"გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა" - რას ამბობს პროკურორი? - კვირის პალიტრა

"გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა" - რას ამბობს პროკურორი?

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

"მინდა დაზარალებულის, გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენ როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები დასაბუთებული გვქონდა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას ის პირები დადგენილი, რომლებმაც ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ყაზარაშვილი პასუხობს, რომ მათი ნაწილი დადგენილია. პროკურორი პირობას დებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოხდება თუ არა იმ პირების სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებმაც დაკავებულს დაზიანებები მიაყენეს, ყაზარაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ.

"მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიქეტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ობიექტურად იმუშავებს. ყველა ის გარემოება, რაც გამოკვეთილი იქნება ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ მის საწინააღმდეგოდ, ან სხვა მიმართულებებითაც, ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას ობიექტურად შევაფასებთ.

ბრალდებულს ბრალდება შეერაცხა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ერთ-ერთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სამსახურეობრივი მიმოსვლის გარდა, რომელსაც ჩვენს დასაბუთებაში არც შევხებივართ, გერმანიის და ასევე სხვა სახელმწიფოების მიმართულებით ჰქონდა საზღვრის კვეთა და იქ იმყოფებოდა გარკვეული პერიოდი. ამ ადამიანს ნათესაური კავშირები გააჩნია, რაც თვითონაც დაადასტურა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

შეგახსენეთ, რომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

იხილეთ ასევე: "გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა" - რას ამბობს პროკურორი?

"ინტერპრესნიუსი"