"კადრებში ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი ვიდეოკადრები - კვირის პალიტრა

"კადრებში ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი ვიდეოკადრები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე "ინტერპრესნიუსმა" ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.

"ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, ვერსია, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- განაცხადა კაკაბაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?