"თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა ამ ადამიანების დახოცვა, მაშინ ჯერ ფეხში არ ესროდა" - რა ვიდეოს აქვეყნებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა ამ ადამიანების დახოცვა, მაშინ ჯერ ფეხში არ ესროდა" - რა ვიდეოს აქვეყნებს ადვოკატი?

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ახალ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ფეხის მიმართულებით და შურისძიებიების მოტივით განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, გასროლა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, ბრალდებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით მოხდა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ნათელს მოფენს მომხდარს. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ ამ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულება არის აბსურდული. დაცვის მხარის პოზიცია კი სრულად შეესაბამება რეალობას. პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ის არის, რომ თითქოს მერაბ კობიაშვილი იმ მიზნით, რომ განახორციელოს მათი ლიკვიდაცია, გულის არეშე ესვრის მათ, ვიდეოში ჩანს, რომ ეს არის ტყუილი. ასევე საუბარი იყო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამაფრთხილებელ გასროლაზე ფეხთან ახლოს, ტყუილი იყო და სინამდვილეში მუცლისა და გულის არეში განხორციელდა პირველი გასროლა. ასევე საუბარი იყო, რომ თითქოს როდესაც მომაკვდინებელი გასროლები განხორციელდა, კობიაშვილი არ ყოფილა თავდაცვის მდგომარეობაში, ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ პირველი გასროლის შემდეგ, როდესაც მის მიმართ ხორციელდება თავდასხმა და მისი ცემა, აღნიშნულის შემდეგ ხორციელდება შემდეგი გასროლები. დასტურდება, რომ სხვა მხარის პოზიცია არ შეესაბამება რეალობას. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კობიაშვილი იმ მიზნით, რომ შური ეძია და მოეკლა ეს ადამიანები, მივიდა მანქანასთან, ამოიღო ირაღი და გაემართა მათ მოსაკლავაად. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა, რომ ეს ადამიანები დაეხოცა, მაშინ თავდაპირველას ფეხში არ ესროდა. ის აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით. ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვინც თავს დაესხმება, ცდილობს წაართვას იარაღი, შემდეგ, როდესაც ხდება ჯაჯგური, ამ დროს ხდება იარაღიდან გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრება მეორე ადამიანი. შემდეგ მიდიან დანარჩენი პირები, რომლებიც თავს ესხმიან კობიაშვილს და ცდილობენ ასევე წაართვან იარაღი. ამავე დროს, ძლიერად ურტყამენ და ცემენ თავი არეში. რამდენიმე პირის მიერ არის წაქცეული, სწორედ ამ დროს ხდება გასროლები, რის შემდეგაც გარდაიცვლება ერთი ადამიანი. ეს არის ტიპური შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს აუცილებელ მოგერიებასთან",- განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?! - გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია