"მიხეილ კალანდია თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ კალანდია თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა"

თუ მოსამართლე პოლიტიკური დატვირთვებისგან იქნება თავისუფალი, აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს დააყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, ასევე ბრალდებული მიხეილ კალანდია ისარგებლებს საბოლოო სიტყვით, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

"მე მოვიტანე გამამართლებელი განაჩენის პროექტი, რომლითაც ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლემ კალანდია პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან მის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არის. დასკვნით სიტყვაში ის წინაპირობები მაქვს მიმოხილული, რამაც ეს დანაშაული გამოიწვია, რომელმა სახელმწიფო უწყებამ რა ფუნქცია არ შეასრულა, რა დარღვევები იქნა საგამოძიებო მოქმედბების შედეგად გამოვლენილი", - აცხადებს თოდუა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დასკვნით სიტყვას, ადვოკატის შეფასებით, ის მის უდანაშაულობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

"კალანდია ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და აცხადებს, რომ ძალიან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეგობარს ეხმარებოდა, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება მას შემდეგ, რაც ის ფარდულში შეაგდეს",- განაცხადა თოდუამ.

"ინტერპრესნიუსი"