17 წლის ბიჭმა მამა შენიშვნის გამო მოკლა?! - კვირის პალიტრა

17 წლის ბიჭმა მამა შენიშვნის გამო მოკლა?!

"გელა სულ ამბობდა, მეშინია, რამე დანაშაული არ ჩაიდინოსო. ერთხელ ცხვრები გაუყიდა მამას, მერე რაღაცის ქურდობაშიც ამხილეს და პოლიცია მეთვალყურეობდა. როგორც ვიცი, ბებიასაც მოჰპარა ფული"

საბრალდებო სკამზე 17 წლის ბიჭი ზის, რომელსაც მამის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მართალია, აღიარებს დანაშაულს, თუმცა დუმილის უფლებას იყენებს.

არსებული ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მკვიდრ 51 წლის გელა კიპაროიძეს შვილმა სანადირო თოფი მაშინ ესროლა, როცა მას ეძინა.

მკვლელობის შემდგომ დამნაშავე ორი დღე იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც საშინელი ტრაგედია დაატრიალა.

ეჭვი რომ არავის მიეტანა, სოფელში დადიოდა და ნათესავებსა და მეზობლებს მამის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა, არწმუნებდა, ნასვამი ტყეში სანადიროდ წავიდა და აღარ დაბრუნებულაო. მთელი სოფელი, მათ შორის მამის მკვლელიც, ეძებდნენ გაუჩინარებულ გელა კიპაროიძეს.

ეს ამბავი გელას ძმასაც შეატყობინეს, ის სამუშაოდ თბილისში იყო და სასწრაფოდ დაბრუნდა სოფელში. სწორედ მან გამოჰკითხა ძმისშვილი და რაღაც იეჭვა. სახლის დათვალიერების დროსაც ბევრი რამ არ მოეწონა, თოვლზეც სისხლის წვეთები შენიშნა და ეჭვი უფრო გაუღრმავდა. ბევრი ძებნის შემდეგ, სარდაფში ძმის ცხედარი იპოვა, მას ზემოდან თუნუქის ნაჭრები ჰქონდა დაფარებული... ძალოვანებმა დამნაშავე არასრულწლოვანი დააკავეს.

გიორგი ლომაურიძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ჭალაში: "ბავშვების დედა ადრე გარდაიცვალა, მას მერე მამა ზრდიდა შვილებს, ძმა და დედაც ეხმარებოდნენ. მამა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მჭიდრო დასახლება არ არის, მეზობლები ახლოს არ ცხოვრობენ, ამიტომ გასროლის ხმა არავის გაუგონია. სახლიდან 20-30 მეტრში დგას ის სათავსი, რომლის სარდაფშიც შეუთრევია ცხედარი, ზემოდან თუნუქის ნაჭრები წაუფარებია. თუ კარგად არ დააკვირდებოდი, ვერც შენიშნავდი", - ამბობს რწმუნებული.

დაკავებულის ბებია და გელა კიპაროიძის დედა ამბობს, რომ მამა-შვილი მობილური ტელეფონის დალომბარდების გამო წაკამათდნენ: "ჩემს შვილს ტელეფონი გამოუტანა განვადებით, მას კი დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა და ეს არ აპატია. სანადირო თოფი აუღია, დაუტენია, დაუკეტავს კარი და როცა ჩემს შვილს ეძინა, იმ დროს მოუკლავს. მერე ოთახიდან გამოუთრევია მკვდარი, კიბეზე ჩაუთრევია სისხლიანი ლეიბითა და საბნით და ვირთხასავით სარდაფში შეუტენია".

სოფლის საჯარო სკოლის დირექტორის გელა ჩხიტუნიძის თქმით, ბიჭმა მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა.

- ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო. ჩვენთან რომ მოიყვანა მამამ, მეოთხე კლასში იყო. მამამ უდედოდ გაზარდა ორი ბიჭი. თავიდან ბავშვები დედულეთში, ზესტაფონში იზრდებოდნენ. მაშინ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და გელა ძალიან განიცდიდა, თავს ევლებოდა. ბავშვს ჯიუტი ხასიათი ჰქონდა, გაკვეთილებზეც ცუდად იქცეოდა, ხან აცდენდა და ამის გამო მამამისი ბევრჯერ დაგვიბარებია. გელა მუშაობდა, წვალობდა, რომ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. ბიჭის უწესობაზე ძალიან ნერვიულობდა და საყვედურობდა, მას კი მამის დარიგება არ მოსწონდა. უფროსი ბიჭი ციხეში რომ მოხვდა, გელა ამის მერე სულ უმცროსი შვილის დარიგებაში იყო. რომ აღარ გააგრძელა სწავლა, გვერდში დაიყენა, ერთად მუშაობდნენ. ამბობდა, სულ მეშინია, რამე დანაშაული არ ჩაიდინოსო. ერთხელ ცხვრები გაუყიდა მამას, მერე რაღაცის ქურდობაშიც ამხილეს და პოლიცია მეთვალყურეობდა. როგორც ვიცი, ბებიასაც მოჰპარა ფული.

- ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? - თავისებური ბავშვი კი იყო, მაგრამ ფსიქიკური დარღვევა არ შემინიშნავს.

ბრალდებულის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს: "დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს", - ამბობს ადვოკატი ესმა ნორაკია.

თუ მოზარდს ბრალი დაუმტკიცდა, 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება...