"ბოლო დღეებში ადამიანები ისე შემძულდა, არავის დანახვა არ მინდოდაო" - რა უთხრა ადვოკატს დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულმა? - კვირის პალიტრა

"ბოლო დღეებში ადამიანები ისე შემძულდა, არავის დანახვა არ მინდოდაო" - რა უთხრა ადვოკატს დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულმა?

"ამბობს, დედა სულ მეუბნებოდა, რატომ აღარ გიყვარვარო?.."

სასამართლო დარბაზში 18 წლის მიხეილ (ნიკა) ზაუტაშვილი ბადრაგის თანხლებით შემოიყვანეს, ბიჭმა დარბაზს გადახედა, სადაც მისი რამდენიმე უახლოესი მეგობარი იჯდა. მეგობრები მომხდარს ძალიან განიცდიან. ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ და ვერ აუხსნიათ, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. პირად საუბარში მითხრეს, რომ ნიკა უკონფლიქტო ადამიანი იყო, თუმცა ბოლო ხანს თავის თავში ჩაიკეტა და ყველასთან კონტაქტი გაწყვიტა.

ტრაგედია თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ღამის სამ საათზე ძველი წყენის გამო ახალგაზრდამ მძინარე დედა და ბებია საწოლში ნაჯახით მოკლა. ისიც ცნობილია, რომ ამის შემდეგ პოლიციაში თვითონ დარეკა და ძალოვნების მოსვლას ქუჩაში დაელოდა. ბრალდებულის ინტერესს საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე იცავს. ის დარწმუნებულია, რომ მის დასაცავს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლა გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ბრალდებული მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, ადვოკატი სასამართლო პროცესის დახურვას ითხოვდა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა, მაგრამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"მიხეილ ზაუტაშვილი, დავიბადე 2001 წლის 23 სექტემბერს. ვცხოვრობ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე",- მხოლოდ ეს სიტყვები თქვა პროცესზე ბრალდებულმა, რის მერეც მოსამართლემ თავისი უფლებები განუმარტა. პროკურორ გიორგი ქობულაძეს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია, მან დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას ეთანხმებიან. ამასთან აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ადვოკატი თვლის, რომ დიდი ალბათობით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ეს იყო ის შემთხვევა, როცა დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან, მისი პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უნდა დაინიშნოს ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური, კომპლექსური ექსპერტიზა მისი ფსიქიკური მგდომარეობის განსაზღვრის მიზნით. მაღალი ალბათობით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარე, მის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მთელი ბავშვობის განმავლობაში ძალიან მძიმე პრობლემები ჰქონდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში, სკოლაში. მან რამდენიმე სკოლა გამოიცვალა სწორედ იმის გამო, რომ იმ სკოლებში ბულინგის შემთხვევები იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ გაჩეჩილაძემ.

kvirispalitra.ge-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

თამარ გაჩეჩილაძე:

- ბიჭი უმამოდ გაიზარდა, როგორც თვითონ ამბობს, 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა დედამისი მიატოვეს, მას მამა არასოდეს უნახავს და დედის გვარზე იყო. ბიჭს დედა და ბებია ზრდიდა, მათაც ეკონომიურად ძალიან უჭირდათ, იყო პრობლემები სახლში, ასევე იყო სკოლაში ბულინგის შემთხვევები, ბავშვობაში იყო მსუქანი და ამის გამო თანატოლები დასცინოდნენ. სავარაუდოდ, ამ ყველაფერმა ბავშვობიდან დათრგუნა. როგორც ამბობს, დიდი ზეწოლა იყო მასზე სახლშიც, დედის და ბებიის მხრიდან, - ჩემს აზრს არასოდეს ითვალისწინებდნენ, დედა ყოველთვის ცდილობდა თვითონ წარმოჩენილიყო მართალი და მე ყოველთვის მამტყუნებდაო. მისი თქმით, ნებისმიერ წვრილმანზე ეჩხუბებოდნენ, დედას და ბებიას კი ერთმანეთთანც ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. ასეთ კონფლიქტურ გარემოში გაიზარდა, ამბობს, რომ ფიზიკურად არ ეხებოდნენ, უბრალოდ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო წლების განმავლობაში. მას ჩაგრავდნენ თანატოლებიც, ამ ყველაფერმა, აშკარად, ფსიქიკა დაუმახინჯა...

- როგორც ამბობენ, გულჩათხრობილი ადამიანი იყო და მეზობლებს არ ეკონტაქტებოდა. კარის მეზობელმა ისიც მითხრა, ბევრჯერ მინახავს ღამის 3-4 საათზე ქუჩაში, სახლის წინ ჩაფიქრებული მარტო რომ იჯდაო...

- გულჩათხრობილი ნამდვილად იყო, მითხრა, უკვე იმდენად მაღიზიანებდნენ ადამიანები, მერჩივნა, ჩემთვის ვყოფილიყავი და არავისთან კონტაქტი არ მქონოდაო. დღეების განმავლობაში ოთახში იყო ჩაკეტილი და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა... საკმაოდ ნაკითხი და განათლებული ადამიანია, მუსიკა უყვარს, ფსიქოლოგიურზე უნდოდა ჩაებარებინა და გეგმები ჰქონდა...

- იმ დღეს მათ სახლში კონფლიქტი მოხდა?

- როგორც მითხრა, არანაირი კონფლიქტი იმ დღეს არ ყოფილა. მან უბრალოდ ყველასთან შეწყვიტა ურთიერთობა და ჩაიკეტა თავის თავში. ამბობს, დედა სულ მეუბნებოდა, რატომ აღარ გიყვარვარო. ეტყობა დედა გრძნობდა, რომ დაშორდა შვილი. მათ კითხვებს მხოლოდ იმას ვპასუხობდი, - საერთოდ დამანებეთ თავიო. 4 სკოლა გამოიცვალა. მეორე საჯარო სკოლა, მეოთხე სკოლა, 82 საჯარო სკოლა და ბოლოს კერძო სკოლაში სწავლობდა. მართალია, ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ ეტყობა, იქ არ იყო დიდი გადასახადი. ერთი წელი გაუცდა და ამიტომ 18 წლის ასაკში, მეთორმეტე კლასში სწავლობდა. ფსიქოლოგიურზე ჩაბარება, სავარაუდოდ, იმიტომ უნდოდა, რომ გრძნობდა, თვითონაც რომ პრობლემები ჰქონდა.

- ის ადვილად შემოვიდა თქვენთან კონტაქტში, გულწრფელად საუბრობს თქვენთან?

- ვფიქრობ, ჩემთანაც არ არის ბოლომდე გახსნილი. თავიდან უნდობლობის მომენტი დავიჭირე, მაგრამ მერე გაიხსნა და იმედი მაქვს, უფრო მეტად გაიხსნება. ახლა საქმის გამოძიებისთვის ორი თვეა საჭირო, მე ხშირად შევხვდები მას და ვეცდები მოვუსმინო და მასზე მეტი გავიგო, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა მაინც უნდა თქვან სპეციალისტებმა, ექსპერტებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქიკური პრობლემა აქვს...

- ხომ არ იყო სადმე აღრიცხვაზე, ან ფსიქოტროპული მედიკამენტებით ხომ არ მკურნალობდნენ მას? - არა, არ მკურნალობდა. როგორც მითხრა, დედას ვთხოვე ექიმთან წავეყვანე, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი, მპირდებოდა, მაგრამ არ აკეთებდაო. სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავს, განსაკუთრებით ერთ-ერთს მიეჯაჭვა. ამბობს, ჩემი მეგობარი რომ არ ყოფილიყო, დავიღუპებოდიო, ემადლიერება თანატოლ ბიჭს. ამ ტრაგედიამდე სცადა თვითმკვლელობა, ამბობს, რომ სწორედ მეგობარმა გადაარჩინა. ესეც მეტყველებს მის ფსიქიკურ პრობლემებზე. იმ დღეს მთელი დღე სახლში ვიყავით ოჯახის სამივე წევრიო. კონფლიქტური სიტუაცია არ უძღვოდა წინ მომხდარს.

უამრავი უარყოფითი კომენტარი მოვისმინე, ზოგი ამბობდა დასახვრეტია, უნდა აჩეხოო... ისეთი აგრესია წამოვიდა საზოგადოებისგან, რაც არასწორია. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე? ყველას მინდა მივმართო, ნუ განსჯით ასე მწარედ, როცა არ იცით, როგორია ამ ბიჭის ფსიქიკური მდგომარეობა. ნანობს  მომხდარს, მაგრამ ამბობს იმასაც, ბოლო დღეებში ადამიანები ისე შემძულდა, არავის დანახვა არ მინდოდაო.

ძალიან ჩაიკეტა თავის თავში და ეს საშინელებაც მოხდა. ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას.

რა მითხრა იცით, იყო მომენტები როდესაც ვიჯექი გათიშული, რაღაცას მეკითხებოდნენ, მაგრამ სადღაც სხვაგან ვიყავი, არაფერი მესმოდა, თუ მოაღწევდა მათი ლაპარაკი ჩემამდე, პასუხის გაცემის თავი აღარ მქონდაო.

- როგორც ვიცი შეყვარებულიც ჰყავდა, მეგობრობდა ბიჭებთანაც. მაინც რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ეს დანაშაული ჩაადენინა?

- მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ამან უმტყუნა. ჩემთვის ჩემი ოჯახი უკვე იყო სანდრო, ცოტნე და მარი, ჩემი ოჯახი აღარ იყო ჩემთვის  თავშესაფარი, ეს იყო ჩემთვის აგრესიის ადგილი, სადაც ყოველდღე მესმოდა ჩხუბი, კამათი და დავიღალეო. კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. სახლიდან ამოღებულია მისი ნახატები - ეშმაკის გამოსახულებებს და შემაშინებელ რაღაცეებს ხატავდა, ეს ერთვის საქმეს. მას ხელზეც ჰქონდა ამოტვიფრული სვირინგი, რომ ვკითხე რატომ ჰქონდა, მითხრა, ჩემს ერთ მეგობარს ჰქონდა, ის გარდაიცვალა და მერე გადმოვიტანე ჩემს ხელზეო. ჩემი აზრით, ეშმაკია გამოსახული, თვითონ კი ამბობს, რომ ეს არის იმედის იაპონური სიმბოლო...

- ამბობთ, რომ ის კომპიუტერზე თამაშობდა ხშირად, რაიმე თამაშს ხომ არ უკავშირდება მომხდარი?

- არ ვიცი, როდესაც ვკითხე, - ხომ არ იყავი რაიმე სექტანტურ დაჯგუფებაში გაწევრებული-მეთქი, კატეგორიულად უარყო. ალბათ ფსიქიატრები და ფსიქოლოგებიც შეისწავლიან მის ნახატებსაც. ვფიქრობ, ბოლომდე არ არის გახსნილი ჩემთანაც. ჰყავდა ვირტუალური მეგობრები და იმათ ეკონტაქტებოდა, რეალურ ადამიანებზე მეტად. თვითონაც ხვდებოდა, რომ პრობლემები ჰქონდა.

იხილეთ ასევე: "ნიკა განწირული ყვიროდა, - დედა მოვკალიო!"