"ლომჯარია არ არის ციხის საქმეში ჩახედული" - კვირის პალიტრა

"ლომჯარია არ არის ციხის საქმეში ჩახედული"

"თუ პოლიციელს არა აქვს განცდა, რომ დაიცავენ, თავად ვის დაიცავს, რატომ გარისკავს?"

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად"ქურდული სამყაროს წევრებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" ნიკოლოზ ფურცხვანიძეს მიმართეს. ქურდული სამყაროს წევრებს შორის სატელეფონო გარჩევა გაიმართა, რომლის შედეგად ერთ-ერთ მხარეს 8.700 ევროს ერთ თვეში გადახდა დააკისრეს და სისტემატური ზეწოლის შედეგად ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხვინეს. "კვირის პალიტრა" იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, კრიმინოლოგიის პროფესორ გიორგი ღლონტს ესაუბრა.

- კრიმინალურმა პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვაში ბრალდებულები დააკავა. კონტრდაზვერვამ აღკვეთა ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდირებისთვის დაგეგმილი დანაშაულიც, რომელსაც "კანონიერი ქურდი" ხელმძღვანელობდა. საქართველოში ბრუნდება ქურდული სამყარო?

- ეს ელემენტარული გარჩევის ფორმაა და არა მგონია, იმაზე მეტყველებდეს, რომ საქართველოში ქურდები დაბრუნდნენ. აქ მხოლოდ ორი კატეგორია დარჩა - მოხუცები და დაუძლურებულები, უმეტესად დაავადებულები და ნარკომანები. ჩვენს ღარიბ მოსახლეობას რა ფული უნდა გამოსძალონ, ამიტომაც ცხოვრობენ მდიდარ ქვეყნებში, სადაც ფულის დიდი ბრუნვაა.

- 2005 წელს მიღებული კანონი "ქურდული სამყაროს შესახებ" ამ ხელისუფლებამ გაამკაცრა. კანონი ეფექტიანია?

- "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი ძალიან საშიშია. ამიტომაც უნდა არსებობდეს მათი თავისუფლად მოქმედების შემზღუდავი ბერკეტი. საქართველოში დიდი საქმეების კეთება გამორიცხულია, თანაც ორგანიზებული დანაშაულის დამალვა ვერ ხერხდება. ამიტომაც ასეთი ხალხი საქმეებს დისტანციურად აგვარებენ, ზოგსაც აქ ჰყავს "თანაშემწეები".

ქართველი "კანონიერი ქურდები" რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში არიან გაფანტული. მათთვის საქართველო მიმზიდველი აღარ არის. თუ ნოსტალგია შეაწუხებთ, ჩამოვლენ, მაგრამ ამასაც ერიდებიან, ეშინიათ.

- რა შემთხვევაში შეიძლება შეიქნეს საქართველოში მათთვის ნოყიერი ნიადაგი?

- თუ ხელისუფლება, პოლიცია და სხვა უწყებები ეფექტიანად არ იმუშავებენ, სარეველასავით მოედებიან აქაურობას. საქართველოში ჯერ კიდევ არიან ქურდული მენტალიტეტის პირები და თუ საშუალება მიეცათ, მალე დაუბრუნდებიან ამ სამყაროს. შეიძლება ახალგაზრდებშიც სწრაფად პოპულარული გახდეს, ასევე იმ ძველ თაობაში, ვინც ადრე ქურდული კანონებით თუ შეხედულებებით ცხოვრობდა და იმ დროს ახლაც მისტირიან.

- პოლიცია ახსენეთ, ხშირად ვაწყდებით ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ფაქტებს...

- პოლიციის დისკრედიტაციის მოსურნე ბევრია და ამას სხვადასხვა მიზანი აქვს, პოლიტიკური, კერძო და ა.შ. პოლიციისთვის ყველაფრის გადაბრალება იოლია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციას დარღვევები არა აქვს - უფლებამოსილების გადამეტება, კრიმინალებთან თანამშრომლობა, ქრთამის აღება... ამ ინსტიტუტს უპირველესად სახელმწიფო უნდა იცავდეს, გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ისინი დაცული იქნებიან ზეწოლისგან, ცილისწამებისგან... პოლიციელს სათანადო ანაზღაურება თუ არ ექნება, ეს ამ ინსტიტუტს დაასუსტებს. სწორედ ამას მოსდევს ხოლმე კრიმინალებთან თანამშრომლობა. თუ პოლიციელს არა აქვს იმის განცდა, რომ დაიცავენ, თავად ვის დაიცავს, რატომ გარისკავს, ხომ შეიძლება ეს ცუდად მოუტრიალდეს?

- სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში მიანიშნა, რომ ციხეებში დაბრუნდა კრიმინალური სუბკულტურა თავისი მაყურებლებით, "ობშიაკებით" და სხვა კომპონენტებით... - ლომჯარია არ არის საქმეში კარგად ჩახედული, ეს პროცესები უფრო ღრმაა და მას ზედაპირულად არ უნდა მიუდგე. დაწესებულებაში ვიღაცამ ვიღაცას თუ ფული სთხოვა, ეს კონკრეტული ურთიერთობაა და არა "ობშიაკი" იმ გაგებით, რა გაგებითაც სახალხო დამცველი ლაპარაკობს. "ობშიაკი" მაღალი დონის ორგანიზებული ინსტიტუციაა. არსებობს დიდი ჯგუფი, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული. ჩვენთან "ობშიაკი" ვერც იარსებებს იმიტომ, რომ "კანონიერი ქურდები" სხვადასხვა ციხეში სხედან. ჩვენს ციხეებში ყველაფერს კამერებით აკონტროლებენ და ამისთანა მანიპულაციები გაძნელებულია. "ობშიაკი" ძველ ციხეებში გროვდებოდა, სადაც საკანში 20-30 კაცი იჯდა, მაშინ სხვა შიდა ურთიერთობები მოქმედებდა.

ახლახან ვიყავი სომხეთისა და აზერბაიჯანის ციხეებში. საქართველოს ციხეებში რა მდგომარეობაცაა, ჩვენი მეზობლები ვერც შეედრებიან. ჩვენი ციხეები ევროსტანდარტების შესაბამისია. იქ ყველაფერს კადრულობენ, ფულსაც იღებენ და ქურდული კანონებიცაა. ციხე მძიმე სამართავია. როდესაც პატიმრები დახურულ სივრცეში არიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ათასობით დამნაშავე იხდის სასჯელს, ამიტომაც რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე არ შეიძლება თეორიების აგება.