"ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა" - რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი - კვირის პალიტრა

"ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა" - რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი

ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2-მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ბრალდებულმა წევრმა კობა კოშაძემ სასამართლოში განაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებული დაიკითხა.

კობა კოშაძემ დეტალურად ისაუბრა დაკავების დღეზე. როგორც ის აცხადებს, მას ავტომობილში იარაღი პოლიციელმა "ჩაუდო".

"დაკავების წინა დღეს სოფელში წავედი. მთელი ღამის განმავლობაში ჩემ ნაკვეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, საერთოდ არ მძინებია. შემდეგ ჩემს ავტონანქანაზე დავჯექი და ჩემი შვილის საფლავზე ავედი, ღობე შევღებე, 19 აგვისტოს წლისთავს ველოდებოდი და მინდოდა მომეწესრიგებინა. მეუღლეს დავურეკე, რომ თბილისში შემხვედროდა და 100 ლარი მოეცა, ასევე დავურეკე ხელოსანს. საფლავიდან სახლში გამოვიარე, სოფლის ნობათი ჩავალაგე და თბილისში წავედი, დაახლოებით, 10-ის ნახევარი იქნებოდა. თბილისში შემოსული სამართალდამცავებმა გამაჩერეს და საბუთები მომთხოვეს. უცებ, მოძრაობა შეჩერდა, მომცვივდნენ, ჩხრეკა დამიწყეს. მანქანის კარები გააღეს, ირგვლივ 7-8 მანქანა მაინც იქნებოდა. გავიხედე და იარაღი ხელის მუხრუჭთან ეგდო, ეს ჩემი არაა-მეთქი ვთქვი. პოლიციელ ანდრო ნეფარიძეს ეკეთა მხოლოდ ხელთათმანი, ნახეთ, იარაღიო, დაიწყო ყვირილი. ჩემი არაა და რაც გინდათ გააკეთეთ-მეთქი, ვუთხარი. იარაღი პარკში ჩადეს, არ დაულუქიათ, სხვა მანქანაში პარკი გახსნეს და შიგნით იყურებოდნენ, ათვალიერებდნენ. მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოვაწერე. დარწმუნებული ვარ, იარაღი პოლიციელმა ნეფარიძემ ჩადო, რადგან ხელთათმანები მხოლოდ მას ეკეთა", - განაცხადა კოშაძემ.

მისივე განმარტებით, მას პოლიციის სამმართველოში აღიარებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი, განრიდებას ჰპირდებოდნენ.

"რატომ დამიჭირეთ-მეთქი, - ვკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელს. გაეღიმა, რამდენი ხანია რაც ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობო, მკითხა. 20 ივნისს, მიტინგზე ხომ იყავიო, ესეც მკითხა. რა დავაშავე მერე რომ ვიდექი-მეთქი, ვუთხარი. კარგი, არ გინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუ აღიარებ, განრიდებას გაგიკეთებო, მითხრა. დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როგორც ამბობენ, მაღლიდან იყო ნაბრძანები. პატივცემულო მოსამართლე, ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2 მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავარ, მე იარაღი არ მქონდა. ერთადერთი იმას ვნერვიულობ, ასე უსამართლოდ რომ მომექცნენ. მეგობრის და ოჯახის გამო აგერ ტყვიაც მივიღე. არავინ დამიჩაგრია ცხოვრებაში და მე რატომ უნდა დამჩაგრონ?", -განაცხადა კოშაძემ.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.