი ან რა ხდებოდა, არც კარგი იყო, არც ცუდი, არც კმაყოფილება და არც უკმაყოფილება. მოკლედ, უაზრობაა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ, ვიყავი.

ალბათ 1,5-2 საათიანი ამგვარი "დამუშავების" შემდეგ ამ ყველაფერს რაღაც აუხსნელი საშინელი პროცესები დაემატა: ყურებში აუტანელი შხუილი, შინაგან ორგანოებში უცნაური ვიბრაციები და ტკივილი, სახსრების, განსაკუთრებით ქვედა კიდურების წვა და მტვრევა, არაბუნებრივი პანიკისა და სასოწარკვეთილების შეგრძნება. სისხლი თითქოს დუღდა ძარღვებში და გულისცემა ალბათ მინიმუმ ორჯერ აჩქარდა...

ადრეც ვიცოდი ფსიქოტრონული იარაღის არსებობის და მოქმედების შესახებ, მაგრამ თავიდან მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთი, რომ სუბიექტურად ეს არ მქონდა გამოცდილი, მეორეც, ეს პროცესები რამდენიმეჯერ დაიწყო და შეწყდა, ალბათ დაბნევის მიზნით. თანამშრომლები პროვოკაციულ ქცევას და ლანძღვა-გინებას აგრძელებდნენ, თან ხშირ-ხშირად იყურებოდნენ სათვალთვალო ჭუჭრუტანაში, სწავლობდნენ ჩემს მდგომარეობას.

ცოტა ხანში ეს აპარატი შეუჩერებლად ჩაირთო. რის ვაი-ვაგლახით ლოგინიდან წამოვდექი და პატარ-პატარა ნაბიჯებით საკანში გადაადგილება ვცადე. ფიზიკური ტკივილის გარდა, ყველაზე მძიმე და უცნაური იყო, რომ ნებისმიერი აზრის წარმოშობა გონებაში, ნებისმიერი ანალიზის, დაფიქრების მცდელობა ერთი-ორად აუარესებდა მდგომარეობას. ნებისმიერი ემოციური აშლილობა, ნეგატიური ემოცია თითქოს კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ზემოქმედებას. სწორედ ეს გახლდათ ის უცნაური აპარატი, რომელიც აქ მქონდა ნანახი და ელექტროშოკის რაღაც ნაირსახეობა მეგონა. ამ აპარატითა და ელექტროშოკით აწამებდნენ ლოგინზე მიბმულ საწყალ ბესტაევსა და სხვებს, მდგომარეობის დასამძიმებლად ერთდროულად ცემდნენ და სხვადასხვა აღმგზნებ პრეპარატებს უკეთებდნენ.

დღესაც ყურში მიდგას მათი ხმა: "ღმერთო, მიშველეე"... ამავე დროს, გრძელდებოდა ზემოხსენებული ჩანაწერების ტრიალი ჩემი საკნის გარშემო. როგორც ჩანს, ჯალათებმა კარგად იციან, რომ გაფანტული და ფრაგმენტირებული ფსიქიკის დანგრევა გაცილებით ადვილია, ვიდრე მობილიზებულის.

ჯალათების ქმედებებს აადვილებდა ისიც, რომ რაიმე თქმა არ შემეძლო. ყვირილი ან აქტიური საქციელი უფრო გააძლიერებდა ზემოქმედებას, თანაც, ჩემი საკანი დერეფნის ერთ მხარეს მდებარეობს სხვებისგან მოშორებით და ვერც ვინმესთვის შევძლებდი ახსნას, რა ხდებოდა. ჩემი ძახილი ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანის წინა პირობად იქცეოდა და სწორედ ეს იყო ჯალათების მიზანი.

ჩემი გაგიჟება მათთვის ტრიუმფის ტოლფასი იქნებოდა, რადგან გააქარწყლებდა ყველაფერს, რაც სად-ის ჯოჯოხეთის შესახებ მქონდა გაჟღერებული. ნეტავ მოვკვდე, ვფიქრობდი, ოღონდ არ გავგიჟდე. ვერ წამომედგინა, როგორ გავძლებდი ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შეძლებდა შემოსვლას.

შეგნებულად არ ვისაუბრებ როგორ გავუძელი ამ ყველაფერს. სიტყვით უბრალოდ ვერ შევძლებ მომხდარის ადეკვატურად გადმოცემას და ჩემი მონათხრობი, შესაბამისად, არასწორად იქნება გაგებული. ვფიქრობ, ეს პროცესები ცალკე საუბრის საგანია და ლაკონიურად ან ზედაპირულად მონაყოლი მხოლოდ დააბნევს მსმენელს. დაახლოებით ოცდათექვსმეტი საათის შემდეგ, 11 ივლისს გამთენიისას ჩემთვის სულერთი გახდა, ყველაფერი და აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.

ალბათ ასე შეიძლება ყველაზე დაახლოებითი აღწერა.. უნდა ვთქვა, რომ დამეხმარა მსოფლიო რელიგიათა პრინციპებისა და გარკვეული ფსიქოტექნიკების ცოდნა. კოშმარი შეწყდა მხოლოდ ორშაბათ დილით, საჭმლის დარიგებამდე ცოტა ხნით ადრე. იმავე ღამით, ჩემს საკანში კვლავ არ ჩააქრეს სინათლე და ორიოდე საათით ისევ ჩართეს ეს აპარატი, მაგრამ მალევე შეწყვიტეს, რადგან მისმა გამოყენებამ, ასე ვთქვათ, აზრი დაკარგა.

როგორც შევძელი გარკვევა, ეს გახლავთ ისრაელის წარმოების აკუსტიკურ-რეზონანსული იარაღი, რომელიც სამხედრო დანიშნულებისაა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ გამოიყენება. აქაური ხელმძღვანელობა მას "ახალაიას საჩუქარს" უწოდებდა. ქართული ციხის სინამდვილეში ამ იარაღით ფსიქიკურად აავადებენ ადამიანებს ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ისინი. ამ აპარატით ზემოქმედების კვალი არ რჩება, ბევრი ადამიანი ვერც ხვდება, რა ხდება მის თავს და რასთან აქვს საქმე. მას გააჩნია სიხშირის რეგულატორი, რაც ადამიანის ორგანოებში შერჩევითი ზემოქმედების საშუალებას იძლევა.

ამ აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ტალღები კედელში უპრობლემოდ აღწევენ, თუმცა ობიექტის სხეულთან უშუალო სიახლოვე ჯალათებისათვის, რა თქმა უნდა, უკეთესია.

საგულისხმოა, რომ ამ იარაღს ჩემს წინააღმდეგ სწორედ მაშინ იყენებდნენ, როდესაც მანანა არჩვაძე შეგნებულად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა, თითქოს მე იძულებით რაღაც წამლები დამალევინეს, გამაგიჟეს და ა.შ. ამას აკეთებდა საკუთარი რეაბილიტაციისათვის, რადგან სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ სხდომაზე საჯაროდ ვთქვი, რომ მან ერთი თვით დაბლოკა და არ გამოაქვეყნა ჩემი, ფაქტიურად, სისხლით დაწერილი წერილი პატიმრების წამების შესახებ. ვფიქრობ, სწორედ მისი ამ განცხადებით ისარგებლეს აქაურმა ჯალათებმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სად-ის ხელმძღვანელობისა და საკუთარი ოჯახის წევრებისათვის ერთნაირად მიუღებელი აღმოვჩნდი...

საერთოდ, საკუთარი საქციელით დედაჩემმა გაცილებით მეტი ზიანი მომაყენა ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ეს ნებისმიერ პირად მოწინააღმდეგეს გაუკეთებია. დღეს მე იძულებული ვარ საჯაროდ ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, რადგან იგი სარგებლობს ჩემი იზოლაციით და შეგნებულად თუ შეუგნებლად განაგრძობს ზიანის მოყენებას. დღეს მე ხუმრობის არც დრო მაქვს და არც ხასიათი, არ ვიცი წინ რა მელოდება ან როდის შევძლებ კიდევ რაიმეს გაჟღერებას, ამიტომ საჯაროდ, კატეგორიულად ვუკრძალავ მას ჩემი საკითხით დაინტერესებასაც კი!

ვთხოვ ყველას, ვინც რაიმე პოზიტიური როლი შეასრულა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ნუ გააიგივებს ჩემს სახელს მის სახელსა და ქმედებებთან. ამავე დროს, მ. არჩვაძეს აქვს იშვიათი უნარი ხუთ წუთში მტრად აქციოს ნებისმიერი მოყვარე.

რამდენიმე კვირის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, დირექტორი ბუთლიაშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, მისი მოადგილე ცხვედიანი კი - დააწინაურეს. მართალია ბუთლიაშვილი სიამოვნებით და აქტიურად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში, მაგრამ ციხის საავადმყოფოს რეალური უფროსი ცხვედიანი გახლდათ, მიუხედავად ბუთლიაშვილისადმი ფორმალური დაქვემდებარებისა ცხვედიანი ბ. ახალაიას კადრია და სწორედ მისთანათა მეშვეობით, სად-ს ფაქტიურად დღესაც ბ. ახალაია მართავს.

ვინ მართავს ახალაიას, ვფიქრობ, თავადაც მოგეხსენებათ. ცხვედიანის გარდა, დააწინაურეს ჯალათი ოლეგ ფაცაციაც, მ. სააკაშვილის ოჯახის მეგობარი. თითქმის ყველა ოფიცერს თითო-თითო ვარსკვლავი დაუმატეს სამხრეებზე და ასე დასრულდა ყველაფერი. ბუნებრივია, არც ერთი წამებისა თუ ცემის ფაქტი არ გამოძიებულა და ე.წ. სამართალდამცავები არც დაინტერესებულან ამ ყველაფრით.

პატიმრების ცემას (მათ შორის, სავარძელში მჯდომი ინვალიდებისაც) ადგილი ჰქონდა აგვისტოსა და სექტემბერშიც, მაგრამ ამას მხოლოდ ცხვედიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც დაწინაურების მიუხედავად დროის დიდ ნაწილს მაინც ციხის საავადმყოფოში ატარებდა. ალბათ ვერ ელეოდა "ტკბილ მოგონებებს". დღესდღეობით, ახალი დირექტორის, გვიჭიანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი მუშაობის პერიოდში ნელ-ნელა შეწყდა ადამიანების ცემა და წამება, და სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული დღემდე მსგავს ფაქტებს ციხის საავადმყოფოში ადგილი აღარ ჰქონია. ძნელი სათქმელია, როდემდე გაგრძელდება ასეთი ვითარება, ვინაიდან ადამიანების მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა კვლავ ძალაშია და ხელისუფლება არც ფიქრობს მის შეცვლას.

რაც შეეხება ამ ბრალდების საქმეს, ეს გახლავთ ხელისუფლების ჩვეული მეთოდებით შეთითხნილი პროვოკაცია. ამ გზით შეიძლება ითქვას, სამაგიერო გადამიხადეს იმისათვის, რომ მორჩილად არ შევეგუე ავადმყოფი ადამიანების წამებას. როგორც კი აპრილის ბოლოს პატიმრების წამების ფაქტები გავაჟღერე, ადმინისტრაციამ შეუვალი ბლოკადა გამომიცხადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდრე ევროსასამართლო დაინტერესდებოდა ჩემი სიტუაციით, ჩემთან ხშირად ადვოკატებსაც კი არ უშვებდნენ. დღემდე ჩემს ადვოკატებს აქედან საკუთარი ჩანაწერების გატანის საშუალებაც კი არა აქვთ უმკაცრესი კონტროლისა და ჩხრეკის გარეშე.

სოციალური სამსახური სათოფეზე აღარ მეკარებოდა, და მათი გვერდის ავლით ციხიდან რაიმე კორესპონდენციის ლეგალურად გამოგზავნა შეუძლებელია. ტელეფონით დარეკვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 3 თვის განმავლობაში, სანამ ხელახლა გავხდებოდი ბრალდებული, ხუთჯერ ან ექვსჯერ დამარეკვინეს მხოლოდ და ისიც მაშინ, როცა რაიმე ინფორმაციის შეტყობა სურდათ.

თავად სოცსამსახურის სისტემა ისეა აწყობილი, რომ მათ პატიმრის დაბლოკვა ათასნაირად შეუძლიათ. კანონით აუცილებელია, რომ სოცსამსახურის წარმომადგენელმა დაადასტუროს თქვენი ხელმოწერის სისწორე, ანუ მისი თანდასწრებით ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, შემდეგ კი დირექტორთან მიაქვს დასამოწმებლად. ამის მერე, კიდევ გარკვეული პერიოდი აქვთ კორესპონდენციის გასაგზავნად. როცა რაიმე დოკუმენტი ადმინისტრაციისათვის არასასურველ ინფორმაციას შეიცავს, სოცსამსახურის მუშაკის პოვნა შეუძლებელი ხდება.

ხან უსასრულო თათბირი აქვთ, ხან კორპუსზე არიან გასული, ხან ქსეროქსია გაფუჭებული, ან მათი ოთახი უბრალოდ ადვოკატის ცხვირწინ იკეტება და რაც გნებავთ, ისა ჰქენით... თუ გაგიმართლათ და როგორმე ხელმოწერის სისწორე დაგიმოწმეს, ახლა უკვე დირექტორი იწყებს დამალობანას თამაშს. მაგალითად, მათი თქმით, ბუთლიაშვილი ხან კორპუსზე იყო, ხან გასვენებაში, ხან სააბაზანოში, საჭმელად ან ვინ იცის კიდევ სად. თუ მოხდა სასწაული და დირექტორიც "აღმოაჩინეთ", იგი უბრალოდ უარს გეუბნებათ დოკუმენტის დამოწმებაზე ან აცხადებს, რომ მას წერილის დამოწმებისა და გაგზავნისათვის გარკვეული დრო სჭირდება, ხოლო ადვოკატს, ბუნებრივია, აქ უსასრულოდ არავინ გააჩერებს. რა ბედი ეწევა თქვენს წერილს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

სწორედ ასე ხდებოდა ხოლმე ჩემს შემთხვევაში. მაგალითად, როდესაც პატიმრების წამების შესახებ წერილი მივწერე პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სამმა ადვოკატმა - ქ. ბექაურმა, გ. თევზაძემ და გ. ნიკოლაიშვილმა ერთად ვერ მოახერხა, რომ მათთვის წერილი დაემოწმებინათ და გაეგზავნათ. ოღონდ ამჯერად არსად დამალულან. სოცსამსახურმა და დირექტორმა უბრალოდ არ დაამოწმეს წერილი, მისი ქსეროასლი გადაიღეს და დედანი (დაუმოწმებლად) უკან დამიბრუნეს. ადმინისტრაცია უტიფრად სარგებლობს ფაქტით, რომ თქვენ ვერაფერს დაამტკიცებთ და მათ იქით გზა არა გაქვთ.

ადვოკატები ხომ ციხის შენობას შტურმით ვერ აიღებენ? ეს წერილიცა და ადვოკატების ადმინისტრაციისადმი მიმართვაც შეგიძლიათ იხილოთ საქმის მასალებში.

მინდა გითხრათ, რომ ჩემს ბლოკირებასთან დაკავშირებით ჩემმა ადვოკატებმა სასჯელაღსრულების მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. ჩვენმა "ვნებიანმა მინისტრმა", ჩვენთვის ვერ მოიცალა და არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, იგი დაინტერესდა ამ სიტუაციით და შესაბამისი რეზოლუცია დაადო მათ წერილს, მაგრამ სად-მა მას სრული იგნორირება გაუკეთა. ბლოკადა დღემდე გრძელდება და რიგ  შემთხვევებში მე სასამართლოსთვის ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნის საშუალებაც კი არა მაქვს.

კონტროლიორი ხვიჩა ბასოშვილი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან თანამშრომელთაგან, რომელნიც აქ ადამიანების წამებაში არ მონაწილეობდნენ. ამის გამო მას დიდ პატივს ვცემდი. ხშირად მითხოვია მისთვის, წასულიყო ამ ჯოჯოხეთიდან და ვპირდებოდი, რომ ორჯერ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურს ვაშოვნინებდი.

სწორედ ბასოშვილმა მითხრა 28 მაისს უბედური დ. ბესტაევის ვინაობა, რომელსაც იმ დროისათვის უკვე 3 კვირის განმავლობაში აწამებდნენ.

თუმცა, ძალიან შეშინებული იყო და დაამატა: "ფრთხილად იყავი, ზვიადიჩ, მომკლავენო". სიხარულისაგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჯალათები აქ ყოველნაირად მალავდნენ ნაწამებ-ნაცემი პატიმრების სახელებსა და გვარებს, ხოლო ბასოშვილმა თავისი საქციელით ბესტაევის სიცოცხლე ფაქტიურად გადაარჩინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქაური მოვლენებისა და ნაწამებ პატიმართა კონკრეტული გვარების გაჟღერება მათ აუცილებლად უშველიდა. ხვიჩა ბასოშვილს ვთხოვე შეხვედროდა დედაჩემს და დეტალურად მოეყოლა მისთვის აქაური სიტუაციის შესახებ. იმ დღეს ასე დავშორდით.

28 მაისი პარასკევი იყო და როდესაც ორშაბათს ადვოკატი, იმჟამად გ. ქოიავა შემოვიდა, ავუხსენი მას სიტუაცია და ბასოშვილის მობილური ტელეფონის ნომერი ჩავაწერინე. მომენტალურად ქოიავას სახე შეეცვალა, თითქოს დაიბნა და რამდენიმეჯერ გაითამაშა სცენა, ვითომ ნომერი ვერ ჩაიწერა, ციფრები შეეშალა და ა.შ. მოკლედ, მისი საქციელი ძალზე არაბუნებრივად მეჩვენა. იმ დღიდან ხ.ბასოშვილი სადღაც გაქრა და დაახლოებით 10 დღე აღარ მინახავს. ნაძირალა გ. ქოიავამ ადმინისტრაციასთან "ჩაუშვა" კონტროლიორი ბასოშვილი, როგორც მოგვიანებით მივხვდი.

საერთოდ, ეს არაკაცი სისტემატურად ეწეოდა ჩემს დეზინფორმირებას, მიმალავდა ნებისმიერ პოზიტიურ ინფორმაციას და მუდამ ცდილობდა შეეტყო, თუ რა მეთოდებითა და გზებით ვიგებდი პატიმართა წამების დეტალებს. პარალელურად, იგი ყველანაირად ცდილობდა ჩემს მწყობრიდან გამოყვანას და დემორალიზაციას, ხოლო 6 ივლისის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, ადვოკატთან შესახვედრ ოთახში ვიდეოკამერის წინ ბინძური შეურაცხყოფა მომაყენა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს, რათა ფიზიკურად შევხებოდი და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მონსტრად და აგრესორად გამოვეცხადებინე.

დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარებას. ხ. ბასოშვილი ისევ მხოლოდ, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოვიდა. ჩემს კითხვაზე, თუ სად იყო დაკარგული, მომიყვა, რომ ერთი წლის შვილი უკვდება, ძალზე გაჭირვებულ დღეშია და მოულოდნელად წერილის გადაცემა მთხოვა. საქმე ის გახლდათ, რომ წინა დღეს ტელეფონით საუბრისას დედაჩემმა მითხრა, რომ მეორე დღეს ჩემთან მოვიდოდა პიროვნება, ვისთანაც, სავარაუდოდ შევძლებდი კორესპონდენციის გადაცემას.

ბასოშვილის სიტყვები ერთი პირობა გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ დედაჩემისა და მისი შეხვედრა შედგა და სატელეფონო საუბარშიც სწორედ იგი იგულისხმებოდა. მცირე ყოყმანის შემდეგ ბასოშვილს ორი წერილი გადავეცი, მათ შორის პარლამენტის სახელზეც, რომლებიც აქაურმა სოცსამსახურმა დაბლოკა და რომელთა პრესაში გამოქვეყნება ხელს შეუწყობდა პატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას. ალბათ, მიხვდით, რომ ადმინისტრაციამ ჩემი და დედაჩემის საუბრის შინაარსი მოისმინა და საჭირო მომენტში გამოაჩინა "დამუშავებული" ბასოშვილი.

რამდენიმე საათის შემდეგ ბასოშვილი კიდევ მოვიდა, გამიმეორა, რომ შვილი უკვდება და მთხოვა ფინანსურად დავხმარებოდი. მთხოვდა, დედაჩემისათვის მიმეწერა თანხის შესახებ. თან თავზე მედგა, ჩქარა, ჩქარა, სახლში უნდა გავიქცეო და წერილის ბოლომდე დასრულებაც არ მაცალა. ჩანს, ეშინოდათ, არ გადაიფიქროსო. სწორედ მაშინ მივწერე დედაჩემს, ფინანსურად დახმარებოდა ბასოშვილს. ეს მესამე წერილი პირველ ორს დაუმატეს, ამ მეორე შეხვედრის ჩანაწერი გააქრეს (ან, შესაძლოა, არც ჩაუწერიათ), და ასე იქცა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მიცემული ფული წერილების გატანის სანაცვლოდ მიცემულ ქრთამად.

ამ საქმის შემთითხვნელმა გარეწრებმა აბსოლუტურად სწორად გათვალეს, რომ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანს დავეხმარებოდი და მით უმეტეს მას, ვისაც პატივს ვცემდი და ვისზეც (როგორც მაშინ ვფიქრობდი) ათობით პატიმრის ბედი იყო დამოკიდებული.

ბასოშვილს კორესპონდენცია კიდევ რამდენიმეჯერ გადავეცი, მათ შორის, წერილები საგაზეთო პუბლიკაციებისათვის, წერილი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის სახელზე, რომელიც იმხანად საქართველოში ბრძანდებოდა; ბარათები ჩემი მეუღლის, დედაჩემისა და ჩემი მეგობრებისთვის გადასაცემად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ივნისში ბასოშვილთან ჩემი ყველა შეხვედრა წინასწარ უნდა ყოფილიყო ინსცენირებული და ჩაწერილი, საკმაოდ საინტერესოა, რომ რამდენიმე შეხვედრის ფაქტი არ ჩანს ამ საქმის მასალებში.

ეს ზუსტად ის შეხვედრებია, როდესაც პატიმრების წამებასა და ჯალათების კონკრეტულ გვარებზე გვქონდა ლაპარაკი. ასევე გამქრალია რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც. აქვე დავამატებ, რომ არაკაცი გ. ქოიავა შემდგომაც აქტიურად მონაწილეობდა ამ "საქმის" შეკოწიწებაში. მისი საქციელისა და საუბრების ამ საქმის მასალებთან შედარებისას ნათლად დავინახე, რომ მას აცნობდნენ ჩემი წერილების შინაარსს და მასთან ერთად ადგენდნენ პროვოკაციულ გეგმებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილს, შესაბამისი შეფასება მისცეს იმ ამორალური და ნამუსგარეცხილი არსების ქმედებებს.

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და პროკურატურამ ყოველი შემთხვევისათვის გააყალბა პირველი ფარული ჩანაწერის თარიღი, რათა დედაჩემთან ჩემი საუბრის შემდეგ ბასოშვილის მოგზავნა აშკარა არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჩანს ბასოშვილთან ჩემი საუბრის ტექსტში, როცა ვეუბნები, რომ მითხრეს, პიროვნება უნდა მოსულიყო და არ მეგონა თუ იგი იქნებოდა. სამაგიეროდ, პროკურატურამ საქმეში ჩაწერა, ვითომ მე წინა დღით ქრთამი შევთავაზე (სინამდვილეში 10 დღის უნახავ ბასოშვილს და თითქოს ამის შემდეგ დაიწყო ეს "საქმე").

თავად ფაქტი, რომ ბასოშვილმა წერილების გადაცემა მომთხოვა, სხვა არაფერია თუ არა "დანაშაულის" პროვოკაცია. პროკურატურამ მას სისხლის სამართლის დანაშაული ჩაადენინა სსკ 145-ე მუხლის თანახმად. რატომ მაიძულეს ბასოშვილის საშუალებით მეცადა აქედან კორესპონდენციის გატანა, განა ჭკუათამყოფელი ადამიანი დაიწყებს ღია კარის მტვრევას?

თუ თვეების ნაშიმშილარ, სამარტოო საკანში ჩაკეტილ ადამიანს ასეთი ქმედებები მახალისებდა და მინდოდა ჩემთვის კიდევ ერთი ბრალდება "აეკიდებინათ"? თუ მე ბასოშვილს თანხა წერილების გატანის სანაცვლოდ გადავეცი, როგორც პროკურატურა ამბობს, მაშინ მე მინდა გკითხოთ: ბ-ნო მოსამართლევ, თქვენ გადაიხდით ფულს იმაში, რის გაკეთებაც ისედაც შეგიძლიათ? რატომ მოხდა ჩემი ბლოკირება პატიმრების წამების დაწყების შემდეგ, და რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდა პროკურატურა ამ წერილებსა და ფარულ ჩანაწერებში აღწერილი საშინელებით?!

ამავე დროს მოგახსენებთ, რომ ციხიდან წერილების არალეგალურად გამოგზავნა თავად ვაღიარე სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ სხდომაზე, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ სიბინძურის უკან პროკურატურა იდგა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი საკუთარ უდანაშაულობაში, ვინმე მქაჩავდა ენაზე? თუ თქვენ სულელი გგონივართ?! ბასოშვილმა ფული ბავშვის გადასარჩენად მიიღო და არა წერილების გატანის სანაცვლოდ, რაც ამ საქმის მასალებითაც დასტურდება. სხვა საქმეა, რომ სასამართლო ამ მასალების მხოლოდ ნაწილს გაითვალისწინებს და ყურადღებას არ მიაქცევს ობიექტურ გარემოებებს. ეს უკვე მრავალჯერ მაქვს გამოცდილი ქართულ სასამართლოებში.

ბ-ნო მოსამართლევ, მინდა იცოდეთ, რომ ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნის რაიმე ილუზია არ გამაჩნია. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია და თქვენ მისი, უბრალოდ "დამოწმება" მოგიწევთ, შესაძლოა, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. რაც აქ ხდება, ჩემთვის შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია, რომ ადამიანი, რომელმაც თავად მთხოვა ფული ბავშვის სამკურნალოდ, ახლა მე მაბრალებს მოქრთამვის მცდლობას პროკურატურის დავალებით! შეურაცხმყოფელია, რომ ვინმე ჯულიეტა ჭაბაშვილი, სოცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად აქტიურად მონაწილეობდა ჩემს ბლოკირებაში, აქ არის მოწმედ და ლექციას გვიკითხავს პატიმრების უფლებების შესახებ.

გმადლობთ, ვიცით. შეურაცხმყოფელია, რომ პროკურატურა ფორმალურადაც არ დაინტერესებულა არც პატიმრების წამების ფაქტებით და არც ჩემი მდგომარეობით, ნაცვლად ამისა ისევ მე მაქციეს დამნაშავედ! თავისთავად აბსურდია ამ ე.წ. "საქმის" საგამოძიებო ქვემდებარეობა. ორ თვეზე მეტ ხანს ვიშიმშილე სად-ის ჯოჯოხეთის წინააღმდეგ და ჩემი "საქმე" იმავე სად-ის პროკურატურამ "გამოიძია"! როგორ მოგწონთ?

შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დავამატებ, ალბათ გახსოვთ, როგორ ატრიალებდნენ იმ დღეებში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხები ფარულ ჩანაწერს, სადაც მე საცვლის ამარა ვარ საკანში და წერილებს ვაწვდი ბასოშვილს. პატიმარი, რომელიც თვეობით არ გაჰყავთ საბანაოდ და რომლის საკანშიც 35-40 გრადუსი სიცხეა. მინდა ვკითხო პროკურორს, იქნებ აგვიხსნას, როგორ აღმოჩნდა საიდუმლო ფარული ჩანაწერი, რომელსაც სასამართლომდე თავად ბრალდებულსაც არ აცნობენ ხოლმე, "რუსთავი-2" და "იმედის" ეთერში?! ეს საცოდავები ამ გზით ცდილობდნენ ჩემს დისკრედიტაციას. არა უშავს, მე საკუთარი სხეულის არ მრცხვენია და ზოგიერთებივით 40 წლის ასაკში ტრენაჟორებთან ოფლის ღვრა არ მჭირდება არასრულფასოვნების კომპლექსის დასაძლევად.

დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს - ადვოკატსა თუ ჟურნალისტს, პოლიტიკოსსა თუ საზოგადოების წარმომადგენელს, - ვინც გულთან მიიტანა აქ აღწერილი შემზარავი პროცესები და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა მათ შეწყვეტაში, განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის გახრწნილი და დეგრადირებული, გროშებზე დახურდავებული უმრავლესობისაგან, განსხვავებით უმრავლესობისაგან, რომელიც ვერა და ვერ მიხვდა ვითომცდა "საამაყო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის" მანძილზე, რომ სხვისი უფლებების დაცვა საკუთარის დაცვასაც ნიშნავს. და კაციჭამია ვირთხების კასრში ჯერ არავის აუშენებია სახელმწიფო.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის პერსონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვტოვებ სასამართლო დარბაზს, რადგან მომბეზრდა უკვე მერამდენეჯერ, უშედეგოდ, ბავშვივით აქ დგომა და თავის მართლება იმისათვის, რაც არ გამიკეთებია. საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. აქ მოსამართლე სინამდვილეში თითქმის ისევე უუფლებოა, როგორც პატიმარი. წინასწარ ვიტყვი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც აქ აუცილებლად დადგება, იქნება არა მართლმსაჯულების შეცდომა, არამედ მორიგი სახელისუფლებო დაკვეთის შედეგი. წერონ და იკითხონ, თუ უნდათ კიდევ დამიმატონ რამე! ჩემთვის სულერთია.

მოვითხოვ, მალე დამთავრდეს ეს აბსურდის თეატრები და გადამიყვანონ კოლონიაში.

24.12.10

უკანონო პატიმარი ცოტნე გამსახურდია

P.S. დეკემბრის დასაწყისიდან სად-ის ჯოჯოხეთს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს: 23 წლის თამაზ დადვანი, რომელიც ციხეში ტუბერკულოზით დაავადდა, მერე იქაურმა ჯალათებმა სადისტურად სცემეს და ბოლოს უყურადღებობითა და მოუვლელობით ამოხადეს სული.

დადვანის და სხვათა ტრაგედია, პირველ რიგში, ქართული იმპოტენტი საზოგადოების კისერზეა და მხოლოდ შემდეგ - სადისტი ხელისუფლებისა, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველი ღამის უფლებასაც დაიკანონებს; რა თქმა უნდა "ქვეყნის განვითარებისათვის". თუმცა, ვინ იცის, რამდენი ნეფე-პატარძალი ამაზე ოცნებობს კიდეც... ამიტომაც, ინფანტილურ-მერკანტილური ქართველი საზოგადოება ზუსტად ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, როგორიც ააშენა.

"სანამ ინდოეთში ერთი ადამიანი მაინც არის მშიერი, არავისა აქვს უფლება იყოს მაძღარი" - მაგრამ მაჰათმა განდის ამ სიტყვების გასაგებად საჭიროა თვისება, რომელიც ადამიანს ბიომასისგან განასხვავებს და ესოდენ დეფიციტურია "აღმავლობის გზაზე მდგარ", "ღვთისმშობლის წილხვედრ" საქართველოში.

                                                                                                           (სტილი დაცულია)