გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - კვირის პალიტრა

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია

"თაზო სეზონურად გუდაურში ინსტრუქტორად მიდიოდა. იქ ყველას უყვარდა, კარგი მოთხილამურე იყო,.. არ მივცემთ არავის უფლებას, ჩვენს ბიჭს ჩირქი მოსცხოს"

17 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა - დაიღუპა 28 წლის თამაზ გორთამაშვილი, მას სამი ტყვია ესროლეს; მძიმედ დაჭრეს მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, რომელსაც მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც. 38 წლის ყოფილ სამხედროს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. კობიაშვილის ადვოკატი მოითხოვს მომხდარს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს. ამ მოთხოვნით კამპანია სოციალურ ქსელშიც დაიწყო.

ტრაგედიის მეორე დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მიმავალ მამაკაცს ჯერ სამი კაცი ესხმის თავს, შემდეგ კიდევ ორი პირი მიდის და ჩხუბში ერთვება. ამ ჩანაწერში მონაწილეთა სახეები არ ჩანს და ჯერჯერობით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, სანამ ძალოვანები ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას არ მოახდენენ.

"ადამიანს აქვს უფლება, თავი დაიცვას"

ტარიელ კაკაბაძე, ბრალდებულის ადვოკატი: "ბრალდებულს სასტიკად სცემეს, სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს. ის ცდილობდა გასცლოდა იქაურობას, მაგრამ არ უშვებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ადამიანს აქვს უფლება, თავი დაიცვას. ბრალდებული ყოფილი სამხედროა, აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, პატრიოტი, რომელიც არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში. მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა - თავი დაიცვა, თავის დასაცავად ისროლა და ამ დროს მოხდა სავალალო რამ. რა თქმა უნდა, აღიარებს, რომ იარაღი ჰქონდა. ისიც დაჭრილია, ისეთი დაზიანებები ჰქონდა, წინასწარი დაკავების იზოლატორმა არ მიიღო. კობიაშვილს დიდხანს მოუწევს მკურნალობა, დაზიანებული აქვს ორივე ხელი, სახის მიდამო, თვალი... მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რამდენჯერმე გაიქცა, ცდილობდა თავის დაცვას, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან ყველა ერთად ურტყამდა, მისდევდნენ და სცემდნენ", - განაცხადა ადვოკატმა.

მეზობლების თქმით, მერაბ კობიაშვილი უკონფლიქტო ადამიანია. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ტურისტებს ემსახურებოდა. ერთი ვერსიით, მას ბარის თანამშრომლებთან ტურისტების გამო მოუხდა კონფლიქტი - ბარის თანამშრომლებს შენიშვნა მისცა, რატომ ახდევინებთ ძვირსო და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მოკლულის მეგობრები.

რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

ჩვენ თაზო გორთამაშვილის სახლში მივედით. ცხედართან განადგურებული დედა იჯდა, დედა, რომელსაც სიმწრით გაზრდილი შვილი მოუკლეს. თაზო 8 თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, ის და მისი ძმები დედამ გაზარდა.

თაზოს მეგობრები სოციალურ ქსელში ატეხილმა ხმაურმა და მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გაანაწყენა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერიდან ამოჭრილი ფრაგმენტით საზოგადოებას მომხდარზე მცდარი წარმოდგენა შეექმნა.

- თაზო ჩვენს სამეგობროში მშვიდობის მტრედი იყო, ყველას გვერდში მდგომი, უკონფლიქტო და ასეთი უპატიოსნესი ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, მკვლელის გამართლება უნდათ. ამას ვერ შევეგუებით. დღეს ჭირისუფლები ვართ, თაზო ჯერ დაკრძალული არა გვყავს და ჩვენი ხმა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მთელი მანქანა აამოქმედეს. მიზანმიმართულად გაავრცელეს ვიდეოფირის ნაწყვეტი, სადაც ჩანს, რომ მკვლელს ურტყამენ. რატომ არ ავრცელებენ მთელ ფირს, რატომ არავის აინტერესებს, რა ხდებოდა მანამდე? რატომ სცემდნენ? თაზოს ღირსება უკვე შეილახა - დამნაშავედ გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ აშველებდა, შეიარაღებულ დამნაშავეს ხელში ჩაუვარდა და სთხოვდა, არ ესროლა იმ ბიჭისთვის, ამ დროს კი მან თაზოს ესროლა. გვჯერა, სიმართლე არ დაიკარგება. როცა ყველა დეტალი გაცხადდება, ბევრს შერცხვება თავისი კომენტარის.

- მაგრამ აჩვენეს ვიდეოფირი, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ისინი თავს ბრალდებულს. რა ინციდენტი უძღოდა ამას წინ? - ამ ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე კობიაშვილმა სასტიკად სცემა 19 წლის ახალგაზრდას. ის ბიჭი კლინიკაშიც იწვა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, კობიაშვილმა ეს დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ორი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ. მოკვლა რომ ნდომოდათ, იქვე არ იყო თავად ბრალდებულის იარაღი? პოლიციას დაელოდნენ, მას ჩააბარეს, გაქცევის უფლება არ მისცეს. ტყუილუბრალოდ არავინ არავის ურტყამს. სიცრუეა, თითქოს ტურისტების გამო მოხდა კონფლიქტი. რატომ არ ამბობენ, როგორ იგინებოდა და როგორ ამბობდა, ლეიბის ნაცვლად იარაღზე მძინავსო.

"ინციდენტი 2 კვირით ადრეც მომხდარა. ნასვამმა კობიაშვილმა უფასოდ მოსთხოვა ბარმენს სასმელი, ახალგაზრდამ კი უარი უთხრა და ამის გამო კობიაშვილმა მას დაუნდობლად სცემა. იმ ბიჭმა დახმარება სთხოვა მეგობრებს და ამიტომ სცემეს კობიაშვილს. გავრცელებულ ვიდეოფირში ჩანს, რომ კობიაშვილი ნაცემი არ არის, მას შემდეგ, რაც თაზო მოკლა და მეორე დაჭრა, მას თვითმხილველები დაესივნენ და მაშინ მიიღო დაზიანებები", - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

"რატომ ესროლა ამდენი ტყვია, თუ თავს დაესხნენ, რატომ არ გამოიძახა პოლიცია?"

მარიამ ლელუაშვილი, მოკლულის ნათესავი: "ვერ იპოვით ერთ კაცსაც, ვინც თაზოზე ცუდს იტყვის. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო. ჩხუბი არასოდეს მოსვლია, არასოდეს ყოფილა ცუდ რამეში გარეული. პატარაობიდან სულ მუშაობდა, შრომობდა, ვერცხლისწყალივით იყო, ერთ ადგილზე ვერ ნახავდით. ამბობდა, როცა ჯან-ღონით სავსე ხარ, ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა იმუშაოო. ბარმენობა ისწავლა, თბილისში სხვადასხვა ბარში, ჩაიხანაში მუშაობდა, სეზონურად კი ეს რამდენიმე წელია გუდაურში ინსტრუქტორად მიდიოდა. იქ ყველას უყვარდა, დიდი სამეგობრო ჰყავდა. კარგი მოთხილამურე იყო, სნოუბორდი უყვარდა. ჩვენი თაზო ერთი კვირის წინ 28 წლის გახდა. ისე ვართ განადგურებული, დეტალების გარკვევის თავი ჯერ არავის აქვს, მაგრამ არ მივცემთ არავის უფლებას, ბიჭს ჩირქი მოსცხოს. ათასი ვერსია ტრიალებს, სინამდვილეში რა მოხდა, მარტო იმათ იციან, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ. თაზოს 3 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. რატომ დადიოდა მკვლელი იარაღით? რატომ ესროლა ამდენი ტყვია, თუ თავს დაესხნენ, რატომ არ გამოიძახა პოლიცია?"

თაზოს მეგობარი გვიამბობს, როგორ ზრუნავდა ის ტურისტებზე: "2019 წელს ბახმაროში დაეხმარა ესპანელ ტურისტებს, რომელთაც ქართველები ახლდნენ - მოუძებნა კარვების გასაშლელი ტერიტორია, საღამოს კი კოცონზე დაპატიჟა, რაც გააჩნდათ, იმით უმასპინძლა ქართველ გიდებსა და ესპანელ ტურისტებს. ასე ექცეოდა ყველას".

"ჩემს ქმარს არავინ მოუკლავს, აიძულეს!"

ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ყაზბეგის სოფელ ყანობის მცხოვრებია, ჰყავს მეუღლე და შვილი. მისი მეუღლე ნატა ქიტესაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს: "თაზოს ფოტოები ვნახე და... მოვკვდი... საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს. თქვენ გგონიათ, მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა! მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი... ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ. ის ბიჭი არ მომკვდარა, გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს... არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი! არა! ჩემი ქმარი მკვლელი არ არის! ჩემს ქმარს არავინ მოუკლავს, აიძულეს! ჩემი ქმარი თავს იცავდა!.. დიახ, არავის აქვს უფლება ვინმეს სიცოცხლე წაართვას, არც ჩემს ქმარს ჰქონდა, მაგრამ აიძულეს".