"მოზარდებმა ახლა ლიფტების "დაყაჩაღებაც" დაიწყეს - იციან, რომც დაიჭირონ, ციხეში არავინ ჩასვამთ" - კვირის პალიტრა

"მოზარდებმა ახლა ლიფტების "დაყაჩაღებაც" დაიწყეს - იციან, რომც დაიჭირონ, ციხეში არავინ ჩასვამთ"

"ლიფტის სალაროები იმდენად მძიმე ლითონით არის დამზადებული, რომ სახრახნისით ვერ დააზიანებ. ბევრად მასიური ხელსაწყოებია საჭირო, რომ დადუღებული ლითონი მოხსნა, მერე კი ისეთი ძალით "ეჭიდაო", რომ მასიური გასაღების ჭრილი დაგრიხო, შემდეგ შიგ მაგნიტი ჩაუშვა და სალაროდან ყველა მონეტა ამოიღო..."

გახშირდა თუ არა საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაული? როგორც ცნობილია, ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. ასევე არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, დამოკიდებულია თუ არა ეს დანაშაულები არასრულწლოვანთა სიღატაკესა და შიმშილობაზე. უკვე დადგენილია, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულში მთავარი ადგილი ქურდობას უჭირავს, ისინი ძირითადად, სავაჭრო ობიექტებს ძარცვავდნენ. თუმცა ბოლო დროს ამ დანაშაულთა ნუსხას ლიფტების სალაროების ძარცვაც დაემატა. შესაბამისად, ძარცვის შესახებ პოლიციაშიც შედის შეტყობინებები, თუმცა არასრულყოფილად, - როგორც მოსახლეობა და ლიფტების მომსახურე პერსონალი ამბობენ, არასრულწლოვანთა შეკავების მექანიზმი მოშლილია და სამართალდამცველებისთვის შეტყობინებას აზრი არა აქვს.

გასულ კვირას, ზემო ფონიჭალაში ერთ ღამეში 6 ლიფტი გაძარცვეს. ლიფტიორ მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, ბოლო დროს ლიფტის სალაროების გაძარცვა ძალიან გახშირდა.

- მოზარდების თავგასულობას საზღვარი აღარ აქვს. იციან, რომც დაიჭირონ, ციხეში არ ჩასვამენ. მაღაზიების ძარცვის პარალელურად ლიფტების "დაყაჩაღება" დაიწყეს.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში შუაღამისას მოსახლეობამ დაინახა, როგორ გატეხეს ლიფტის სალარო მოზარდებმა და პოლიციასაც შეატყობინეს, მაგრამ რა შეიცვალა? ის მოზარდები, რომლებზეც მოსახლეობა ეჭვობს, ისევ თავისუფლად დადიან დასახლებაში. ასე ხდება თბილისის სხვა უბნებშიც.

თავიდანვე საუკეთესოდ დაცული სალაროები ვიყიდეთ. თითქოს მათი დაზიანება გამორიცხული იყო, მაგრამ შევცდით - ახლა ზოგი დაზიანებული აპარატურის აღსადგენად 250 ლარი მაინც არის საჭირო. არადა, ის თანხა, რომელსაც მოსახლეობა ლიფტების მომსახურებისთვის იხდის, ლიფტის მუშაობისას დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადს ან ლიფტის ნაწილების შეკეთება-გამოცვლას ხმარდება. ზოგან ძარცვისას იმდენად არის დაზიანებული ლიფტის სალაროების შიგთავსი, შეკეთებაც არ გამოვა, გამოსაყენებლად უვარგისია.

- თქვენ თუ დაგკითხეს ლიფტების ძარცვის გამო? - რა თქმა უნდა, მაგრამ რა გამოვიდა? ცოტა ხანში უბანში რამდენიმე ლიფტი ისევ გაიძარცვა! რა აზრი აქვს ჩემს ან ვინმეს დაკითხვას, თუ ამ დანაშაულს ვერ შეაჩერებ?! ვიცი, მოზარდების ციხეში გაშვება არ არის გამოსავალი, მაგრამ დანაშაულის პრევენციაზე ხომ უნდა იზრუნონ? ხომ არსებობს თვალთვალის მექანიზმი, რომ ეს ბავშვები ფაქტზე აიყვანონ და მერე ზომები მიიღონ?! ასე მგონია, არ უნდათ ამ დანაშაულების გახსნა, თორემ ხომ ცხადია, ლიფტები დედაქალაქში უკვე ხშირად იძარცვება.

სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ჯგუფი მოქმედებს. ყველა ჯგუფს თავისი "ხელწერა", "მუშაობის სტილი" აქვს. ლიფტის სალაროები იმდენად მძიმე ლითონით არის დამზადებული, რომ მსუბუქი ხელსაწყოებით, მაგალითად, სახრახნისით ვერ დააზიანებ. ბევრად მასიური ხელსაწყოებია საჭირო, რომ დადუღებული ლითონი მოხსნა, მერე კი ისეთი ძალით "ეჭიდაო", რომ მასიური გასაღების ჭრილი დაგრიხო, შემდეგ შიგ მაგნიტი ჩაუშვა და სალაროდან ყველა მონეტა ამოიღო.

იმის იმედი არ მაქვს, რომ ძარცვა შეჩერდება. ვერც ახალ სალაროებს დავაყენებ ლიფტებში, ეს ძალიან ძვირი ჯდება. აზრიც არა აქვს, რადგანაც მძარცველები ისევ დააზიანებენ. შევეცდები სალაროები ისე შევაკეთო, რომ შიგა მექანიზმმა ხურდა ფული "წაიკითხოს" და მოსახლეობამ ლიფტებით ისარგებლოს. მძარცველების დაზიანებულ გასაღების ჭრილებს ისევ ისე დაზიანებულად დავტოვებ, როგორც მძარცველებმა დატოვეს. მართალია, შეუძლიათ დაზიანებული სალაროებიდან ფული მაგნიტით ამოიღონ, მაგრამ შევეცდები, დავასწრო. თუ თავად დამასწრეს, მაშინ, ალბათ, ამ სამსახურზე უარის თქმა მომიწევს.