სკოლის დირექტორებს უკვე გამგებლები ხსნიან?! - კვირის პალიტრა

სკოლის დირექტორებს უკვე გამგებლები ხსნიან?!

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ორიენტაციასთან. საჯარო მოხელეები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებად გადაიქცნენ და ვაი მას, ვინც უარს იტყვის!

ამირან გოგალაძე, ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი: - 23 დეკემბერს გამგეობის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ ბორჯომის გამგებელთან უნდა მიხვიდეო. გამგებელი დაბნეული ჩანდა. მითხრა,  განცხადება უნდა დაწერო, არ მკითხო, ვინ დამავალა, რატომ და რისთვისო.

ვუთხარი, ვიცი, ჩემი ვაჟის პოლიტიკური ორიენტაციაა ამის მოთხოვნის მიზეზი|-მეთქი. არ ვიცი, მე დამავალესო. ვუთხარი, აქ რატომ უნდა დავწერო განცხადება, წესით, განათლების მინისტრის სახელზე იწერება-მეთქი. არა, მე დამავალესო. მერე დარეკა რესურსცენტრის უფროსთან და მანაც დაუდასტურა, რომ განცხადება მინისტრის სახელზე უნდა დამეწერა. ჩავედი რესურსცენტრში და დავწერე განცხადება.

- ასე იოლად რატომ დამორჩილდით?

- გამგებელმა მითხრა, თუ ნებით არ დაწერ, საქმე გაგირთულდება, სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვაო. 13 წელია სკოლის დირექტორი ვარ. არც პროკურატურის მეშინოდა და არც გენერალური ინსპექციის, მაგრამ თუ ადამიანის გათავისუფლება მოუნდათ, საბაბს მაინც მოუძებნიან, წერტილ-მძიმეზე მოგედავებიან. ჩემს კოლეგებს სწორედ ასე მოუდეს შარი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

- თქვენი შვილის პოლიტიკური ორიენტაცია მმართველ პარტიას საფრთხეს უქმნის?

- ჩემი ვაჟი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა. ივნისში გაათავისუფლეს. მანამდე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობაც გაუხსენეს, რამდენჯერმე ისიც დააყვედრეს, მამაშენმა ხელი შეგვიშალა საპარლამენტო არჩევნებშიო. მე რამდენჯერმე ლიკანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი.

- "ნაციონალურ მოძრაობას" არ უჭერდით მხარს?

- რაც მითხრეს, ის არ გავაკეთე.  ვაკეთებდი იმას, რაც კანონით მევალებოდა, ეს კი არ მოეწონათ. თქვენ კარგად იცით, რაც იყო საჭირო.

- რა იყო საჭირო?

- ამათთვის უნდა დამეჭირა მხარი, დავალებული მქონდა, ხმების განსაზღვრული რაოდენობა მიმეტანა.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლიკანში ვერ გაიმარჯვა?

- ვერა. ადგილობრივ არჩევნებში კი უკვე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალებმა" ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმეს. ჩემი შვილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ "სახალხო კრებაში" ჩაერთო. 25 ნოემბერს, როგორც კი ჩემი ვაჟი ტელეეთერში გამოჩნდა და გაზეთებში დაბეჭდილ ფოტოებშიც მოხვდა, მივხვდი, რომ კარგ დღეს არ დამაყრიდნენ.

- რატომ დაწერეთ განცხადება, თუ არაფრის გეშინოდათ, შეემოწმებინეთ გენერალურ ინსპექციას!

- ეს ყველაფერი ხომ თანამშრომლებზე მოქმედებს, თანაც მაინც გაიტანდნენ თავისას. დაგავიწყდათ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორის ამბავი?..

(მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფელ ბალღოჯიანში სკოლის დირექტორი ზურა თაბაგარი მეცხრე კლასის მოსწავლეზე, რომელიც გონებასუსტი აღმოჩნდა, ძალადობაში დაადანაშაულეს. თაბაგარი ამას პოლიტიკურ მოტივს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  უკავშირებდა.

ბალღოჯიანში "ნაციონალური მოძრაობის"" კანდიდატი დამარცხდა და ეს თაბაგარს დაჰბრალდა. ამ საქმის გასაშუქებლად სპეციალურად ჩავედით ბალღოჯიანში. "კვირის პალიტრაში" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა(!). თაბაგარმა ფაქტის გახმაურება აღარ ისურვა, ხმა რომ ამოვიღე, საქმე უფრო გამირთულდაო. მალე გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით დააპატიმრეს კიდეც. ის ამჟამად ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელოდება. - რედ.)

- ხომ ხედავთ, ყველაფერზე მიდიან! არ ვარ ჯაბანი კაცი და რაღაც უბედურებას დავატრიალებდი. სწორედ ამას მოვერიდე. ამიტომ ვერ მკიდებდნენ კარგა ხანს ხელს, თორემ მათ ისეთი ხალხი გაათავისუფლეს დირექტორობიდან, რომელთა სკოლები ქუხდნენ.

- სამინისტროს შეატყობინეთ, რომ თანამდებობიდან წასვლას გამგებელი გაიძულებდათ?

- სამინისტროში არ დამირეკავს. ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი გაშეშებული იყო, განცხადების დასაწერად რომ ჩავედი, თავადაც ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.

ჩვენ დავუკავშირდით განათლების და მეცნიერების სამინისტროს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთი კვირაა საქართველოში არ იმყოფება. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ კი გაგვიცხადა, რომ ასეთ აბსურდებზე კომენტარს სამინისტრო არ აკეთებს, გამგებლის მოქმედებაზე მინისტრი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს(?!).

დავუკავშირდით ასევე ბორჯომის გამგებელ არჩილ მიქელაძეს, რომელმაც ამ ამბავს სიცრუე უწოდა და განგვიცხადა, დირექტორი ამირან გოგალაძე თვალით არ მინახავს, ჩემს პრეროგატივაში სკოლის დირექტორის "მიხსნა-მოხსნა" არ შედისო.

P.S. თუ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დავუჯერებთ, არაფერი იცის და გოგალაძისთვის თანამდებობის დატოვება არ უთხოვია, გამგებელიც უარობს, მაშინ რატომ დაწერა განცხადება გოგალაძემ?