"მითხრა, ჩემს სიყვარულს ვერავის დავუთმობო" - კვირის პალიტრა

"მითხრა, ჩემს სიყვარულს ვერავის დავუთმობო"

იუსტიციის სახლში შესულ მამას საშინელი სურათი დახვდა - მისი გოგონა სისხლში ცურავდა...

სასტიკი მკვლელობა 18 თებერვალს სამტრედიის იუსტიციის სახლში მოხდა - გამოძიების ცნობით, 25 წლის სალომე ბოხუას, ქმარმა, 28 წლის გიგა აბრალავამ, ხალხის თვალწინ დანით ყელი გამოსჭრა. იმ დღეს იუსტიციის სახლში სალომეს მეუღლესთან განქორწინება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა. ახლობლების თქმით, ის მეუღლეს, გიგა აბრალავას წინასწარ შეუთანხმდა, შენ ბათუმის იუსტიციის სახლში წადი, მე სამტრედიაში მივალ და სკაიპით მოვახერხებთ განქორწინებასო. ერთი თვის წინ სალომე ბოხუამ პოლიციას მიმართა - ის ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა. მაშინ მამამისმა პოლიციის დახმარებით ბათუმიდან წამოიყვანა შვილი და შვილიშვილები სამტრედიაში. ძალოვანებმა დამცავი ორდერიც გამოწერეს და გიგა აბრალავას 4 მარტამდე ცოლთან მიახლოება აუკრძალეს. 18 თებერვალს სალომე მამამ თავისი მანქანით მიიყვანა იუსტიციის სახლთან. შვილმა უთხრა, სანამ მანქანას დააყენებ, დროს არ დავკარგავ, რიგის ნომერს ავიღებ და შენობაში დაგელოდებიო. არც მამას უფიქრია, რომ შვილს საფრთხე ელოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში შენობაში შესულს საშინელი სურათი დახვდა - მისი გოგონა სისხლში ცურავდა... შემთხვევის ადგილზე იპოვეს მკვლელობის იარაღი - დასაკეცი დანა. იქვე დააკავეს მკვლელიც.

დოდო ბაშალეიშვილი, სალომე ბოხუას ბებია: "არ ამბობდა, ქმართან რომ უთანხმოება ჰქონდა. როცა იქიდან წამოვიდა, მერე გვიამბო ყველაფერი. მეუბნებოდა, ბებია, თქვენ არ იცით, რა დღეში ვიყავიო. გიგა ამის მერეც არ ისვენებდა, ურეკავდა, შერიგებას სთხოვდა, უარი რომ მიიღო, ემუქრებოდა, მოგკლავო".

"როგორც ჩანს, გაუსაძლისი გახდა იმ არაკაცთან ცხოვრება და წამოვიდა... მამამ სიმწრით გაზარდა, დედამისი სახლიდან რომ წავიდა, სალომე პატარა იყო. თავს ევლებოდა ერთადერთ გოგოს, ელოლიავებოდა და ახლა თვალწინ მოუკლა იმ არამზადამ", - გვითხრა სალომეს მეზობელმა.

ფატიმა აბშილავა, გიგას მამიდა: - 10 წელია ცოლ-ქმარია, აქედან 9 წელი სამტრედიაში, სალომეს სახლში ცხოვრობდნენ. თუ მოძალადე იყო ჩემი ძმისშვილი, ოჯახის წევრები ხომ შეატყობდნენ. ფიზიკურად ძალადობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ბათუმიდან წასვლის შემდეგ ვესაუბრე სალომეს, ჩამოვალ და დავილაპარაკოთ, უნდა შერიგდეთ-მეთქი. მითხრა, არ შევურიგდები, გადაწყვეტილი მაქვსო. ჩემს ძმისშვილს სიგიჟემდე უყვარდა ცოლი, პატივს სცემდა, არაჩვეულებრივი ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ მათ შორის მესამე პირი არ ჩადგა... ჩემმა ძმისშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. არ უნდა მოეკლა, მაგრამ გააგიჟეს, ვიღაც გოგომ ფოტო ჩაუგდო - სალომე ვიღაც ბიჭთან ერთად იყო გადაღებული. გიგამ ის ფოტო მეც გამომიგზავნა, მამიდა, ამაში გამცვალა სალომემო.

- თუნდაც ეს ყოფილიყო მიზეზი, ის ხომ განქორწინებას სთხოვდა გიგას, მან კი მოკლა. - მესამე პირის ჩარევამ არია მათი მოსიყვარულე ოჯახი. 10 წლის ცოლ-ქმარი იყო, 9 წელი სამტრედიაში სიმამრთან ცხოვრობდა ჩემი ძმისშვილი და, თუ მოძალადე იყო, როგორ ითმენდა ძალადობას? შემდეგ ბათუმში გადმოვიდნენ სამსახურის გამო, 5 თვეა, რაც აქ იყვნენ. ტრაგედიის დილას რომ დავურეკე, მითხრა, ჩემს სიყვარულს ვერავის დავუთმობო. გიგა აღიარებს დანაშაულს და პასუხსაც აგებს. უფროსები რომ ჩავრეულიყავით, იქნებ აქამდე არ მისულიყო საქმე. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ბავშვების ბედიც მაინტერესებს, მათზე მეურვეობა გვინდა".

დაუსრულებელი ტრაგედია...

28 წლის გიგა აბრალავა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისცეს პასუხისგებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიგა აბრალავასა და სალომე ბოხუას ორი მცირეწლოვანი შვილი - 8 და 6 წლის გოგონები ჰყავთ.

ვინ იცის, უკვე მერამდენედ კლავენ ახალგაზრდა ქალს. სამწუხაროდ, ვერც სალომეს უშველა პოლიციისთვის მიმართვამ, ვერც ორდერმა დაიცვა. ისიც ფაქტია, ხშირად განქორწინებაც არ არის გამოსავალი და იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი ახერხებს მოძალადისგან თავის დაღწევას, ოფიციალურად ეყრება, მაინც არ არის დაცული...

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 15 თებერვალს მკვლელობა მოხდა. მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ყოფილი ქმარი. მან 23 წლის ჰათირა ჰუსეინოვა სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით მოკლა. 33 წლის ტელმან მუსტაფაევმა ცოლს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა, დაჭრა ცოლისდაც. ცოლ-ქმარი გაყრილი იყო და ქალს ყოფილ მეუღლესთან შერიგება არ უნდოდა, რასაც ბოლო ერთ წელს კონფლიქტი რამდენჯერმე მოჰყვა...

2019 წელს საქართველოს მასშტაბით 17 594 პირზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გასცეს, აქედან 7030 მოძალადე მამაკაცის შემაკავებელი; 2019 წელს გამოვლინდა 2582 ფიზიკური ძალადობის, 9445 კი ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა, დაფიქსირდა იძულების 121 ფაქტი, ეკონომიკური ძალადობის - 225, სექსუალური ძალადობის - 33, ხოლო უგულებელყოფის 155 ფაქტი. 1524 შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი მოძალადე ქალზე გაიცა.

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: "ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის მიზეზით 3 ქალი მოკლეს, იყო 3 ქალის მკვლელობის მცდელობა... არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რასაც სახელმწიფო ქალებზე ძალადობის პრევენციისთვის აკეთებს! მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის".