წლის კრიმინალი - კვირის პალიტრა

წლის კრიმინალი

როგორი იყო გასული წელი სამართლებრივად? სამწუხაროდ, წინასაახალწლოდ ვერაფრით გაგახარებთ, წინასადღესასწაულო განწყობას ცნობილი იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებები ნამდვილად არ ესადაგება.

გვანცა ყუფარაძის საქმის არითმეტიკა, ანუ 33=7-ს?!

არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მოექცა. 14 წლის მოზარდი თანატოლ თორნიკე ტყემალაძის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. ყუფარაძეს თანატოლისთვის 33 ჭრილობის მიყენება ედება ბრალად. პრეზიდენტის წინაშე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გვანცა ყუფარაძის საკითხი დააყენა და მისი ციხიდან გათავისუფლება ითხოვა. კუბლაშვილმა კი განაცხადა, ეს საკითხი შევისწავლე, ყუფარაძე მართლა დამნაშავე ყოფილა, 7 ჭრილობა მიუყენებია თანატოლისთვისო.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "გვანცა ყუფარაძე მეოთხე წელია სასჯელს იხდის ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულების საპყრობილეში და ეს სწორედ კონვენციის დარღვევაა. რატომღაც ბატონმა კუბლაშვილმა ამაზე პასუხის ნაცვლად გადაწყვიტა, ყუფარაძის ბრალეულობა დაემტკიცებინა და იმისთანა ტყუილი იკადრა, გავოგნდი. სისხლის სამართლის საქმეში, საბრალდებო დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ გვანცა ყუფარაძემ თანატოლს 33 ჭრილობა მიაყენა, მაგრამ ამის დასახელებას ბატონი კუბლაშვილი იმიტომ მოერიდა, რომ 14 წლის გოგოსგან 33 ჭრილობის მიყენება, ალბათ, თავადაც მითად ეჩვენა!"

გონივრული ეჭვის საგონებელი

ამ კანონით პოლიციის თანამშრომელს უფლება ეძლევა, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეაჩეროს (და არა დააკავოს) მოქალაქე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: - მას უფლება აქვს, კედელზე ააყუდოს ნებისმიერი მოქალაქე და ზედაპირულად მიუსვ-მოუსვას ხელი. თუ რაიმე მყარ საგანს შეიგრძნობს, მისი სენსიტიური აღქმის შედეგად შეიძლება სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი ჩხრეკა გადაწყვიტოს. ყველას კარგად ესმის ამ კანონის ანეკდოტურობა, მაგრამ სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე. ახლა ვნახოთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს პოლიციელის გონებრივი კრიტერიუმების შეუფასებლობამ.

ბოდბისხევის ბაზრობაზე მოქალაქე ანზორ ტოზაშვილის მეუღლეს მანქანა დაეჯახა. ქალი წაიქცა და დაჟეჟილობაც მიიღო. კახელმა კაცმა  წაქცეული მეუღლე რომ დაინახა, მანქანის მძღოლს კახურად შეუკურთხა. მანქანაში სამი კაცი იჯდა, ასე, 22-27 წლის ახალგაზრდები. ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, ანზორ ტოზაშვილი დააკავეს და წვრილმან ხულიგნობაში დასდეს ბრალი.

თურმე 72 წლის კაცი ბოდბისხევის საკოლმეურნეო ბაზარში იდგა, უმისამართოდ იგინებოდა და მოქალაქეების მყუდროებასა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა(?!). "სასამართლომ ტოზაშვილი ადმინისტრაციული სახდელისაგან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ტოზაშვილის მეუღლეს საკოლმეურნეო ბაზარში უცნობი ავტომანქანა "წამოსდებია" და ამიტომ აუტეხია უმისამართო ლანძღვა-გინება. ერთი სიტყვით, ბრალდებული კი არ გაამართლეს, არამედ მხოლოდ იმიტომ შეიბრალეს, რომ "გულწრფელად მოინანია დანაშაული"!

ტყუილი ქართულ პოლიტიკაში

თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიტიკოსები მაღალი ტრიბუნიდან, რომ იტყვიან, მამალი ტყუილების თქმასაც აღარ თაკილობენ.

პიარტყუილის "რეგრესი"

2007 წლიდან ჭიათურაში მოქალაქეთა ორი კატეგორია კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად იბრძვის. არიან რეგრესის პენსიონერები, რომლებიც წარმოების დროს დაინვალიდდნენ, და არიან დაზარალებულნი, რომელთაც სახლები დაენგრათ მაღაროებში აფეთქებების გამო. მათ მოგებული აქვთ ცხრა სასამართლო პროცესი. ყველა ინსტანციაში ეუბნებიან, რომ თანხა ეკუთვნით. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, გადაწყვიტეს, 2008 წლის ნოემბრიდან ინვალიდები ეტლებით გამგეობის წინ, კარვებში დამსხდარიყვნენ. ამის გამო გიორგი ახვლედიანმა არაერთხელ მიმართა პრეზიდენტს.

გიორგი ახვლედიანი: "გამოვიდა უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და ისეთი ტყუილი დაახეთქა, გავოგნდი. ირწმუნებოდა, სახელმწიფოს ყველა დავალიანება გასტუმრებული აქვსო, თურმე ის ხალხი კარვებიდან გამოსულა, სიხარულით მეცხრე ცაზეა და მე რაღაცებს ვიგონებ. პიარტყუილები მიღებული ამბავია ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულ საკითხზე ასეთი ტყუილი ჩვენი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებითაც კი აღმოჩენა იყო".

ორი საქართველო

ერნსტ ისააკოვიჩი, მეცნიერთა უფლებადამცველი საზოგადოებრივი კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი: "საქართველოში გასული წლის დეკემბერში სერგეი კოვალიოვთან ერთად ჩამოვედი და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით. მასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქმე გვქონდა დასავლური ყაიდის დემოკრატთან და ჩემს თანამოაზრესთან ვსაუბრობდი. შეფასებები და ხედვა ერთნაირი გვქონდა, პრინციპული განსხვავებები ჩვენს  შეხედულებებში არ იგრძნობოდა.

საქართველოდან აღფრთოვანებული წავედი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო სულ სხვა ქვეყანა, განსხვავებული პოსტსაბჭოური ქვეყნებისა და რუსეთისაგან - პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამაში აშკარად დაგვარწმუნა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალე შენობამ, გზებმა და პოლიციელებმა, რომლებიც რუსი კოლეგებისაგან განსხვავებით, ანგელოზებივით იქცეოდნენ. შემდეგ დაიწყო უცნაურობები. კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოვხვდი. სწორედ დარბაზიდან გამოსული დავფიქრდი იმაზე, რომ პრეზიდენტის კაბინეტიდან გამოტანილი დასკვნები არ იყო მთლად მართებული.

როგორც კი სასამართლო Lსისტემაში ჩავიხედე, შოკში ჩავვარდი. რა დავინახე საქართველოში? - ის, რომ მოსამართლემ უარი თქვა, მიეღო განსასჯელის უდანაშაულობის მამტკიცებელი დოკუმენტები! მოსამართლეს განსასჯელი ეუბნებოდა, აი, ჩემი უდანაშაულობის მამტკიცებელი საბუთი - ვიდეოფირი, აუდიომასალა, დოკუმენტები, ჩვენებები... მოსამართლემ კი უთხრა, არ მჭირდებაო!

ვიჯექი აკადემიკოს ვახანიას სასამართლო პროცესზე და ვფიქრობდი, რომ მწარედ შევცდი! თუ მოსამართლეს არ აინტერესებს წარდგენილი დოკუმენტები, მაშ, რაღა საჭიროა სასამართლო ან რატომღა იკრიბებიან? მას შემდეგ, რაც ქართულ სასამართლო სისტემას გავეცანი, დავესწარი რამდენიმე პროცესს, შემიძლია, გითხრათ: ჩვენი ხელისუფლებები ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგავს! სასამართლო არ არსებობს არც რუსეთში და არც საქართველოში. არ არსებობს დამოუკიდებელი მოსამართლე. პრეზიდენტის იდეები? ვფიქრობ, ეს არის უცხოელებთან შეხვედრისთვის გათვლილი სტრატეგია და სხვა არაფერი...

ვინ გაასამართლებს ხელისუფლებას?

ეს შემთხვევა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კრიმინალური - როცა ხელისუფლების გამო მოქალაქე თვითმკვლელობამდე მიდის, ძნელია ზღვრის დაწესება ტრაგედიასა და კრიმინალს შორის.

27 სექტემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის ეზოში აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ სწრაფად აალებადი ნივთიერება გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ნანა ფიფია მძიმე დამწვრობის გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. დევნილი  თვითმკვლელობით კარგა ხანს იმუქრებოდა. ის თბილისში, გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში ცხოვრობდა, საიდანაც ზაფხულის ბოლოს გამოასახლეს და  სხვა დევნილებთან ერთად ფოცხოეწერში ჩაასახლეს.

მოგეხსენებათ, ფოცხოეწერში ხალხი მძიმე საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობების გამო ვერ ჩერდებოდა. თუ თბილისში ვაჭრობით შოულობდნენ პურის ფულს, ფოცხოეწერში ამის საშუალებაც მოესპოთ და შიმშილობის ზღვარზე დადგნენ. თავის დაწვამდე, ნანა ფიფია სამინისტროში შეხვდა ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომელმაც ფოცხოეწერში დაბრუნება ურჩია. დევნილის კითხვაზე, როგორ გამოეკვება თავი სოფელში, სადაც ბალახის მეტი არაფერი ხარობს, თანამდებობის პირმა უპასუხა, ბალახი მოძოვეო.

სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანა ჰქვია. კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაძიებელი არაფერია, ისიც აშკარაა, ამ ტრაგედიის გმირი რატომ მივიდა თვითმკვლელობამდე, მაგრამ ვინ გაასამართლებს ხელისუფლებას?