"ნიკა განწირული ყვიროდა, - დედა მოვკალიო!" - კვირის პალიტრა

"ნიკა განწირული ყვიროდა, - დედა მოვკალიო!"

25 თებერვალს, ღამის 3 საათი ხდებოდა, როცა პოლიციაში შეტყობინება შევიდა, ახალგაზრდა ძალოვნებს ატყობინებდა, რომ თბილისში, ზაზიაშვილის 25 ნომერში მკვლელობა მოხდა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, სადაც საშინელი სურათი დახვდათ - საძინებელ ოთახში, საწოლში ორი დაჩეხილი ცხედარი ესვენა. ადგილზე იყვნენ გარდაცვლილი 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი 45 წლის წლის ქალიშვილი, თამარ ზაუტაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, მისმა ვაჟმა 19 წლის ნიკა ზაუტაშვილმა მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო ნაჯახით ჩაიდინა, მისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ბიჭი ადგილზე დააკავეს.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, მისი სასოწარკვეთილი ხმა კარგა ხანს ესმოდათ. ის თურმე თავში ხელებს იშენდა და ყვიროდა, - მოვკალი, დედა მოვკალი!.. არადა, მეზობლების მტკიცებით, ოჯახი წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა, მომხდარ ტრაგედიამდე მათი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგიათ.

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები.

"ღამით არანაირი ჩხუბის ხმა არ გამიგია, 3 საათი ხდებოდა, კარზე ზარი რომ გაისმა, პოლიციელები იდგნენ და მეკითხებოდნენ, მეზობლის სახლში მომხდარ მკვლელობაზე რამე ხომ არ იცითო? ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. გაოგნებული ვისმენდი მათგან ამ საშინელ ამბავს. ჩემს სახლში კამერებია დამონტაჟებული და ეს კამერები პოლიციელებმა ჩემთან ერთად დაათვალიერეს. იქ ჩანს, როგორ ამორბის ნიკა, მაისურის ამარა, როგორ აღებს ეზოს კარს და გარბის ქუჩაში. ნიკას გასვლიდან სადღაც 12 წუთში პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

გვითხრეს, რომ თურმე მან დარეკა პოლიციაში, აქვე დააკავეს. კარგა ხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შიგნით, გათენებული იყო ცხედრები ექსპერტიზაზე რომ გადაასვენეს. რა მოხდა, არ ვიცით. ხმაური მართლა არ გაგვიგია, არც სხვა დროს ყოფილა ჩხუბი და აყალმაყალი. მშვიდი ოჯახი ჰქონდათ. ნიკუშა დედისერთა იყო. ძალიან კარგი ადამიანები არიან დახოცილები. ზინაიდა ასაკოვანი ქალი იყო, მაგრამ სულ შრომობდა. სახლის სახურავზეც კი ადიოდა და სახურავს ფოთლებისგან ასუფთავებდა. შეშას აპობდნენ ზინაიდა და მისი ქალიშვილი, სახლში ღუმელი ედგათ. ერთი ნაჯახი ჰქონდათ, რომელიც სულ სახლთან იდო, რადგან შეშის დასამზადებლად სჭირდებოდათ. როგორც ირკვევა, იმ ნაჯახით ჰყავს მძინარეები საწოლში დახოცილი. ეს რატომ ჩაიდინა, არ ვიცი.

ნიკუშამ სკოლა ახლახან დაამთავრა, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ცუდ საქმეში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. დედისერთაა, მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამ ტრაგედიამდე 4 დღით ადრე დედამისმა თამუნამ მე და ერთი მეზობელი ქალი ნოტარიუსში წაგვიყვანა. ნიკას ჯარში უწევდა წასვლა და დედისერთა რომ იყო, ამის დამადასტურებელი საბუთის ხელის მოსაწერად გავყევით. ახლა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. გაოგნებულები ვართ.

სახლი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა მათი ნათესავისაა, ის წლებია ამერიკაში ცხოვრობს და ესენი უვლიდნენ. როგორც ვიცი, ზინაიდა კაჭრეთიდან იყო. მას ერთი შვილი კიდევ ყავს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. 7 წელზე მეტია აქ ცხოვრობენ და მათზე ცუდს ვერცერთი მეზობლისგან ვერ მოისმენთ. საოცრად კარგი ადამიანები იყვნენ. ეტყობა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ბიჭს, თორემ ასეთ საშინელებას ხომ არ ჩაიდენდა", - გვითხრა ზაუტაშვილების კარის მეზობელმა.

მისივე თქმით, ძალიან მორწმუნე ოჯახი ჰქონდათ. ბიჭის დედა ხატმწერი იყო.

"წინა დღეს აქ ეზოში ვხედავდი თამუნას. პატარა ლეკვი მოიყვანეს და ბავშვივით ეფერებოდა. კატებს და ძაღლებს უვლიდნენ. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. იმ ბიჭს ბავშვობიდან ვაკვირდებოდი და ვხედავდი, დიდად კონტაქტური არ იყო. როგორც ვიცი, კომპიუტერზე თამაშობდა სულ, სხვა უცნაურობა არაფერი შემიმჩნევია", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი და არ გამორიცხავს რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ნიკა გულჩათხრობილი ბიჭია: "უძილობა მაწუხებს და ღამით ეზოში გავდივარ ხოლმე. მათი სახლის წინ პატარა ქვა დევს და ბევრჯერ შუა ღამით დამინახავს იმ ქვაზე დამჯდარი ნიკა. ჩაფიქრებული რამდენიმე საათიც კი მჯდარა. კონფლიქტური არ იყო, მაგრამ არც კონტაქტური იყო, თავის თავში ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იმ ღამითაც ხმაურზე გავედი ეზოში. ნელ-ნელა ტერიტორია პოლიცით გაივსო, უკვე აყვანილი ყავდათ ბრალდებული, მისი ღრიალი და განწირული ყვირილი ახლაც ჩამესმის ყურში,- დედა მოვკალიო! რაღაც სიტყვებსაც იძახდა, მაგრამ მანქანაში იჯდა და გარკვევით არ მესმოდა. ნეტავი რამე ხმაური გამეგო, მივეშველებოდი იმ საწყალ ქალებს. სოცრად კარგი ადამიანები იყვნენ".

როგორც მეზობლები ამბობენ, ნიკას შეყვარებულიც ჰყავდა და ხშირად ხედავდნენ ამ გოგოს მათ სახლში. რა მოხდა რეალურად და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. საქმეზე გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, ბრალდებულს ფსიქიური ექსპერტიზაც ჩაუტარდება. როგორც ითქვა, იგი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.