"თვითონ.დაურეკავს პოლიციაში" - 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით დახოცა - კვირის პალიტრა

"თვითონ.დაურეკავს პოლიციაში" - 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით დახოცა

თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძინარე, ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაჯახით დახოცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მეზობლების ინფორმაციით, თბილისში, ზოზიაშვილის ქუჩაზე ბებიისა და დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია და მან მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.

"წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ხმამაღლა ლაპარაკიც არ გამიგია. დაახლოებით 7 წელია აქ ცხოვრობენ, თუმცა სახლის მეპატრონე სხვა პირია, ის ამერიკაში ცხოვრობს და სახლი ამ ოჯახს დაუტოვა, რადგან შეეცოდა ესენი, სოფლიდან იყვნენ ჩამოსული, ქირასაც არ იხდიდნენ. ხმაური არ გამიგია, ეძინათ თურმე. ნორმალური ბავშვი იყო. სამი ადამიანი ცხოვრობდა სახლში, დედა, ბებია და თვითონ. პოლიციაში თავად დაურეკავს", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.