ზურაბ ხანგოშვილი: "ახლობლებმა რუსეთიდან მირჩიეს, რომ ფრთხილად ვიყო"
ზურაბ ხანგოშვილი: "ახლობლებმა რუსეთიდან მირჩიეს, რომ ფრთხილად ვიყო"
"კადიროვს არც მე ვეხატები გულზე - ვისაც მასზე ცუდი უთქვამს, ყველა ამოიღო მიზანში. ახლობლებმა რუსეთიდან მეც გამაფრთხილეს, რომ ფრთხილად ვიყო"

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, როგორც მოკლულის ოჯახი ვარაუდობდა, რუსული ეფ-ეს-ბეს კვალი გამოიკვეთა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა იმისა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება გაიარა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოსამზადებელ ცენტრში და სასროლეთზე. საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიებით დადგინდა, რომ"კილერი"რუსეთის სპეცსამსახურების, კერძოდ,
ეფ-ეს-ბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრში, ბალაშიხის საიდუმლო ბაზაში მოამზადეს. ამის დასტურია მკვლელობის ადგილას დაკავებული ვადიმ კრასიკოვის (რომელიც გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის ყალბი პასპორტით ჩავიდა) მობილური სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომლითაც მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთში მისი გა
დაადგილების მარშრუტი დაადგინეს - ის ზედმიწევნით დაემთხვა ეფ-ეს-ბეს საიდუმლო მოსამზადებელი ცენტრის, სასროლეთისა და შტაბბინის ადგილმდებარეობას, სადაც, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს არავინ შეუშვებდა.

ზურაბ ხანგოშვილი, ზელიმხანის ძმა:
- მოგეხსენებათ, ზელიმხანის მკვლელობის საქმის გამოძიება გერმანიის გენპროკურატურას გადაეცა, საიდანაც ადვოკატის მეშვეობით მაცნობეს, რომ გამოძიება, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს დასრულდება. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური იდგა. კონკრეტულად არ მითქვამს, რომ მკვლელობა კადიროვმა ჩაიდინა, თუმცა რა განსხვავებაა ეფ-ეს-ბესა და კადიროვს შორის, ისიც ხომ მას ექვემდებარება? საფრთხეც და დანაშაულიც მოსკოვიდან რომ მოდიოდა, ამას ვგრძნობდით და ვიცოდით.
გამოძიებას დადგენილი აქვს ზელ­ი­მხანის მკვლელობამდე კილერის მარშრუტი. საეჭვო აღარ არის, რომ ის ეფ-ეს-ბეს შტაბიდან მოდიოდა. კრასიკოვს მანამდე ორი მკვლელობა აქვს ჩადენილი რუსეთში (დეპუტატისა და ბიზნესმენის) და იმ პერიოდში ციხეში უნდა მჯდარიყო,­ მაგრამ ეფ-ეს-ბეს დავალებებს ასრ­ულებდა და რუსეთში ვინ დააკავებდა?

- 2015 წელს თბილისის ცენტრში ზელიმხანზე თავდასხმაშიც რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავთ?
- რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც ამბობდა, რომ ეს ეფ-ეს-ბეს ნამოქმედარი იყო.
რუსეთის დამცველები და "მამიდები"­ რომ სხედან საქართველოში, ვითომ ექსპერტები, ისინი მოტივად კრიმინალურ გარჩევას, ხან ბიზნესწილების გამო დაპირისპირებას ასახელ­ებდნენ, ამბობდნენ, რუსეთი არაფერ შუაშიაო. აბა, რას იტყოდ­ნენ,­ რასაც ავალებდნენ,­ იმას ამბობდნენ. შეიძლება ეს მთავრობამ უარყოს, ვინაიდან მისი პასუხისმგებლობაა, რომ რუსეთის დივერსანტები დედაქალაქის ცენტრში უკონტროლოდ მოქმედებდნენ. მაგრამ არეშიძე ხომ არ არის ჩინოვნიკი, ექსპერტია და რაში აწყობდა იმის თქმა, ვარიანტი არ არის, რუსეთი ამას არ ჩაიდენდა, დაპირისპირება კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მოხდაო?

მერე ლაფანყურის სპეცოპერაციას დაუკავშ­ირა ჩემი ძმა, არადა, მას არავითარი როლი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ შუამავალი იყო და მოსალაპარაკებლად მივიდა...

- დაკვეთილი მკვლელობები, რომელთა უკანაც სპეცსამსახურები დგანან, თითქმის გაუხსნელი რჩება...
- სპეცსამსახურების საიდუმლო მანევრებზე ვერაფერს გეტყვით. მკვლელები საქართველოდან ისე ვერ წავიდოდნენ, თუ არ გაუშვებდნენ. ზუსტად იცოდნენ, თავდამსხმელები რა ავტომანქანით იყვნენ, მაგრამ არც დაუკავებიათ, არც საქმე გამოუძიებიათ. გერმანელებმა კრასიკოვის დაჭერა­ იმიტომ მოახერხეს, რომ ამათგან განსხვავებით, რუსეთის ინტერესებს არ იცავენ.
კრასიკოვს იმაში არ გაუმართლა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ ჩაუდენია მკვლელობა. იმედია, გერმანელები რუსეთს არ დაუთმობენ კილერს და ის პასუხს აგებს.

- "რია ნოვოსტისთან" კადიროვი თქვენი ძმის მკვლელობას საქართვე­ლოს აბრალებს - აღარ სჭირდებოდათ და მოკლესო...
- კადიროვს დაეჯერება?! პუტინიც­ ამბობდა, ჩვენ არ ჩაგვიდენიაო, მაგრამ გამოძიებამ დაამტკიცა, რომ კილერი რუსეთის ეფ-ეს-ბეში იღებდა დავალებებს, გად­იოდა მომზადებას და მერე ჩამოვიდა გერმანიაში.
კილერს ვისთანაც ბერლინში ჰქონდა კავშირი, ვისაც ურეკავდა, ისიც რუსია. ჩეჩნები საქმეში არ ჩანან.

- პუტინმა თქვენს ძმას სისხლიანი მკვლელი უწოდა და განაცხადა, კავკასიაში ერთი ოპერაციის დროს 98 კაცი მარტო ზელიმხან ხანგოშვილმა მოკლაო. სავარაუდოდ, ინგუშეთის­ ტერაქტს გულისხმობდა... რუსული მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზელიმხანი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომე­ლიც ინგუშეთში 2003-2004 წლებში ტერაქტების მოსაწყობად შეიქმნა.
- ჩემს ძმას ისეთი რამეები დააბრალეს, არ მიკვირს... პუტინის რეპლიკა ეხებო­და 2004 წელს ინგუშეთში რუსეთის ბაზებსა და ეფ-ეს-ბეს შენობებზე თავდასხმას. ამ ოპერაციაზე ლაპარაკობდა პუტინი. ჩემი ძმა არც უარყოფდა ამ ოპერაციაში მონაწილეობას.
ამათი ლოგიკით, ვინც თავისი სამშობლოსთვის იბრძვის, ყველა ტერორისტია. ჩვენთვის რუსები არიან და იქნებიან ტერორისტები, სანამ თავს არ დაგვანებებენ და კავკასიას არ დატოვებენ!

- რუსეთ-ჩეჩნეთის ომში თქვენც იბრძოდით? თქვენც ხომ არ გელით საფრთხე?
- ომი რომ დაიწყო, იარაღით ხელში არ მიომია, დაჭრილები, ქალები და ბავშვ­ები გამომყავდა. ისე, კადიროვს არც მე ვეხატები გულზე - ვისაც მასზე ცუდი უთქვამს, ყველა ამოიღო მიზანში. ახლობლებმა რუსეთიდან მეც გამაფრთხილეს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?