"პატარა იყო მშობლები რომ გაშორდნენ, სალომე გაზარდა მამამ, რომელსაც შვილი, ფაქტობრივად, თვალწინ მოუკლა იმ არამზადამ" - კვირის პალიტრა

"პატარა იყო მშობლები რომ გაშორდნენ, სალომე გაზარდა მამამ, რომელსაც შვილი, ფაქტობრივად, თვალწინ მოუკლა იმ არამზადამ"

"ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 3 ქალი მოკლეს და 3 ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი... არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!" - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მორიგ სასტიკ დანაშაულს, რომელიც სამტრედიაში მოხდა, სადაც 18 თებერვალს, ადგილობრივ იუსტიციის სახლში 25 წლის სალომე ბოხუა ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს. ახლობლების თქმით, იუსტიციის სახლში სალომე მყარი გადაწყვეტილებით მივიდა - მას მეუღლესთან განქორწინება ოფიციალურად სურდა. მათივე თქმით, ის მეუღლეს გიგა აბრალავას თურმე წინასწარ შეუთანხმდა, შენ ბათუმის იუსტიციის სახლში წადი, მე სამტრედიაში მივალ და სკაიპით მოვახერხებთ განქორწინებასო.

მართალია სახლიდან წამოსულ ცოლს, თურმე მუდმივად შერიგებას სთხოვდა, მაგრამ როცა ცოლის კატეგორიული უარი მიიღო, გიგამ დაარწმუნა ცოლი, რომ განქორწინებაზე ისიც თანახმა იყო. რას წარმოიდგენდა ახალგაზრდა ქალი, თუ ქმარს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული და ჩასაფრებული ელოდა სამტრედიაში მის გამოჩენას. სალომე მამამ თავისი მანქანით მიიყვანა იუსტიციის სახლთან, რომელსაც შვილმა უთხრა, ვიდრე მანქანას დააყენებ, დროს არ დავკარგავ, რიგის ნომერს ავიღებ და შენობაში დაგელოდებიო. არც მამას უფიქრია, რომ რაიმე საფრთხის ქვეშ იყო მისი შვილი. მანქანა დააყენა და რამდენიმე წუთში შენობაში შესულს უმძიმესი სურათი დახვდა - მისი გოგონა სისხლში ცურავდა...  თვითმხილველები გოგონას შველას ცდილობდნენ, მაგრამ ყელში მიყენებული ჭრილობა, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა და სალომე ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, 25 წლის გოგოს დახმარება ვერავინ შეძლო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს მკვლელობის იარაღი -  დასაკეცი დანა, რომელიც საქმეს ნივთმტკიცებად დაერთო.

უმძიმეს მდგომარეობაში არიან გოგონას ოჯახის წევრები. როგორც სალომე ბოხუას ბებია, დოდო ბაშალეიშვილი ამბობს, მისი შვილიშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა. როგორც ჩანს, სალომე ოჯახის წევრებს უმალავდა ქმრის ძალადობას, თუმცა როცა მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ქმარისგან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა.

"არ ამბობდა ჩვენთან ქმართან რომ პრობლემები ჰქონდა, მხოლოს ბოლო დროს, როცა იქიდან წამოვიდა, მერე დაიწყო ლაპარაკი, მეუბნებოდა, - ბებია, თქვენ რა იცით, რა დღეში ვიყავიო. ერთი თვეა, რაც სახლიდან წამოსულია. დარეკა, მამიკო, მიშველე, წამიყვანე აქედანო. მამამისი სასწრაფოდ წავიდა სამტრედიიდან, 2 საათში ჩავიდა ბათუმში და ჩამოვიყვანეთ. ამის მერეც არ ისვენებდა, ურეკავდა, შერიგებას სთხოვდა, უარი რომ მიიღო, ექადნებოდა, მოკვლითაც ემუქრებოდა. შეთანხმდენენ, რომ ხელის გასაწერად ის ბათუმში მივიდოდა, სალომე კი - სამტრედიაში...  დაურეკა მზად ვარ, ბათუმში ვარ და შენც გადადი იუსტიციაშიო. ჩაისვა მამამისმა და წაიყვანა. მერე მოვიდა განადგურებული და ეს ამბავი მომიტანა. რატომ მომიკლა ჩემი სალომე, ჩემი დახატული გოგო?"- გვითხრა გამწარებულმა ბებიამ.

შოკირებულია გოგონას მამა, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიას შეესწრო.

28 წლის გიგა აბრალავას ბრალი უკვე წაუყენეს. ის დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგა აბრალავას და სალომე ბოხუას ორი მცირეწლოვანი შვილი - რვა და ექვსი წლის გოგონები ჰყავთ. "სალომე არაჩვეულებრივი გოგო იყო, ძალიან ლამაზი, კოხტა, ორ შვილს ზრდიდა, ძალიან მტკივა გული და მთელი დღეა ვტირი. რა ეშველება მის ულამაზეს შვილებს, რომლებსაც ასე საცოდავად მოუკლა დედა, საზიზღარმა დამნაშავემ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. ოჯახში რა ხდებოდა, არ ვიცოდით, თითქმის 10 წელია გათხოვილია და არაფერს ამბობდა, თურმე საშინელ დღეში ჰყავდა. ეჭვიანობდა, რადგან ლამაზი გოგო იყო. როგორც ჩანს, ძალიან რომ გაუჭირდა და გაუსაძლისი გახდა იმ არაკაცთან ცხოვრება, მერე წამოვიდა, ერთი თვეა წამოსულია, ახლა უამრავი ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული. თუ უყვარდა, რატომ სცემდა? ან რატომ არ აძლევდა გაშორების უფლებას? სალომე უპატიოსნესი გოგო იყო. პატარა გათხოვდა. თქვენ არ იცით, მამამ რა სიმწრით გაზარდა, დედამისი სახლიდან რომ წავიდა, სალომე პატარა იყო, მშობლები გაშორდნენ და სალომე მამამ გაზარდა. თავს ევლებოდა ერთადერთ გოგოს, ელოლიავებოდა და ფაქტობრივად, თვალწინ მოუკლა იმ არამზადამ...  ახლა ვინ უნდა გაზარდოს ეს პატარები. გიჟი დედა იყო, შვილებს არაფერს აკლებდა. ძალიან გვტკივა გული", - გვითხრა სალომეს მეზობელმა.

სალომეს მეგობრებს მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ. "მხიარული, მოსიყვარულე, შვილებზე მზრუნველი, ძალიან თბილი იყო სალომე. არ მჯერა რომ აღარ არის, ლაპარაკი არ შემიძლია, განადგურებული ვარ, მე მისი შვილის ნათლია ვარ",- მითხრა სალომეს ერთ-ერთმა მეგობარმა.

მომხდარის გამოძიება გრძელდება. რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.